ჯეის ხელშეკრულება 1794
ჯეის ხელშეკრულება 1794 – (ამერიკა-ინგლისის) მეგობრობის, ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ. ხელმოწერილ იქნა აშშ-ის რწმუნებულის ჯ. ჯეისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ გრენვილის მიერ 19-XI ლონდონში.
ხელშეკრულებას უნდა მოეგვარებინა ინგლისსა და აშშ-ს შორის ძველი სადავო საკითხები, რომლებიც ეხებოდა 1783 ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) სამშვიდობო ხელშეკრულების რიგი პუნქტების შეუსრულებლობასა და აგრეთვე კონფლიქტებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ინგლის-საფრანგეთის ომთან. ხელშეკრულება არ იყო აშშ-თვის თანასწორუფლებიანი. მართალია, ორივე ქვეყნის ხომალდებისათვის, რომელთაც ტვირთი გადაჰქონდათ აშშ-სა და ინგლისის ნავსადგურებს შორს, დაწესებული იყო ერთნაირი რეჟიმი, მაგრამ ამერიკული ხომალდების ტონაჟი, რომლებიც ვესტ-ინდოეთთან აწარმოებდნენ ვაჭრობას, იზღუდებოდა. თანაც ამ ხომალდებს ტვირთის წაღება შეეძლოთ მხოლოდ აშშ-ში. ღიად რჩებოდა იმ ხომალდების ეკიპაჟების საკითხი, რომელთაც ინგლისელები დააკავებდნენ აკრძალული საქონლის გადატანის შემთხვევაში. ინგლისელები კისრულობდნენ ვალდებულებას, 1.VI.1796-თვის გაეთავისუფლებინათ ის ფორტები, რომლებიც ვერსალის 1783 წლის ხელშეკრულებით ამერიკისათვის გადმოცემულ ტერიტორიებზე მდებარეობდნენ.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი შერეული კომისიის შექმნას აშშ-სა და კანადას შორის საზღვრების დასადგენად, ასევე კომისიას უნდა დაედგინა აშშ-ის მოქალაქეთა ვალების ოდენობა, რომელიც მათ ინგლისელებისთვის ემართათ, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობა, რაც ინგლისის სამეფო ტახტმა განიცადა აშშ-ში ინგლისური ქონების კონფისკაციისაგან დამოუკიდებლობისათვის ომის დროს, მასვე უნდა დაედგინა ის ზარალი, რაც ამერიკელებს მიაყენა ინგლისურმა სამხედრო ხომალდებმა. ხელშეკრულება აშშ-ის სენატის მიერ რატიფიცირებულ იქნა 24.VI.1795. ვესტ-ინდოეთთან ვაჭრობის სადავო საკითხები საბოლოოდ მოგვარდა მხოლოდ 1830, ხოლო აშშ-კანადის საზღვრები დადგინდა 1842. (ვებსტერ-აშბერტონის ხელშეკრულება 1842).