„ღია კარების“ პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ღია კარების“ პოლიტიკა – ექსპანსიონისტური კურსი, რომელსაც ატარებდა აშშ ჩინეთის მიმართ XX ს-ის დასაწყისში, ამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური შეღწევისა და იქიდან სხვა იმპერიალისტური ქვეყნების გამოძევების მიზნით, რომელთაც ჩინეთი „გავლენის სფეროებად“ ჰქონდათ დაყოფილი.

აღნიშნული პოლიტიკა დაფუძნებული იყო დოქტრინაზე, რომელიც წამოაყენა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯ. ჰეიმ 1839. ამ წლის სექტემბერ-ნოემბერში ჰეინ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, იაპონიისა და იტალიის მეთაურებს მიმართა ნოტით, რომელშიც აშშ-ის მთავრობა, ინიღბებოდა რა „ღია კარების და „თანაბარი შესაძლებლობების“ პრინციპების დაცვით, მოითხოვდა ამ ქვეყნებისაგან, თავიანთი „გავლენის სფეროებში“ გაეხსნათ, ნავსადგურები და არ შეელახათ სხვა სახელმწიფოთა ინტერესები. გამოეყენებინათ ჩინური სახელშეკრულებო-საბაჟო ტარიფი ყველა საქონლის მიმართ, რომლებიც შემოჰქონდათ ნებისმიერი ქვეყნის „გავლენის სფეროში“ არსებულ ნავსადგურებში; ამ ნავსადგურებში შემოსული გემებისაგან არ აეკრიფათ იმაზე მეტი გადასახადი, რასაც „გავლენის სფეროს“ მფლობელი ქვეყნები საკუთარ გემებს ახდევინებდნენ. ნოტაში ანალოგიური მოთხოვნები წამოყენებული იყო სარკინიგზო ტარიფების მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულმა ქვეყნებმა საპასუხო ნოტებში თავი აარიდეს პირდაპირ პასუხს, ჰეიმ 20.III.1900 განაცხადა, რომ ქვეყნები, რომელთაც აშშ-მა ნოტები გაუგზავნა, შეუერთდნენ „ღია კარების“ პრინციპებს.

ამ დროიდან მოყოლებული, აშშ აქტიურად იყენებდა „ღია კარების“ პოლიტიკას ჩინეთის მიმართ. აშშ-ის მეტოქე ქვეყნები, ერთი მხრივ, თითქოს ცნობდნენ „ღია კარების“ პრინციპებს, მაგრამ სინამდვილეში აგრძელებდნენ ჩინეთის გავლენის სფეროებად დაქუცმაცების პოლიტიკას.

„ღია კარების“ პოლიტიკას მძლავრი დარტყმა მიაყენა პორტსმუთის ზავმა 1905. რომლის მიხედვითაც იაპონია დამკვიდრდა მანჯურიის სამხრეთ ნაწილში. პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ იძულებული გახდა, ეცნო იაპონიის „სპეციალური ინტერესები“ ჩინეთში. ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919 აშშ-მა მიიჩნია როგორც „ღია კარების“ პრინციპის დარღვევა, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აშშ-მა არ მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია.

ვაშინგტონის კონფერენციაზე 1921-22 აშშ-მა მიაღწია სხვა იმპერიალისტური ქვეყნების მიერ „ღია კარების“ პოლიტიკის აღიარებას, მაგრამ ამ ქვეყნებსა და აშშ-ს შორის მეტოქეობას ჩინეთში მაინც არ მოეღო ბოლო, ხოლო 10-იან წლებში იაპონიის აგრესიამ საფუძვლიანად შეარყია „ღია კარების“ პოლიტიკა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 ჩინეთში სახალხო რევოლუციის გამარჯვებამ ბოლო მოუღო „ღია კარების“ პოლიტიკას. „ღია კარების“ პოლიტიკაში იგულისხმება ასევე ამა თუ იმ სახელმწიფოს კურსი უცხოური კაპიტალის მოსაზიდად სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნითა და არსებითი შეღავათების მიცემით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები