XX საუკუნის არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბროლის სასახლე. ლონდონი

XX საუკუნის არქიტექტურა - XX საუკუნის არქიტექტურაში მშენებლობის სრულიად ახალი პრინციპები და ახალი სამშენებლო მასალები გამოიყენება. თანამედროვე არქიტექტურის წინამძღვრებს უკვე XIX საუკუნეში ვხვდებით, თუმცაღა ეს ნიმუშები განეკუთვნება საინჟინრო ნაგებობებს, რომლებიც იმ დროს საერთოდ არ ითვლებოდა ხელოვნებად, ესენია სარკინიგზო სადგურები, საგამოფენო პავილიონები, სამრეწველო შენობები, ფოლადის ხიდები და სხვა. სხვადასხვა დეტალისგან შემდგარი ლითონის კონსტრუქციები ამ ნაგებობების კარკასს წარმოადგენს. მათი გამოყენება ვრცელი შიდა სათავსების მშენებლობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, 1851 წელს ლონდონის საერთაშორისო გამოფენისთვის აიგო „ბროლის სასახლე”, რომელიც თითქმის მთლიანად რკინისა და შუშისგან იყო გაკეთებული. მათში ჩაეტია ის უზარმაზარი ხეებიც, რომლებიც ამ ნაგებობისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე იზრდებოდა.

მოულოდნელობებით იყო აღსავსე 1889 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაც. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო 300 მ-ს სიმაღლის ეიფელის კოშკი, რომელიც მისი შემქმნელის სახელს ატარებს და მანქანების პავილიონი - 420 მ-ის სიგრძის ნაგებობა, რომელიც მინისა და ფოლადის თაღებისგანაა გაკეთებული და ფორმით გიგანტურ, გადაბრუნებულ ნავს მოგვაგონებს. ძველი სამშენებლო მასალის, მაგალითად, ქვის გამოყენებით შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ნაგებობის შექმნა.

არქიტექტურაში სულ მალე პირველობა მოიპოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც XIX საუკუნის ბოლოს პირველი ცათამბჯენი აშენდა. ფოლადის კარკასის მქონე ცათამბჯენს უბრალო და პრაქტიკული ფორმები ჰქონდა. გარდა ამისა, ცათამბჯენების მეშვეობით გადაიჭრა კიდევ ერთი ამოცანა:მაქსიმალურად დიდი შენობების აგება შედარებით პატარა ფართობის ნაკვეთზე, რადგან ქალაქის ცენტრში მიწა ძალიან ძვირი ღირდა.

სარჩევი

ფუნქციონალიზმი

ბაუჰაუზი
დასაუ გროპიუსი 1929 წ.

ახალი არქიტექტურის ტექნიკურ საფუძველს რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენება წარმოადგენდა. შენობების დაპროექტების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად გადაიქცა მათი ფუნქციურობა − ანუ რამდენად შეესატყვისებოდა ფორმა შენობის დანიშნულებას. აქედან წარმოდგება ამ არქიტექტურის სახელწოდება ფუნქციონალიზმი. უკვე შენობების გარეგნულ იერსახეში უნდა ასახულიყო მათი დანიშნულება, შინაარსი, უმნიშვნელოვანესი შიდა სათავსოების განაწილებაც კი. ფუნქციონალისტური ნაგებობები ხშირად უბრალო, შეულამაზებელი კუბებისა და სხვა გეომეტრიული ფიგურების კომბინაციებს მოგვაგონებს. ფუნქციონალიზმის ძირითადი იდეა მოკლედ ამგვარად შეიძლება გამოიხატოს: რაც მიზანშეწონილია, ის ლამაზიცაა.

ფუნქციონალიზმის ნამდვილ ცენტრად იქცა 1919 წელს გერმანიაში დაარსებული სამხატვრო სკოლა ბაუჰაუზი. სკოლა შეიქმნა არქიტექტურისა და სამრეწველო ნაწარმის მხატვრული გაფორმების სწავლების მიზნით, მაგრამ იგი მალევე გადაიქცა მნიშვნელოვან სამხატვრო ცენტრად, სადაც წაიშალა ზღვარი ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის. სკოლის დამაარსებელი გამოჩენილი არქიტექტორი ვალტერ გროპიუსი (1883-1969) იყო. მისივე დაპროექტებული იყო თავად ბაუჰაუზის შენობაც, რომელიც ფუნქციონალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ნიმუშს წარმოადგენდა. ამ სკოლაში ასწავლიდნენ ცნობილი მხატვრები ვასილ კანდინსკი და პოლ კლეე. 1933 წელს ბაუჰაუზი ნაცისტებმა გააუქმეს. მასთან დაკავშირებულ სპეციალისტთა უმეტესობა იძულებული გახდა დაეტოვებინა გერმანია, მათი ძირითადი ნაწილი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის არქიტექტურის განვითარებაში.

ლე კორბუზიე

მსოფლიო აღიარება მოიპოვა შვეიცარიული წარმოშობის ფრანგმა არქიტექტორმა და თეორიტიკოსმა შარლ-ედუარდ ჟანერემ (1887-1965), რომელიც ცნობილი იყო ლე კორბუზიეს ფსევდონიმით. ლე კორბუზიე ფუნქციონალიზმის პრინციპების მიმდევარი იყო, მაგრამ, ამავე დროს, იგი მიისწრაფოდა იქითკენ, რომ ხაზი გაესვა გეომეტრიული ფორმებისა და თანამედროვე კონსტრუქციების სილამაზისათვის. იგი ხშირად იყენებდა შუშის მთლიან ზოლებს, რომლებიც ლენტისებურად იყო გადაჭიმული ფასადის მთელ სიგანეზე, ან ღია გასასვლელებს რკინაბეტონის ბურჯებს შორის, რომლებსაც შენობა ეყრდნობა.

გუგენჰეიმის მუზეუმი
ნიუ-იორკი, ფრენკ ლოიდ რაიტი

ფრენკ ლოიდ რაიტი

XX საუკუნეში, ფუნქციონალიზმის გარდა, არსებობდა სხვა არქიტექტურული სტილებიც. არაფუნქციონალური არქიტექტურის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება ამერიკელი ფრენკ ლლოიდ რაიტი (1869-1959), რომელიც თავის მოღვაწეობას ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს შეუდგა და ერთი ოჯახისათვის განკუთვნილი მრავალი საცხოვრებელი სახლი ააშენა. ამ სახლებს არარეგულარული ფორმა აქვთ, თუმცა შიდა სივრცე ოსტატურადაა ორგანიზებული, რათა ყველა ოთახში საკმარისი რაოდენობით იყოს შუქი და ჰაერი. სახლები კარგად ერწყმის ლანდშაფტს (ერთი მათგანი პირდაპირ ჩანჩქერის თავზეა აგებული). რაიტი ნაგებობას ადარებდა ცოცხალ ორგანიზმს, რომლის დაბადებაში მონაწილეობას ღებულობს გარემო პირობები, კლიმატი, რელიეფი და სხვა. რაიტის გვიანდელი ნამუშევრებიდან ყველაზე ორიგინალურია გუგენჰაიმის მუზეუმი ნიუ-იორკში სპირალის ფორმის საგამოფენო დარბაზით.

პიერ ლუიჯი ნერვი. სან-ფრანცისკოს ტაძარი

პიერ ლუიჯი ნერვი

XX საუკუნის შუახანებში მიმდინარე მშენებლობებისთვის ძალზე დამახასიათებელია სამუშაოების მექანიზაციის მაღალი ხარისხი, მზა დეტალებისა და ახალი მასალების (ალუმინის, პლასტმასის, აგრეთვე გარედან დაბინდული, შიგნიდან კი გამჭვირვალე შუშის კედლების) ფართო გამოყენება, ფერის მზარდმა მნიშვნელობამ და სხვ. საინჟინრო ცოდნის გაფართოებამ შესაძლებელი გახადა ისეთი თამამი გადაწყვეტების განხორციელება, როგორებიცაა ფოლადის ტროსებზე ან ბეტონის გისოსებზე დაკიდული გადახურვები, უზარმაზარი საგამოფენო თუ სპორტული დარბაზების ან სტადიონების თავზე აღმართული ბეტონის გუმბათები. ამის მაგალითს წარმოადგენს ჩრდილოეთ იტალიაში 1950-60-იან წლებში აღმართული ნაგებობები, სადაც მუშაობდა ბეტონის ცნობილი სპეციალისტი, ინჟინერი პიერ ლუიჯი ნერვი (1891-1979). მან დააპროექტა რომის ოლიმპიური სპორტული დარბაზის გიგანტური ბეტონის გუმბათი, რომლის სისქე სულ რაღაც 2,5 სმ-ს შეადგენს.

ქალაქის დაგეგმარება

XX საუკუნეში შეიცვალა აგრეთვე ქალაქების დაგეგმარების პრინციპები. სიახლეს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლების უფრო თავისუფალი განლაგება, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებლად დატოვება, მიკრორაიონებში თავმოყრა ყველაფერი იმისა, რაც აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისათვის (ანუ ქალაქის დეცენტრალიზაცია). ესენია: სავაჭრო ცენტრები, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ქუჩები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რომლებიც გამოცალკევებულია ჩვეულებრივი მოძრაობისთვის განკუთვნილი ქუჩებისგან; საცხოვრებელი სახლებისგან მოშორებით აშენებული სამრეწველო ნაგებოები და ა.შ.

წყარო

საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები