ჯინი (სასმელი)
ჯინი − მაგარი (საშუალოდ 45 მოც%) სპირტიანი სასმელია, რომელიც მიიღება ღვიისა და მარცვლეულის სპირტის გამოხდით. მისი სახელი მოდის ფრანგული სიტყვა „genievre“-გან, რაც ნიშნავს ღვიას.
ჯინის შექმნას უკავშირებენ XVI საუკუნეში მცხოვრები ჰოლანდიელი პროფესორის (სამედიცინო დარგში) ფრანცისკო სილვიუსის სახელს, რომელმაც პირველად გამოხადა ღვია სპირტთან ერთად. ღვიას სპირტიანი ნაყენები მანამდეც იყო ცნობილი, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თირკმლების დაავადებების დროს. იყო მოსაზრება, რომ ამ ნაყენს შეეძლო ადამიანის დაცვა შავი ჭირისგან. სილვიუსის მიერ შექმნილი ახალი წამალი გამოირჩეოდა სასიამოვნო გემოთი, რომელმაც მალე დაიმსახურა ჰოლანდიელებისა და იმ დროისათვის მათი მოკავშირე ინგლისელების სიყვარული და მოწონება. სასმელმა მიიღო მეტსახელი „ჰოლანდიელი მოხალისე“ და ასე ჩააღწია ინგლისში. იქ სასმელმა შეიძინა მეორე სამშობლო, სადაც რთული ჰოლანდიური სახელი შეიცვალა მარტივით – ჯინი (Gin). წლების მანძილზე ჯინი იცვლებოდა: დასაწყისში იგი იყო მოტკბო გემოთი, წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის შედეგად იგი გახდა უფრო მშრალი, არომატული და დახვეწილი, რის გამოც მან ფართო აღიარება მოიპოვა. ჯინის პოპულარობა განაპირობა აგრეთვე იმან, რომ XVIII საუკუნეში გამოგონილ იქნა ტონიკი (სოდიანი წყალი ქინაქინთან ერთად), რომელსაც დასაწყისში იყენებდნენ მალარიის სამკურნალოდ, შემდგომში კი ჯინის საუკეთესო დანამატად.
დღეისათვის მსოფლიოში არსებობს ორი სახის ჯინი:
პირველი ტიპი London Dry – ყველაზე გავრცელებული მშრალი ჯინი მის მოსამზადებლად უფერო, უსუნო სპირტს (ძირითადად, მარცვლეულის) უმატებენ არომატულ კომპონენტებს და გამოხდილ წყალს. არომატიზატორებად გამოყენებულია არა მარტო ღვიის კენკრა, არამედ მიხაკი, ანგელოზა, ფორთოხლისა და ლიმონის ქერქები, იის ფესვები, ანისულა და სხვ. ცნობილი ჯინის Gordon s შემად- გენლობაში 120-ზე მეტი არომატიზატორი შედის. მშრალი ჯინის სიმაგრე მერყეობს 40%-დან 47%-მდე.
მეორე ტიპი – ჰოლანდიური – პირველისგან იმით განსხვავდება, რომ თავიდანვე ხდება ღვიის კენკრის შერევა მარცვლეულისგან მიღებულ ტკბილთან. შემდგომში, მისი გამოხდის შედეგად მიიღება 50-55 მოც% შემცველობის ე.წ. „ალაოს ღვინო“. მას აზავებენ წყლით, კვლავ უმატებენ ღვიას, სხვა კომპონენტებს და მეორეჯერ ხდიან. მზა პროდუქციის სიმაგრე აღწევს 35 მოც%-მდე. როგორც წესი, ჰოლანდიური ჯინი ოქროსფერი შეფერილობისაა, რომელიც მიიღწევა მისი ხანმოკლე დროით მუხის კასრებში დაძველებით ან კოლერის დამატებით.
ჯინს არა აქვს მკაცრად რეგლამენტებული წარმოების ადგილი (როგორც კონიაკს ან ტეკილას). ჯინის და მისი მსგავსი სასმელების გამოშვება შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში. ჯინის ყველაზე ცნობილი მარკებია: Gordon s Dry, Beefeater, Plymouth Gin, Old Tom Gin, Golden Gin, Gilbey’s, Greenall’s Original, Bombay Sapphire, აშშ-ში წარმოებული – Seagram s Extra Dry, საფრანგეთში წარმოებული Old Lady's, Black Jack, Bosford, ესპანეთში წარმოებული – Giro, Larios, Rives, ჰოლანდიაში წარმოებული – Genever V.O., Claeryn და სხვ.