ფენოსკანდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფენოსკანდია – ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში განიხილება კონტინე...)

00:36, 26 აპრილი 2026-ის ვერსია

ფენოსკანდია – ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში განიხილება კონტინენტის უდიდესი (800 ათასი კმ2) სკანდინავიის ნახევარკუნძული, ფინეთი, კოლის ნახევარკუნძული და კარელია, რომელიც გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია ფენოსკანდიის სახელწოდებით. მისი ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს მდებარეობა ზომიერი სარტყლის ჩრდილოეთ პერიფერიაზე ზღვიური და ზომიერად კონტინენტური სექტორების მიჯნაზე და ბუნების პალეოგრაფიული განვითარების პირობები. ამ ვრცელი რეგიონის ბუნების საერთო ნიშნებიდან აღსანიშნავია ძველი კრისტალური ქანების ფართოდ გავრცელება, ძველი გამყინვარების ნათლად გამოხატული კვალი თანამედროვე ლანდშაფტებში და მთის ტუნდრის გაბატონება.

ფენოსკანდიის თანამედროვე რელიეფი ნათლად ასახავს მისი გეოლოგიური განვითარების ისტორიას და ტექტონიკურ აგებულებას. რეგიონის უმეტესი აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია ძველი ბაქნური სტრუქტურებით. იგი ბალტიის კრისტალური ფარის ფარგლებშია, რასთანაც დაკავშირებულია ვაკე რელიეფის გაბატონება. გამონაკლისია ხიბინის დაბალმთიანი მასივი კოლის ნახევარკუნძულზე, პლატოსმაგვარი თხემით. რეგიონის დასავლეთი ნაწილი უკავია სკანდინავიის ლოდა-ნაოჭა (აღორძინებულ) მთებს, რომელიც აგებულია კალედონური ნაოჭა სტრუქტურებით.

სკანდინავიის ნახევარკუნძული გადაჭიმულია ჩრდილო- აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ თითქმის 2000 კმ-ზე, 800 კმ-მდე სიგანით, ჩ.გ. 7 1° და 56° შორის. გარს აკრავს მრავალრიცხოვანი კუნძულები, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევიან გოტლანდი, ელანდი, ბორნხოლმი. ჩრდ. ნაწილში ნახევარკუნძული დაკავშირებულია კონტინენტთან, ხოლო შუა ევროპის ვაკისაგან გამოყოფილია ჩრდილოეთი და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი სრუტეებით (დიდი ბელტი, მცირე ბელტი, კატეგატი, სკაგერაკი). ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობენ შვედეთი და ნორვეგია, ხოლო ფენოსკანდიის კონტინენტური ნაწილი უკავიათ ფინეთსა და რუსეთს.

სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 1500 კმ-ზე, გადაჭიმულია 200-600 კმ სიგანის სკანდინავიის საშუალო სიმაღლის მთები, რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს (მთა გალხეპიგენი 2469 მ) აღწევს სამხრეთში. მთები დასავლეთით ციცაბოდ ეშვება თითქმის ოკეანის სანაპირომდე, რომელიც ძლიერ არის დანაწევრებული მთიანეთში ღრმად შეჭრილი, ფლატე კალთებიანი ფიორდებით, რომლებიც ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. მათგან მსოფლიოში უგრძესია სოგნე-ფიორდი (200 კმ).

ოკეანის სანაპიროსა და მთისძირებს შორის მდებარეობს აზევების შედეგად წარმოქმნილი ვიწრო, აბრაზიული სანაპირო დაბლობი, რომელიც ფენოსკანდიაში ცნობილია „სტრანფლატის“ სახელწოდებით. მთების აღმოსავლეთი კალთა დამრეცად ეშვება ნორლანდის (შვედეთის) 400-600 მ სიმაღლის კრისტალურ ზეგანზე, რომელიც განეკუთვნება ბალტიის კრისტალურ ფარს. ნორლანდის ზეგანი სამხრეთით (სკონეს ნახევარკუნძულზე, გადადის სამხრეთ შვედეთის ვრცელ ვაკე- დაბლობში, რომლის ცენტრშიც მდებარეობს სმოლანდის გუმბათისებური მაღლობი (სიმაღლე 377 მ-მდე). ფენოსკანდიის რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ძველმა (ქვედა მეოთხეულის) გამყინვარებამ, რასთანაც დაკავშირებულია მყინვარულ-ეგზარაციული (მყინვარულ-ეროზიული) და მყინვარულ-აკუმულაციური ფორმები – ვერძის შუბლები, ნაკაწრები, ცირკები, კარები, ტროგული ხეობები, მორენული სერები (ოზები), ბორცვები და სხვა. სკანდინავიის მთიანეთის რელიეფის დამახასიათებელი ელემენტია ფიელდები – სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული პლატოსმაგვარი ზედაპირები, რომლებიც წარმოქმნილია ძველი პენეპლენის ნეოტექტონიკური – ვერტიკალურ- დიფერენციალური მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი მოსწორებული ზედაპირების (მთიანი მასივების მოსწორებული თხემების) ძველი მყინვარების მიერ სკულპტურიზაციის შედეგად. ფიელდები ლოდა მასივებია ციცაბო კალთებით. მათი ზედაპირიდან აღმართულია გადარეცხვის მიმართ ყველაზე მდგრადი ქანებით აგებული ჭიუხები მახვილი პიკებით, რომლებიც მოცულია მთიანი გამყინვარებით.

სკანდინავიის მთების სიმაღლე შუა ნაწილზე საგრძნობლად კლებულობს. ამ მონაკვეთზე მას კვეთს ტექტონიკური ღრმული, რომელიც წარმოადგენს ხმელეთში ღრმად შეჭრილი ტრონხეიმას − ფიორდის გაგრძელებას. მისგან ჩრდილოეთით სიმაღლე მატულობს, მაგრამ საშუალო მთიანს არ აჭარბებს (მთა კებნეკაისი – 2123 მ).

ნორლანდის კრისტალური ზეგნის რელიეფის ზოგად ფონს ქმნის ბრტყელი დაჭაობებული ზედაპირი, რომლის მონოტონურობაში მნიშ- ვნელოვანი კორექტივები შეაქვს კრისტალური ქანების შვერილებს – ჭიუხებს და მორენულ ბორცვებსა და სერებს (ოზებს). ზეგანი საფეხურებით ეშვება ბოტნის ყურის სანაპირო დაბლობზე. ყურიდან აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბალტიის კრისტალურ ფარზე განვითარებულია ფინეთის, კარელიისა და კოლის ნახევარკუნძულის დენუდაციური, მყინვარულ-ეგზარაციული და მყინვარულ-აკუმულაციური ვაკეები ნორლანდის ზეგნის რელიეფის მსგავსი ნიშნებით. კარელიის ვაკე მაქსიმალურ სიმაღლეს (600-660 მ) აღწევს ჩრდილო- დასავლეთ ნაწილში. თეთრი ზღვის მხარეზე განვითარებულია ბრტყელი ზედაპირის მქონე ფართო დაჭაობებული დაბლობი.

ვაკე ფენოსკანდიის რეგიონი (ოლქი) მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს კოლის ნახევარკუნძულზე, რომლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხიბინის (1191 მ) და ლოვოზერის ტუნდრის (1120 მ) ვულკანური მასივები.

სამხრეთით ფენოსკანდიის კრისტალური ვაკე იძირება ბალტიის ზღვაში, რომელიც რეგიონის ნათლად გამოხატულ საზღვარს წარმოქმნის.

სარჩევი

ჰავა

ჰავა ფენოსკანდიის ტერიტორიაზე ნაირგვარია, რაც გამოწვეულია მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით და რელიეფის ხასიათით. მისი ტერიტორია განფენილია პოლარული და ზომიერი განედების და ოკეანური და ზომიერად კონტინენტური სექტორების მიჯნაზე, დასავლეთიდან ციკლონური ქარების შემოჭრის ერთ-ერთ მთავარ გზაზე.

ატმოსფეროს მოქმედების ცენტრებიდან მთავარია ისლანდიის მინიმუმი, რაც განსაზღვრავს ციკლონური პროცესების აქტივობას. ატლანტის ოკეანე თბილი დინებით მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია, რომელიც დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე განსაზღვრავს სითბოსა და ტენის მნიშვნელოვან დადებით ანომალიას. სკანდინავიის მთები მთავარი წყალ, კლიმატ და ლანდშაფტგამყოფია.

სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ზამთარი რბილია, თითქმის უყინვო. იანვრის საშუალო ტეპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მინუს 4, პლუს 2° ფარგლებში იცვლება. მთებიდან აღმოსავლეთით, შიდა ვაკეებზე ჰავა მკაცრი და კონტინენტურია. ფინეთის, ჩრდილოეთ შვედეთის და კარელიის ვაკეებზე იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 14-16°-ია, აბსოლუტური მინიმუმი მინუს 40-50°-მდე ეცემა. ზამთარი ასევე მკაცრია ნორვეგიის მაღალ ფიელდებზე. კოლის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ზამთარი თბილი დინების (ნორდკაპის) გავლენით ამ განედებისათვის (ტუნდრის ზონა) უჩვეულოდ რბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 8-10°. ზაფხული მთელ ფენოსკანდიაში გრილი და ხანმოკლეა (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში). ივლის-აგვისტოს საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთში – პლუს 10-12°- ფარგლებშია, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იგი მატულობს პლუს 16-17°- მდე.

ჰავის კონტრასტები ოკეანურ დასავლეთსა და კონტინენტურ აღმოსავლეთს შორის კიდევ უფრო მკვეთრად არის გამოხატული ნალექების განაწილებაში. ნალექების ყველაზე მეტი სიუხვით (წლიურად 3000 მმ- მდე) გამოირჩევა სკანდინავიის მთების სამხრეთ ნაწილის ქარპირა კალთები და სანაპირო ვაკე. სეზონურ განაწილებაში ზამთრის მაქსიმუმით. აღმოსავლეთ ვაკეებზე ნალექების რაოდენობა კლებულობს 500-400 მმ-მდე, თანაც მაქსიმუმი გადაინაცვლებს ზაფხულში. ნალექების წლიური რაოდენობა ყველგან აღემატება წლიურ აორთქლებადობას.

ზამთარში რეგიონის მთელ ტერიტორიაზე წარმოიქმნება თოვლის მდგრადი საბურველი, რომელიც მაქსიმალურ სიმძლავრეს აღწევს სკანდინავიის მთებში.

ფენოსკანდიის ძირითადი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რომლის დასავლეთ პერიფერიაზე ოკეანური ჰავაა. მთებიდან აღმოსავლეთით ჰავა ზომიერად კონტინენტური და კონტინენტურია. რეგიონის ჩრდილოეთი პერიფერია შედის სუბარქტიკულ სარტყელში.

შიდა წყლები

შიდა წყლები ფენოსკანდიის ტერიტორიაზე უხვადაა და განეკუთვნება ჩრდილო ყინულოვანი ოკეანისა და ატლანტის ოკეანეთა აუზებს. ჰავა რეგიონის ტერიტორიაზე ყველგან ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის წარმოსაქმნელად, ჩამონადენის ფენის სისქე მაქსიმუმს (1000-1500 მმ) აღწევს ოკეანურ სექტორში. ფენოსკანდია ევროპის რეგიონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წყლიანია. ჰიდროგრაფიული ქსელი ასახავს ტერიტორიის განვითარების პალეოგეოგრაფიულ და თანამედროვე კლიმატურ პირობებს. ქვედა მეოთხეულის გამყინვარების გავლენამ განსაზღვრა ჰიდროგრაფიული ქსელის სიახალგაზრდავე და მდინარეთა ხეობების სუსტად გამომუშავებული პროფილები, ხშირი ჭორომებით და ჩანჩქერებით, ტბების უჩვეულო სიხშირე. მდინარეების და ტბების უმეტესობას კალაპოტები გამომუშავებული აქვს ძველი მყინვარების მიერ გარდაქმნილ ტექტონიკურ ნაპრალებში. უხვწყლიან, მოკლე და ბობოქარ მდინარეთა ხშირი ქსელი ახასიათებს სკანდინავიის მთების დასავლეთ კალთას, ბევრი მათგანი მთიანეთის მაღალი ქარაფებიდან პირდაპირ ფიორდებში ეშვება და წარმოქმნის რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ჩანჩქერს. მთების აღმოსავლეთ კალთაზე და ვაკეზე (განსაკუთრებით ფინეთის) მდინარეებს გამომუშავებული აქვთ შედარებით მცირე დახრის ფართო დატერასებული ხეობები ხშირი ჭორომებით. მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს ასრულებს თოვლის ნადნობი წყალი. დასავლეთ კალთაზე მდინარეებს ახასიათებს შერეული საზრდოობა (წვიმა-თოვლ-ყინულიანი). ჩამონადენის დარეგულირებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ტბები.

ფენოსკანდიის მდინარეები არ გამოირჩევიან მნიშვნელოვანი სიგრძით. უდიდესია გლომა (სამხრეთ ნორვეგიაში), რომლის სიგრძე 600 კმ-ს ოდნავ აღემატება, სიგრძით მეორეა (552 კმ) კემიოკი ჩრდილოეთ ფინეთში.

ხშირი ჭორომებისა და ჩანჩქერების შედეგად მდინარეები სანაოსნოდ, თვით ვაკეებზეც, უმნიშვნელოდ გამოიყენება, სამაგიეროდ, დიდია მათი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი.

ფენოსკანდიის შიდა წყლების და მთლიანად ლანდშაფტის დამახასიათებელი ელემენტია ტბების სიუხვე, რისთვისაც მას ათას ტბათა მხარეს უწოდებენ. შვედეთის, ფინეთის და კარელიის ვაკეთა ფართობის დაახლოებით 10% ტბების წყლის სარკეზე მოდის. მარტო ფინეთში 60 ათასამდე ტბას ითვლიან. ხშირად დიდი და პატარა ტბები მძივებივით არიან „ასხმული“ მათ დამაკავშირებელ მოკლე მდინარეებზე ან ფართო ფშანებზე, ისე რომ ძნელდება იმის გარკვევა, თუ სად იწყება და თავდება ესა თუ ის ტბა. ევროპის ყველაზე დიდი ტბები კარელიაშია – ლადოგი (ფართობი 17703 კმ3, მაქსიმალური სიღრმე 230 მ), ონეგი (ფართობი 9606 კმ2, მაქსიმალური სიღრმე – 120 მ), სიდიდით მომდევნო ტბები ვენერნი (3755 კმ2), ვეტერნი (1912 კმ2), მელარენი (1140 კმ2) – შვედეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე საიმა (1800 კმ2), ინარი (1000 კმ2) და სხვ. ფინეთის ტერიტორიაზე.

სკანდინავიის მთები წარმოადგენენ თანამედროვე გამყინვარების მნიშვნელოვან ცენტრს, რომლის ფართობი დაახლოებით 5000 კმ2 შეადგენს. თოვლის ხაზის სიმაღლე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 1200-400 მ ფარგლებში იცვლება. უზარმაზარი ფირნული ველები ფარავენ ფიელდებს და სათავეს აძლევენ ხეობის მყინვარებს, რომელთა ენები დასავლეთ კალთებზე მნიშვნელოვნად სცილდება თოვლის ხაზს და აღწევენ 100-200, ცალკეულ შემთხვევაში 50 მ-მდე (ზღვის დონიდან).

მცენარეული საფარი

ფენოსკანდიის ძირითადი ნაწილი უკავია ტაიგის ზონას, ნორვეგიისა და შვედეთის სამხრეთი ნაწილი – შერეულ ტყეებს, ხოლო ჩრდილოეთი პერიფერია (შედარებით ვიწრო ზოლი) –– ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონებს.

ტუნდრა და ტყეტუნდრა გავრცელების უწყვეტ ზოლს ქმნის მხოლოდ კოლის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ნორვეგიისა და ფინეთის ჩრდილო პერიფერიაზე იგი ცალკეული უბნების სახით ვრცელდება და მასთან შერწყმულია მთის ტუნდრა, რომელიც 300- 500 მ სიმაღლიდან ვრცელდება (შუა ნაწილში 700-800, ხოლო სამხრეთ ნაწილში 1000-1200 მ-დან). ტუნდრის და ტყეტუნდრის მცენარეულ საფარს ქმნის მღიერები, ხავსები, კენკროვანი ბუჩქები, ქონდრა არყი, ღვია და სხვ.

ტაიგის ძირითადი ტყეშემქმნელი ჯიშებია ნაძვი და ფიჭვი, წვრილფოთლოვნებიდან – არყი. არყნარი ქმნის ტყეების გავრცელების როგორც განედურ (ჩრდილოეთ), ისე სიმაღლით საზღვარს. წიწვიანების ქვეშ განვითარებულია ეწერი და ეწერლებიანი ნიადაგები, მეტწილად დაჭაობებული. ტაიგა სამხრეთით გადადის გაცილებით მცირე არეალის მქონე შერეულ ტყეებში, სადაც ნაძვთან და ფიჭვთან შერეულია ფოთლოვანები –– თელა, ნეკერჩხალი, ცაცხვი და მუხა.

ნორვეგიისა და შვედეთის უკიდურეს სამხრეთში ნესტიანი ქარისაგან დაცულ შედარებით მყუდრო უბნებში შერეულ ტყეებს ცვლის ფართოფოთლოვანი ტყეების ზონა, რომელსაც წარსულში თითქმის მთლიანად ეკავა სკონეს ნახევარკუნძული. ამჟამად ეს ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია და მათი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობის ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებს, აგრეთვე საკვებ ბალახებს მეცხოველეობისათვის.

სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ხშირი და ძლიერ ნესტიანი ქარები ხელსაყრელი არ არის ტყის ეკოსისტემების განვითარებისათვის და გაბატონებულია მანანიანი, ხავსების ხშირი საფარით.

ფენოსკანდიის შუა და სამხრეთ განედების მთიან მასივებზე ნათლად არის გამოხატული ველური ლანდშაფტის სიმაღლითი ზონალურობა. წიწვოვან და შერეულ ტყეებს სიმაღლით ცვლის სუბალპური ტყემდელოს, ალპურ მდელოთა და მთის ტუნდრის, ხოლო ყველაზე მაღალ მასივებზე ნივალური ლანდშაფტი.

ცხოველთა სამყარო

ფენოსკანდიის ცხოველთა სამყაროში ჭარბობს ტყის ბინადრები, რომელთაგან ბევრი (დათვი, მგელი, მელა და სხვ.) თითქმის გამქრალია. ბევრი ცხოველი დაცულია. გავრცელებულია კეთილშობილი ირემი, შველი, ციყვი. მდიდარია ფრინველთა ფაუნა, რომელთაგან ბევრს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ძალიან მდიდარია სანაპირო წყლების ფაუნა.

ბუნებრივი რესურსები

ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარია სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია მაღალხარისხოვანი (60-70%) რკინის მადნის – მაგნეტიტების დიდი მარაგი შვედეთის, ნორვეგიის ტერიტორიაზე, აგრეთვე კოლის ნახევარკუნძულზე (რუსეთი). სამრეწველო მნიშვნ ლობა აქვს ფერად და იშვიათ ლითონებს (სპილენძი, მოლიბდენი, ტიტანი, ტყვია, თუთია, ურანი და სხვ.). ჩრდილოეთის ზღვის შელფზე აღმოჩენილია ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი, ფართოდ არის გავრცელებული ტორფი.

კოლის ნახევარკუნძულზე ნეფელინების და აპატიტების დიდი მარაგია. ფენოსკანდია ძალიან მდიდარია წყლის რესურსებით. ჰიდრო-ენერგიის მარაგით ნორვეგია და შვედეთი ევროპაში ლიდერობენ.

რეგიონის მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ტყის რესურსები, განსაკუთრებით ფინეთის (ტყიანობა 75%) და შვედეთის (ტყიანობა 50%) ქვეყნებში. აღსანიშნავია აგრეთვე რეკრეაციული რესურსების ნაირგვარობა.

წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები