ხევსურული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხევსურულიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის – ხევსურეთის მოსახლეობა.

ხევსურეთს კავკასიონის ქედი ორად ყოფს: პირაქეთა (ბუდე ხევსურეთი) და კავკასიონის გადაღმა მდებარე პირიქითა ხევსურეთად, რომელიც, თავის მხრივ, მაღალი მთებით გამიჯნულ ორ ხეობად იყოფა: აღმოსავლეთით მდინარე არღუნის სათავეებში განსახლებულ შატილისა და მიღმახევის თემებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან მთიელი ჩაჩნები, ანუ ქისტები, დასავლეთით კი მდინარე ასას სათავეებში მცხოვრებ არხოტის თემის ხევსურებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან მთიელი ინგუშები, ანუ ღილღველები (ღლილვები). მთლიანად ხევსურეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებიან თუშები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ფშაველები, ხოლო დასავლეთით – მოხევეები და მთიულ-გუდამაყრელები. ხევსურები ახლა ცხოვრობენ დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და გარდაბნის რ-ნებშიც.

ენობრივად ხევსურული ყველაზე უფრო ახლოა თუშურ, მოხეურ და ფშაურ დიალექტებთან და მათთან ერთად ქმნის ქართული ენის დიალექტთა ე. წ ფხოურ ჯგუფს (ა. შანიძე). სხვა ქართული დიალექტებისაგან გამოირჩევა არქაიზმების სიმრავლით, რაც მისი გარემოზღუდულობით უნდა აიხსნას. ხევსურულში ა. შანიძე გამოყოფს არხოტულ და შატილურ-მიღმახეურ კილოკავებს, რაც ამ კილოკავებში ზოგ ფონეტიკურ პროცესს, ინტონაციისა და მეტყველების ტემბრის განსხვავებულობას ემყარება.

პირაქეთულ-არხოტულში შატილურ-მიღმახეური ვარ || ვარი-ს ნაცვლად იხმარება ორ: შემასმენელი ენკლიტიკად მიერთვის სახელს: კაც-ორ, დღეი-ას… შატილურ-მიღმახეურში ეს პროცესები გამორიცხულია, თუმცა მეშველი ზმნის სრულიად დაკარგვა და მის სანაცვლოდ სახელის ი-ზე მეშველი ზმნის საკომპენსაციოდ მახვილის დასმა ყველა კილოკავში ერთნაირად ხდება (III პირის ორსავე რიცხვში): კაცი || კაცნი, დღეი || დღენი.

სარჩევი

ფონეტიკა

ხევსურულისათვის თავისებურად მიჩნეულია:

ფონოლოგიაში: ფონემა ჴ-ს არსებობა; ფონეტიკაში: ფართოდ გავრცელებული ბოლომოკვეცილი ფორმები, კერძოდ, ზმებში: მავი („მოვიდა“), მი („მინდა“) – აუსლაუტში დარჩენილ ხმოვანზე ხმის აწევა, რაც დაკარგული ბგერისა თუ მარცვლის კომპენსაციაა; ხმოვნის მომდევნოდ სხვათა სიტყვის ო-ს დავიწროება: დაიჭირეე, სახლიე… ; და კავშირის ენკლიტიკად მირთვა წინა სიტყვასთან და ა ხმოვნის დაკარგვა: კაცი-დ; ხში-რად თანხმოვანი დ-ც იკარგება და მეტყველებისას ერთგვარი დაყოვნება ხდება; დამახასიათებელია სონორიან თანხმოვანთკომპლექსში ი ხმოვნის გაჩენა: თირთოლი („თრთოლა“), კირკილი (ძვ. „კრკილი ხმელთ ხორცთ მჭამელი ჭუა“ (საბა) და მისთ. ხშირია (როგორც სიტყვის თავში, ისე ბოლოში) ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია: -ვა> -ო: სცვავ> სცოვ („აცვია“) .-ვე> -ო: ქვეოდ – ქოოდ („მთლად“); -ო> -ვა (არხოტულ კილოკავში): არხოტი – არხვატი; -ვე და -მე ნაწილაკებს ეკვეცებათ -ე ხმოვანი: ჩვენავე – ჩეენავ; ვინამე – ვინამ …; აუსლაუტში აორისტის ე ვიწროვდება (ი-დ იქცევა) ან ზოგჯერ იკარგება: მივეგებე – მივეგები – მივე-გებ.

მორფოლოგია

მორფოლოგიაში: სახელობითი ბრუნვის ნიშანი ხმოვანფუძიან სახელებსაც ერთვის: მამა-ი, სხვა-ი…; ხშირად თანხმოვანფუძიან სახელებთან ეს ნიშანი ვიწროვდება და იკარგება: დები ხყავ – დებ ხყავ. რაიმე ელემენტის დართვისას ი აღდგება: დებ-ი-ც ხყავ. ასევე იკარგება მოთხრობითის -მა ფორმანტის -ა: ამხანაგებ-მ, რომელიც ბოლო პოზიციის დაკარგვისას აღდგება: ამხანაგებმა-ც: მიცემითში დასმული თანხმოვანფუძიანი სიტყვა ადგილისა და დროის გარემოების ფუნქციით, როგორც წესი, მიცემითის ნიშანს არ ირთავს: ქალაქ მივა… თანხმოვანფუძიანი სახელი მიცემითის ნიშანს დაირთავს, როცა იგი მსაზღვრელია, მაგრამ საზღვრული აკლია: ჩვენ-ს წავიდათ (ჩვენს სახლში წავიდეთ). ადგილისა და დროის გარემოება ნანათესაობითარი მიცემითითაც აღინიშნება: მთისა-ს, დედულ-თ-ა-ს: მიცემითი ბრუნვა ვითარების გარემოებასაც გამოხატავს: მზას იყვენით. -თვის თანდებულიანი ფორმის ნაცვლად იხმარება ნათესაობით-ვითარებითი… მოქმედებითი გამოიყენება გამოსვლითის ფუნქციითაც: მთ-ით (მთ-იდან); ამავე ფუნქციით იხმარება ნანათესაობითარი მოქმედებითიც: ქარქაშთ-ით. ვითარებითის -ად ფორმანტის -დ ძალიან ხშირად იკარგება და რჩება მხოლოდ -ა ან -დ: შენ-დ („შენთვის“). ვითარებითი ცელის -ში თანდებულიან ადგილის გარემოებას: ბარ-ად („ბარში“). რაოდენობის და რიცხვის შინაარსის მქონე ადგილის გარემოებებში -გან თანდებულს ცვლის -კან: სხვა-კან. -გან თანდებულის ვარიანტები -გეს || -გე დროის მნიშვნელობის მქონე სიტყვებს ერთვის და დროის გარემოებებს ქმნის: აწ-იდ-გე (ს) („ამის შემდეგ“). თანდებულიანი ფორმები რთულდება ბრუნვის ნიშნით და სხვა თანდებულებითაც: მთა-ჩიგ-ურ ქერი („მთაში მოყვანილი ქერი”).

მრავლობითის -ნ, -თ(ა) სუფიქსები უსულო საგნების ერთი ეგზემპლარის გასაფორმებლადაც იხმარება: ქვა-ნ-ი: („ქვა“)… ეს სუფიქსები ცალკეული ოჯახის, ხოლო ზოგჯერ ნათესავ ოჯახთა შტო-გვარის აღსანიშნავადაც გამოიყენება.

ზმნაში დასტურდება II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა შემდეგი ფონეტიკური ვარიანტები: ტ, დ, თ, წ. ძ, ც, ჭ, ჯ, ჩ თანხმოვნების წინ არის ს, რომელიც დ, ძ თანხმოვანთა წინ იქცევა ზ-დ, ჯ-ს წინ – ჟ-დ, ჭ-ს წინ – შ-დ. ყრუ პ, ფ, კ, ყ, ấ თანხმოვანთა წინ არის ჰ>; ხ; ბ, ვ, მ, გ, ნ, ლ, რ მჟღერების წინ – ჰ>ღ.

ხევსურულში დაცულია უძველესი მადა შა- ზმნისწინები, რომელთა ადგილსაც ნელ-ნელა იკავებს ახალი მოდა შე-. რიგ შემთხვევაში იკარგება ქცევის სათავისო (ი) და სასხვისო (უ) ნიშნები: ხ-კვირს; მხოლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის ნიშანი (ს) არ იკარგება მრავლობითის თ-ს წინ: გაძლევ-ს-თ, გაშინებ-ს-თ…

ძველის გადმონაშთია უთემისნიშნო ზმნები: ლოკს-ს, ნაყ-ს… აგრეთვე: -ავ,-ამ თემისნიშანთა ხმოვანმონაცვლეობა პირაქეთულ კილოკავში: ხნ-ავე-ს – ხნ-ევ-დ-ა, იცვ-ამ-ს – იცვ-ემ-და.

ძველქართულისებრია სუბიექტური პირის ნიშანი III პირის მრავლობითში: ადგ-ეს წავიდ-ეს… ზოგი ზმნის წარმოება: წასწით-ო-ი-ს („წითელ ფერს იცემს“). ძველია აგრეთვე წარმოება ზმნისა: დგებ-ი-ს, კვდებ-ი-ს…

კავშირებითის წარმოება გაერთფეროვნებულია – ყოველგვარ ზმნას -ა ფორმანტი ერთვის: ჩეჩ-ა-ს, ჩეჩდ-ა-ს. თხრობითი კილოს აწმყოსა და წყვეტილის გასარჩევად კი იხმარება კავშირი რომ || რო. მრავლობითის თ-ს წინ -ა ისევ აღდგება: ე-ჩეჩ-ა-თ, ე-ჩეჩდ-ათ… III კავშირებითი იშვიათად გვხვდება.

ძველქართულისებურია ხოლმეობითის წარმოება, ოღონდ I ხოლმეობითში I და II პირის ფორმების ი ნიშანი გართულებულია -დ ფორმანტით: ვაკეთ-ი-დ-Ii tavze xazjt.PNG, აკეთ-ი- დ-Ii tavze xazjt.PNG, აკეთ-ი-ს; ვაკეთებ-დ-ი-დ-Ii tavze xazjt.PNG.

III პირის მხოლობით რიცხვში დასტურდება, ძველ ქართულშიც იშვიათად ხმარებული III ხოლმეობითი: ეთქვ-ი-ს, ეკვეხინ-ი-ს…, რომელსაც უნახაობა თურმეობითისა აქვს, მრავალგზისობა – ხოლმეობითის.

II სერიის ზმნათა წარმოებაც უნიფიცირებულია: მაწარმოებელია -ავე სუფიქსი < ავ-ი-ს: აუღ-ავ(-ი-ს), უწოვ-ავ(-ი-ს) („აუღია“, „უწოვია“). შატილურ-მიღმახეურში -ამ თემისნიშნიან ზმნებსაც ერთვის - ავ(-ი-ს) სუფიქსი, რის შედეგადაც -ამ ფორმანტის -ა იკუმშება: აუსხ-მ-ავ(-ი-ს) („აუსხია“). ასევე იწარმოება სტატიკური ვნებითები. სხვა ტიპის სტატიკური ზმნების წარმოება ძვ. ქართულისას მისდევს: სწყურ-ი-ს, უხარ-ი-ს.

ზმნათა ერთი წყების თურმეობითის III პირის ფორმებს ერთვის „არის“ მეშველი ზმნის ნაშთი -ას, რომელსაც ჯერ -ს სცილდება, შედეგ კი ა-ც: ამდგარ-ას ) ამდგარ-ა ) ამ-დგარ; შატილურ-მიღმახეურში აქა-იქ ამოსავალი ფორმაც დასტურდება: წასულ-არის.

ორვალენტიანი გარდაუვალი ზმნების I თურმეობითი და სტატიკური ენებითები -ივ სუფიქსს დაირთავენ, რომელიც პირაქეთულ-არხოტულში იმავე -ას ფორმანტით არის გართულებული: მასჩვენებ-ივ-ას („მოსჩვენებია“). II თურმეობითიც მეშველი ზმნით იწარმოება: სძინებ-იყვ(ა) („სძინებოდა“).

უნიფიცირებულია აგრეთვე კაუზატივის წარმოება – იწარმოება -ევ. -ივ ფორმანტით და ამით აგრძელებს ძვ. ქართულის ტრადიციას: ა-ხვნ-ევ-ს („ახვნევინებს“); ხმოვნის წინ -ე ხშირად იკარგება, თუმცა თანხმოვნის წინ კვლავ აღდგება: ა-შლევ-ი-ა, მაგრამ: ა-შლ-ევ-ივ-ნ-ა.

ძველქართულისეულია კითხვითი ნაწილაკი -ა: ხარ-ა? („ხარ?“), მავიდეს-ა? („მოვიდნენ“?).

გვაქვს ნაწილაკი „ქვე“, რომლის სემანტიკაც რაჭული „ქვე“-ს და იმერული „ქე“-ს სემანტიკას ჰგავს. სხვათა სიტყვის ო-ს დავიწროებული ვარიანტი -ვ სათანადო კონტექსტში წინადადების წევრთა დიდ ნაწილს ერთვის: „წინ-წინა-ავ – თქვისავ ხოგაის მინდიმა-ვ – მავ-ლიესე-ვ აისეთაიე“.

თავისებურია მიმთითებელი შერწყმული ნაწილაკები: აის (← აი, ის), აიმას (← აი, იმას), ეემას, აემას (← აი, ამას), ააქ (← აი, აქ.), აიქ (← აი, იქ,), აისრ (← აი, ისრე)…

თვლა ასის შემდეგაც ოცობითია: ექვსოცი, შვიდოცი… ათასის შემდეგ ასობითი: თერთმეტასი, თორმეტასი.

მასდარი დონიანი ენებითიდან იწარმოება: ასძრახ-დ-ა („დაელაპარაკა“) – აძრახ-დ-ომ-ა, გაფ-რინ-დ-ა – გაფრინდ-ომ-ა („გაფრენა“).

ხშირად გამოიყენება ცირკუმფიქსები: მ–ე: მ-ღ-ე („ღია“); მა–ე: მა-ცნ-ე; მა–ურ: მა-ნატ-ურ-ი („მნატრებელი“); მ–ო ) მა–ო: გა-მ-ძღ-ო („გამძღოლი); მა–არ: მა-სმინ-არ-ი („მსმენელი“); მე–ე: მე-კვლ-ე: მ-ი-არ-ე: მ-წუხ-ი-არ-ე („მძიმე ავადმყოფი“); მე–ი: მე-სხ-ნ-ი („მთვარეს შემოჯარული შავი ღრუბლები“); სა-ურ: სა-ხნა-ურ-ი („სახნავი მიწა“); სა-ი-ელ: სა-ხვნ-ი-ელ-ი („გუთანი“); სა-ო: გა-სა-თა-ო („გასათავებელი“; ნა–ელ: ნა-მუშა-ელ-ი („ნამუშევარი“); ნა–არ: ნა-ცოდინ-არ-ი („ნაცოდნი“):სა–ოლ: სა-გდ-ოლ-ა („კარსუკან გაყრილი კეტი”); უ–ო: გა-უ-გონ-ო („არგამგონე, ჯიუტი”); დაუ-ჯერ-ო („ვინც არ უჯერებს, არ ემორჩილება”).

მიმღეობიდან სა–ო ცირკუმფიქსით იწარმოება ახალი მიმღეობა: მ-წყალობ-ელ-ი – სა-მწყა-ლობ-ლ-ო („წყალობის მიმცემი“); ამ ცირკუმფიქსით გაფორმებული სახელი ვითარებით ბრუნვაში აღნიშნავს მიმართულებას: სა-თავქვა-ოდ („თავქვა, ქვევითკენ წასასვლელად”).

ხევსურულში გავრცელებული -იონ სუფიქსი წარმომავლობას, რაიმე ხელობას ან დანიშნულებას აღნიშნავს: შატილი – შატილ-იონი-ი („შატილელი”), დროშა – დროშ-იონ-ნი („მედროშენი“).

სუფიქსი -ონ-ა ფერის ოდნაობას გამოხატავს: ლურჯ-ონ-ა (მოლურჯო). კნინობითის მთავარი გამომხატველი არის -ა, რომელსაც წინ სხვადასხვა სუფიქსები უძღვის:ცოტ-ინ-იკ-ა („პატარა“), ძაღლ-იკ-ა, დათ-უნ-ა და მისთ.

სინტაქსი

სინტაქსური თავისებურებებიდან აღსანიშნავია: მართული ნართანიანი მსაზღვრელ-საზღვრული რიცხვში შეთანხმებულია მხოლოდ პოსტპოზიციის შემთხვევაში: ჩარდახ-ნ-ი ქვიტკირისა-ნ-ი. თუ მსაზღვრელი რიცხვითი სახელია, რიცხვში შეთანხმება ხდება პრეპოზიციური წყობისასაც: სამ-ნ ძმა-ნ-ი. ატრიბუტული მსაზღვრელ-საზღვრული რიცხვში ორსავე პოზიციაში შეთანხმებულია: მაღალ-ნ-ი ციხე-ნი და ციხე-ნი მა-ღალ-ნ-ი; თავისებურია მიცემითსა და სახელობითში დასმულ ობიექტთა შეთანხმება რიცხვში: როგორც ნართანიანი, ისე -ებიანი მრავლობითის მიცემითში დასმული ფორმები მხოლოდ I-II პირში ეთანხმებიან ზმნას: გვ-ი-ხარ-ი-ს, გ-ი-ხარ-ი-ს-თ. ასეთივე ვითარებაა III სერიის ფორმებში. სახელობითში დასმული ობიექტი კი ზმნას ყველა სერიასა და მწკრივში ითანხმებს, როგორც ეს ძველ ქართულში ხდებოდა. შეუთანხმებლობის შემთხვევები –ებ-იან მრავლობითში გვხვდება.

-მც(ა) ნაწილაკი თხრობითი კილოს ფორმასთან შეწყობილ სახელს ერთვის და ზმნას კავშირებითის მნიშვნელობას აძლევს: ღმერთი-მც აგაშენებთს („აგაშენოთ ღმერთმა“!)

გრამატიკული თავისებურებებით გამოირჩევა ხევსურული პოეზია; გამორჩეულია ხევსურული მდიდარი და მრავალფეროვანი ლექსიკითაც. ფრაზეოლოგიზმების, შედარება-ეპითეტებისა და სხვა პოეტური ფორმულების სიუხვეს განაპირობებს მაღალი რანგის მრავალფეროვანი პოეზია, მითოლოგიური გადმოცემები, ანდრეზები (ისტორიული ამბები და შეგონებები) და სხვ.

ალ. ჭინჭარაული

ლიტერატურა

  • გაბუური ბ, ხევსურული მასალები. – «ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული», I-II, ტფ. 1925;
  • შანიძე ა. ქართული ხალხური პოეზია, I. ხევსურული, თბ., 1931;
  • ჭინჭარაული ალ. ხევსურულის თავისებურებანი. თბ., 1960;
  • გიგინეიშვილი ი. თოფურია ე. ქავთარაძე ი. „ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
  • დოლიძე გ. ხევსურული ტექსტები (ლექსიკონითურთ). თბ., 1975;
  • ჯორბენაძე ბ.ქართული დიალექტოლოგია, თბ. 1989.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები