წინადადების მოდალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინადადების მოდალობა – განისაზღვრება მთქმელის დამოკიდებულებით გამონათქვამებისადმი, ანუ წინადადებაში ვლინდება ნათქვამის მიმართება სინამდვილესთან. წინადადების მოდალობის გამოხატვის ენობრივი საშუალებებია: ზმნის კილოს ფორმა, ინტონაცია, მოდალური სიტყვები და ნაწილაკები, წინადადების კონსტრუქცია. ტრადიციულად, მოდალობის მიხედვით განასხვავებენ წინადადებათა სამ ტიპს – თხრობითს, კითხვითსა და ბრძანებითს. რამდენადაც ნათქვამი ასახავს მთქმელის ემოციას, დამატებით გამოიყოფა ძახილისა და კითხვა-ძახილის წინადადებები.

წინადადების მოდალობა გულისხმობს ნათქვამის მიმართებას სინამდვილესთან, რაც წინადადებაში სხვადასხვა საშუალებით გადმოიცემა. ამ მხრივ გამოიყოფა სხვადასხვა ტიპის წინადადება. გამონათქვამით შეიძლება გამოხატული იყოს უეჭველობა, უტყუარობა, რისიმე დადასტურება, მთქმელის ვარაუდი, შესაძლებლობა, არარეალურობა, სასურველობა (ალბათ, წავიდა, ეს ამბავი, იქნება, არც კი გაუგია), მთქმელის ნება-სურვილი (ბრძანებით წინადადებაში შეიძლება გამოიხატოს არა მარტო ბრძანება, არამედ თხოვნა, რჩევა, გაფრთხილება, მოწოდება, წაქეზება-გამხნევება, ხვეწნა-მუდარა, დალოცვა, წყევლა-კრულვა, მიწვევა-მიპატიჟება, მისალმება.-); ძახილის წინადადებას მთქმელის დიდი გრძნობა ახლავს. იგი შეიძლება გამოხატავდეს კმაყოფილებას, სიხარულს, აღტაცებას, მოწონებას („ვიშ, რა კარგია, რა ლამაზია პატარა ია!“), ნატვრას, სურვილს (ახ, ნეტავ მალე გათენდეს!), გაკვირვებას, გაოცებას, დანანებას, სიბრალულს, დაცინვას, ნიშნის მოგებას, აღშფოთებას, ზიზღს, მწუხარებას, გულისტკივილს, შიშს… თუ წინადადება კითხვასაც გამოხატავს, იგი კითხვა-ძახილის წინადადებაა. წინადადების ბოლოს ორი ნიშანი დაისმის (?!) და მისი ინტონაცია რთულია – კითხვით-ძახილისა (ლ. კვაჭაძე).

წინადადების მოდალობა შეიძლება გამოიხატოს არა მარტო მარტივი წინადადებით, არამედ ჰიპოტაქსითაც.

ცნობილია, რომ ჰიპოტაქსურ კონსტრუქციაში დამოკიდებული წინადადება ამა თუ იმ წევრის გაფართოებული სახეა და მის სინტაქსურ ფუნქციას ასრულებს. დამოკიდებულ წინადადებათა სახელწოდებაც მეტწილად წინადადების წევრთა სახელებისგან არის ნაწარმოები (ლ. კვაჭაძე). ამათგან ცალკე სახედ გამოყოფენ შედეგობით, პირობით, დათმობით და მთავრის მიმართ დამოკიდებულ წინადადებებს და მათ „სხვა სახის დამოკიდებულ წინადადებებს“ უწოდებენ. ამ რიგის წინადადებები მოჰყვება ქვემდებარულ, დამატებით, განსაზღვრებით და გარემოებით წინადადებათა განხილვას. მაგრამ მათ შორის არსებითი სხვაობაა როგორც ფუნქციურად, ისე სტრუქტურულად. ამ სახის წინადადებებს შესაბამისი წევრი არ გააჩნიათ მთავარ წინადადებაში, სამაგიეროდ, მათი მეშვეობით მკვეთრად გამოიხატება მოდალობა, ანუ მთქმელის დამოკიდებულება გამონათქვამისადმი.

ჰიპოტაქსური კონსტრუქციით შეიძლება გადმოიცეს მთქმელის სხვადასხვა დამოკიდებულება რეალობის მიმართ. ეს დამოკიდებულება განაწილებულია რთული წინადადების შემადგენელ ნაწილებში:

პირობითი დამოკიდებული წინადადება გადმოგვცემს პირობას, რომელზედაც არის დამოკიდებული იმის შესრულება, რაც მთავარ წინადადებაშია ნათქვამი; დამოკიდებულ წინადადებაში პირობაა დასახელებული, მთავარში კი – შედეგი. ამგვარ წინადადებას პირობით-შედეგობითსაც უწოდებენ („კოღოც კი წააქცევს ცხენს, თუ დიდი მგელი მიეშველება'“, ანდ.).

შედეგობითი წინადადების დამოკიდებულ წინადადებაში ნაჩვენებია შედეგი იმისა, რაც მთავარ წინადადებაშია ნათქვამი, განსაზღვრულია ადგილიც – პირველ ადგილზე ყოველთვის მთავარი წინადადებაა, მეორეზე – დამოკიდებული. აქვს საკუთარი მაკავშირებელი საშუალებები: ასე რომ, რის გამოც.

დათმობით წინადადებაში გამორჩეულად ჩანს მთქმელის პოზიცია: მასში გადმოცემულია ისეთი ამბავი, რომელიც არაა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც ხდება. ამ კონსტრუქციის ნიშანდობლივ თავისებურებად მიჩნეულია გამორიცხულობა, რაც ამ ტიპის წინადადების სემანტიკურ ბუნებას ავლენს. ამ რიგის წინადადებებს გამორიცხვითიც ეწოდება (შ. ძიძიგური) და ჩათვლილია პარატაქსულ-ჰიპოტაქსურ კონსტრუქციისად (თუმცა ავად ვარ, მაინც მივდივარ სანადიროდ).

ჰიპოტაქსით გამოხატულ მოდალურ წინადადებათა რიგში დგება ქვემოიმერულ დიალექტში გამოვლენილი თავისებური სახის წინადადება, რომელსაც სპეციალური საკავშირებელი საშუალება აქვს – ესაა კავშირი წევე. მთავარი წინადადებით გამოხატულია რაიმე გრძნობა-განცდა, ხოლო დამოკიდებული წინადადება „წევე“ კავშირით იწყება და მისით ახსნილია პირველ ნაწილში გადმოცემული დამოკიდებულება. წინადადების ნაწილებს შორის აზრობრივად ახსნა-განმარტებითი მიმართებაა და იქმნება ახსნითი წინადადების სახე. ამგვარი კონსტრუქცია არ არის დამახასიათებელი სალიტერატურო ქართულისათვის. „წევე“ კავშირიანი წინადადების მახასიათებელია ისიც, რომ დამოკიდებულ წინადადებაში შეიძლება გამოყენებული იყოს უარყოფითობის (არ) ან დადასტურებითობის (კი / ქე) ნაწილაკი, მაგრამ წინადადება ორივე შემთხვევაში საპირისპირო შინაარსს გულისხმობს (არ ნაწილაკიანი კონსტრუქცია წართქმით აზრს გულისხმობს, კი / ქე ნაწილაკიანი კი – უკუთქმით აზრს: „კი არ დეიჯერებს რამეს, წევე ქეა ჭკუიანი“ (ე. ი. არაა ჭკვიანი); „კიდო გაცივდება ახლა ე ბაღანე, წევე ავათ არ იყოს“ (ე. ი. ავადაა).

ამ კონსტრუქციის წინადადებით შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა მოდალობა: დანანება („ტყუილა დამათლოვია ვაშლი, წევე ქე შეჭამს“), შეშფოთება („რაცხა არ მოუვიდეს ი ბაღანას იქინე, წევე ქე ყავს მის პატრონს მეტი), ვარაუდი („ტყუილა ქპირდებოდა, წევე ქე გააკეთებდა რამეს“), წუხილი („უნდა გადავაქციო ახლა ე წყალი, წევე ქეა წყალი“), შიში („გამოი ბიჯო, აქით, გამომიტეხავმა კრანს, წევე ქე იშონება რამე“), ბრძანება („დეიძინე, გო, დეიძინე, წევე აკეთებდე რამეს!“).

ნ. შარაშენიძე


ლიტერატურა

  • ძიძიგური შ. ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისათვის, თბ., 1959;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ. 1966;
  • შარაშენიძე ნ. წევე კავშირიანი ერთი თავისებური სახის წინადადებისათვის ქვემოიმერულში. – „საენათმეცნიერო ძიებანი“, IV, თბ. 1995.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები