წუნდისა და ვანის ქვაბთა წარწერები იჩქით გურგენის ძისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წუნდისა და ვანის ქვაბთა წარწერები იჩქით გურგენის ძისა – ქვაზე ამოკვეთილი სამი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელთაგან ერთი ჩასმულია წუნდის ეკლესიის (ასპინძის რ-ნი) დასავლეთის კედელში, ძველადვე ამოშენებული შესავლელის არქიტრავზე, ხოლო ორი აღმოჩნდა ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრებისას 1965 (გ. გაფრინდაშვილი).

წუნდის წარწერა ადრევე იყო ცნობილი – პირველად იგი მ. ბროსემ გამოსცა (1850), მაგრამ ქრონოლოგიურად შინაარსის მიხედვით მას წინ უსწრებს ვანის ქვაბებში აღმოჩენილი წარწერები. პირველი წარწერის ტექსტი ასეთია:

„ესე არს სამკვიდრებელი ჩუენ-გურგენათი. მე, იჩქითმან აღვაშენე; შეგვინდენ ეს ღმერთმან”. ტექსტიდან ჩანს, რომ ვანის ქვაბთა მონასტრის ის ეკლესია, რომელსაც ეს წარწერა ეკუთვნოდა, გურგენათ, ანუ გურგენისძეთა სამარხავი („სამკვიდრებელი“) ყოფილა და იგი ვინმე იჩქითს აუშენებია. სხვა ორ წარწერაში იჩქითი თავის თავს უკვე გურგენისძედ მოიხსენიებს. ამასთანავე, იქვე აღმოჩენილი მეორე, შედარებით ვრცელი, წარწერა ზუსტ ქრონოლოგიურ მონაცემსაც შეიცავს:

„† იესუ ქრისტე, ადიდე ორთავე შინა სუფევათა მეფეთა მეფე და დედოფალი თამარ, რომლისა ზე მე, იჩქითმან გურგენისძემან აღვაშენე კედელი ესე და დავუასუენენ ხატნი: მაცხოვრისაჲ , ღმრთის მშობლისაჲ, ნათლისმცემლისაჲ და ჯუარი წმიდისა სჳმეონისი; ვინცა ილოცვიდეთ, მეცა მომიჴსენეთ“.

მესამე წარწერის ტექსტი, რომელიც წუნდის ეკლესიაზეა მოთავსებული, ასეთია:

„† სახელითა ღმრთისაჲთა. მე, იჩქითმან გურგენისძემან აღვაშენე ეკლესიაი ესე, მამული ჩუენი, სახელსა ზედა წმიდისა ნათლისმცემლისასა, სალოცველად ჩემთჳს და მშობელთა ჩემთათჳს“.

მაშასადამე, წარწერების მიხედვით, იჩქით გურგენისძე თამარ მეფის დროინდელი, ე. ი. XII ს. მიწურულისა და XIII ს. დამდეგის მოღვაწეა. ვანის ქვაბები მისი მიდამოებით იჩქით გურგენისძის სამამულო სამფლობელო და სამკვიდრებელი ყოფილა. არ არის გამორიცხული, რომ იგი ვანის ქვაბების მოპირდაპირედ მტკვრის მეორე ნაპირზე მდებარე თმოგვის ციხე-ქალაქსაც ფლობდა იმ დროს, თუმცა, ვანის ქვაბები და თავისი სამფლობელო მას მალევე დაუკარგავს. ვანის ქვაბებში აღმოჩნდა 1204 კიდევ ერთი წარწერა, რომლის მიხედვითაც, იჩქით გურგენისძის მსგავსად, ვანის ქვაბთა მონასტერს კედელს უკვე მეფის მოხელე ვაზირი ანტონ ჭყონდიდელი უშენებს.

„† ქრისტე, [ადიდე ორ]თავე შინა სუ[ფევათა მეფეთა მეფ]ე და დედოფალი თამარ. წელსა მეფობისა მათისასა კ ანტონ ჭყონდიდელისა მიერ აღეშენა ზღუდე ესე; შეუნდვენ ღმერთმან“. რადგან ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან სამეფო მონასტრები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის სამეურვეო იყო, ცხადია, რომ ვანის ქვაბები 1204-თვის სამეფო საკუთრებაში გადასულა.

იჩქით გურგენისძეს იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრისათვისაც გაუწევია სამსახური – გაუცია შეწირულება. მონასტრის სააღაპე წიგნში, 24 ნოემბრისათვის, მისი მოსახსენებელია ჩაწერილი.

იჩქით გურგენისძის სამი წარწერა ნიმუშია XII- XIII სს. ქართველ ფეოდალთა მემორიალური და საამშენებლო წარწერებისა.

ვ. სილოგავა



ლიტერატურა

  • მეტრეველი ე. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ. 1962;
  • გაფრინდაშვილი გ. ვანის ქვაბის განძი. – „ძეგლის მეგობარი“. 1966. №6;
  • სილოგავა ვ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიული ძეგლები, ახალციხე. 2000.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები