ჯვართამაღლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. კონსტანტინე და წმ.ელენე

ჯვართამაღლება - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს (14/27 სექტემბერი) იდღესასწაულება IV საუკუნეში წმ. ელენეს (იმპერატორ კონსტანტინეს დედის) მიერ ჯვრის პოვნა (იგულისხმება ჯვარი, რომელზედაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე ) და VII საუკუნეში იმპერატორ ირაკლის მიერ ჯვრის შემდგომი „გამოხსნა სპარსელთა ტყვეობიდან“, რის შემდეგაც იგი აღიმართა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. ამ დროიდან მოყოლებული, „მსოფლიო ჯვართამაღლება“ აღინიშნება ქრისტიანული სამყაროს ყველა ეკლესიაში.

ეს დღე ბიზანტიაში ერთგვარ სახელმწიფო დღესასწაულადაც, ხოლო ჯვარი – იმპერიის ემბლემად იქცა და მას ყველა სახელმწიფო დაწესებულების კედელზე და ოფიციალურ ტანისამოსზეც გამოსახავდნენ. დღესასწაულის დღეს მას ეპისკოპოსები და მღვდლები საჯაროდ აღმართავდნენ ხოლმე. ისინი ჯვრით სამყაროს ოთხივე მხარეს აკურთხებდნენ, ხოლო ხალხი ამ დროს „უფალო შემიწყალეს“ გალობდა. ეს ჩვეულება დღესაც სრულდება ეკლესიაში საზეიმო მწუხრის მსახურების დასასრულს, ცისკრის დიდების შემდეგ, როცა ჯვარს საზეიმოდ გამოაბრძანებენ და აღმართავენ.

დღესასწაულის ტროპარი, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ბიზანტიისა და რუსეთის იმპერიების ჰიმნი იყო და ყველა საზეიმო ცერემონიალზე იგალობებოდა, მიმართულია უფლისადმი ლოცვით ადამიანთა ხსნისაკენ, ომში გამარჯვების მიმადლებისა და ჯვრით სახელმწიფოს დაცვისაკენ. ჩვენს დროში, როგორც ტროპარს, ასევე დღესასწაულის სხვა საგალობლებს, სულიერი მნიშვნელობა მიეცათ: „წინააღმდგომი“ გაიგება, როგორც სულიერად უსჯულო და ცოდვილი, ეშმაკის მიმდევრები, ხოლო სიტყვები „მართლმადიდებელი ქრისტიანები“ ცვლის ყოფილ მონარქთა სახელებს.

„აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა“ (ტროპარი).

„რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივ და ცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლემას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლად ძლიერი“ (კონდაკი).

თუმცა, ჯვართამაღლება წარმოიშვა როგორც „პოლიტიკური“ დღესასწაული, მაგრამ დღეს მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ჩვენთვის რჩება მარხვისა და ლოცვის დღედ, დღედ, როცა ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჯვარი არის ერთადერთი სიმბოლო, ღირსი ჩვენი ულაპარაკო ერთგულებისა, და რომ ჩვენი ხსნა დამოკიდებულია არა რომელიმე ჩვენს მიწიერ გამარჯვებაზე, არამედ ქრისტეს ჯვარცმისა და ქრისტესთან ჩვენი თანაჯვარცმის ერთადერთ ჭეშმარიტ და წარუვალ გამარჯვებაზე. და როცა ჩვენ აღვმართავთ ჯვარს და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე თაყვანისცემითა და განდიდებით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვეკუთვნით სასუფეველს, რომელიც არ არის „ამა სოფლისაგან“, და რომ ჩვენი ჭეშმარიტი და მარადიული „მოქალაქეობა“, წმინდანებთან ერთად, „უფლის ქალაქშია”.

დღესასწაულზე ძველი აღთქმის პირველი საკითხავი გვესაუბრება „ძელზე“, რომელიც „მწარე“ წყალს „მტკნარ“ წყლად გადააქცევს და რომელიც „ჯვრის ძელის“ სიმბოლოა (გამოსვლათა, 15:22-25). მეორე საკითხავი გვახსენებს, რომ უფალი სჯის და ასწორებს მათ, ვინც უყვარს და რომ ღვთის სიბრძნე „ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ“ (იგავნი, 3:11-18). ეს სიტყვები, ასევე, მიგვანიშნებს ჯვარზე, რომელიც, როგორც ამ დღის სამოციქულო საკითხავი აცხადებს, მოწოდებულთათვის არის ძალა და სიბრძნე ღვთისა (1 კორინთ. 1:18-25). ძველი აღთქმის მესამე საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდანაა, რომელიც გვესაუბრება „საუფლო ქალაქზე“, სადაც იუდეველები და წარმართები ერთად იცხოვრებენ და უფლის „ფერხთა ადგილზე“ მოვლენ და იცნობენ, რომ „მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომხსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა“ (ესაია, 60:11-16).

„ჯვარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ“ (ტროპარი).

ესაა მთავარი საგალობელი ჯვართამაღლებისა, რომელიც რვა დღე გრძელდება. იგი მრავალგზის მეორდება ღვთისმსახურებაში. ლიტურგიაზე ეს საგალობელი ცვლის „სამწმიდაოს“. ანტიფონები იცლება ფსალმუნებიდან შესაბამისი მუხლებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ქრისტეს ჯვარცმაზე (ფსალმ. 22, 74, 99). ცისკარზე, სახარების საკითხავში ქრისტე ამბობს, რომ როცა ჯვარზე ამაღლდება, იგი ყველას თავისთან „მიიზიდავს“ (იოანე, 12:28-36). ლიტურგიაზე იოანეს სახარებიდანვე ვრცელი საკითხავი მოგვითხრობს უფლის ვნებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ჯვართამაღლებაზე ქრისტიანები, თითქოს, ხელახლა უძღვნიან თავს უფალს და აღუთქვამენ სრულყოფილ ერთგულებას, მუხლს იყრიან მისი ჯვარცმისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე, – ასეთია ეკლესიაში ამ დღის მარხვისა და სინანულის დღევანდელი მნიშვნელობა.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები