აბაშიძე ანასტასია (ტასო)
(ახალი გვერდი: '''აბაშიძე, ანასტასია [ტასო] ვასილის ასული (1881, 17(29)/III –)''' – მსახიობ...) |
17:05, 17 თებერვალი 2026-ის ვერსია
აბაშიძე, ანასტასია [ტასო] ვასილის ასული (1881, 17(29)/III –) – მსახიობი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. დაიბადა თბილისში. დაწყებითი სწავლა მიიღო ოჯახში, საშუალო – თელავისა და თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში, ბოლოს – თბილისის I ქალთა გიმნაზიაში (მე-6 კლასამდე), რის შემდეგაც, დედასთან ერთად, პარიზში გაემგზავრა და იქ დაიწყო სიმღერის სწავლა პარიზის კონსერვატორიაში, მაგრამ მამის – ვასო აბაშიძის რჩევით საოპერო კარიერას თავი დაანება და დრამატული თეატრის მსახიობი გახდა.
სცენაზე 1886 წელს, 6 წლისა, ივ. მაჩაბლის მიერ ნათარგმნ პიესაში „ორ ცეცხლშუა“ ჟანას როლში გამოვიდა (ამის გამო დ. სოსლანი წერდა: „ეს ბენეფისი უფრო პატარა ტასოს დარჩა... ჟანა ბევრჯელ გამოდის სცენაზე და საკმაოდაც ლაპარაკობს. პატარა ტასოს სიმკვირცხლემა და გამბედაობამ სცენაზედ, სწორედ აღტაცებაში მოიყვანა საზოგადოება, რისთვისაც მადლობა ტაშისკვრით და კონფეტებით გადაუხადეს. ეს შესანიშნავი ბავშვი ერთ დროს საზოგადო ყურადღებას მიიპყრობს“ („თეატრი“, 1886, №4). 1899 წელს სადებიუტო გამოსვლით პიესაში „ფული და ხარისხი“ (ნატო) გამოიჩინა დედ-მამის მემკვიდრეობითი სასცენო ნიჭი, რაც გაზეთებშიც („ივერია“, 1899, № 228; „კვალი“, 1899, № 44) აღნიშნეს: „ეს წარმოდგენა ქართული თეატრის გამარჯვებააო“.
ა. აბაშიძე 1899-1919 წწ. ქართულ დრამატულ დასში მუშაობდა, 1919-1925 წწ. – შ. რუსთაველის სახ. თეატრში; 1926-1927 წწ. – ჭიათურაში, 1928-1933 წწ. – თბილისში, მოგზაურ დასში და სახკინმრეწვში, 1933 წლიდან – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში.
განსაკუთრებით „კოკოტკების“, ქალაბიჭების, ცრუარშიყების, ცუგრუმელა-მოხუნტრუცე ქალთა როლებს ასრულებდა. ყოველი როლის განსახიერებაში იჩენდა ბუნებრიობას, სისადავეს, გულწრფელობას. დრამა-კომედიების და ვოდევილების გარდა, ოპერებსა და ოპერეტებშიც მონაწილეობდა: პირველად ქართულად დადგმულ ოპერა „კარმენში“ კარმენი ა. აბაშიძემ იმღერა. მონაწილეობდა კინოშიც.
მისი როლებია
- ნატო („ფული და ხარისხი“),
- ლიზა („გაცრუებული იმედები“),
- ოფელია („ჰამლეტი“),
- ლიდოჩკა („ბენეფისის წინ“),
- ჟოზეფი („პარიზელი ბიჭი“),
- დიდებულიძის დედა („1917 წელი“),
- პასკვალა („ცხვრის წყარო“),
- ავთანდილი („სინათლე“),
- კლეოპატრა („კეისარი და კლეოპატრა“),
- პრუდანსი („მარგარიტა გოტიე“),
- ნუცა („აღლუმი“),
- ფანფანი („ორი ჯიბგირი“) და სხვ.
დროგამოშვებით დასს ხელმძღვანელობდა.
ფრანგულიდან თარგმნა ზღაპრები („ნაკადული“).
ა. აბაშიძეს სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავის შესრულების აღსანიშნავი იუბილე 1924 წლის თებერვლის 10-ს გადუხადეს. 1923 წელს მიენიჭა დამსახურებული, ხოლო 1943 წელს – რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1946 წელს სამამულო ომის (1941-1945 წწ.) დროს შრომითი მამაცობისათვის დააჯილდოვეს.
ა. აბაშიძის მოღვაწეობის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში მრავალი წერილი გამოქვეყნდა. ცალკე გამოიცა შალვა დადიანის წიგნი: „ტასო აბაშიძე: 25 წლის (1899-1924) სასცენო მოღვაწეობის აღსანიშანავად“.
ლიტერატურა
- 1. საქართველოს სათეატრო სახელმწიფო მუზეუმი;
- 2. სოსლანი, დ. [კეზელი]. ქართული თეატრი: [რეცენზია] // თეატრი. – 1886. – № 4. – გვ. 29-30;
- 3. მანოელიძე [ა. ახნაზაროვი] // ივერია. – 1899. – № 228. – გვ. 3 (პირველი გამოსვლა);
- 4. მირზა-ხანი [ივ. გომელაური]. ჩვენი სახიობა: „ფული და ხარისხი“ კომედია 3 მოქმ. აზიანისა // კვალი. – 1899. – № 44. – გვ. 763-764; № 45. – გვ. 50; 1901. – № 43;
- 5. ტ. აბაშიძე 10 წ. სასცენო მოღვაწეობის და ბენეფისის გამო: [პორტრეტი] // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 7. – გვ. 1; № 8; 1924. – № 3, 4;
- 6. ქართლელ-იმერელი. ტასო აბაშიძის ბენეფისი // ტრიბუნა. – 1923. – № 446;
- 7. დადიანი, შალვა. ტასო აბაშიძე: 25 წლის (1899-1924) სასცენო მოღვაწეობის აღსანიშანავად. – ტფ., 1924. – 24 გვ.;
- 8. ჩერქეზიშვილი, ელისაბედ. ტასოს იუბილეს გამო // თეატრი და ცხოვრება. – 1924. – № 5;
- 9. გომართელი, ივ. // ერთდროული გაზეთი „დაეხმარე ინვალიდს“. – 1930;
- 10. ასკურავა, ივ. ლანჩხუთის თეატრის ისტორიიდან // საბჭოთა ხელოვნება. – 1936. – № 11-12. – გვ. 58-59;
- 11. ცაგარელი, ა. კომედიები / ი. გრიშაშვილის რედაქციით, წინათქმით, შენიშვნებით და ლექსიკონით. – [ტფ.]: ფედერაცია, 1936. – გვ. 374, 465-466;
- 12. კაშმაძე, შ. ვანო სარაჯიშვილი: მონოგრაფია. – თბ.: სახელგამი, 1947. – გვ. 130;
- 13. ჟღენტი, ბ. „1917 წელი“: პრემიერა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში: [რეცენზია] // კომუნისტი. – 1947. – 30 ნოემბერი. – №238;
- 14. გერსამია, ს. ვასო აბაშიძე: მონოგრაფია. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 35, 36;
- 15. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 122, 141, 162, 223, 247, 250, 261;
- 16. ბუხნიკაშვილი, გ. – ა) გაბრიელ სუნდუკიანი: რევოლუციამდელი სომხური და ქართული თეატრების ურთიერთობის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ.: 65, 76, 83; ბ) ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე. – თბ.: სახელგამი, 1950. – გვ. 50;
- 17. გოგოძე, კ. ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ. 71;
- 18. ბურთიკაშვილი, ალ. სცენის ოსტატები: (პორტრეტები). – თბ.: ხელოვნება, 1951. – გვ.: 146, 202.