როკ-მუსიკა
როკ-მუსიკა – (ინგლ. rock and roll-დან), თანამედროვე პოპ-მუსიკის ნაირსახეობა, ჩამოყალიბდა ინგლისსა და აშშ-ში XX ს-ის 50-60-იან წლებში. მისი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანსამბლების „ბითლზ“, „როლინგ სტოუნზ“, „ლედ ზეპელინ“ და სხვათა შემოქმედებას. როკ-მუსიკის უმთავრეს ნიშანთვისებას მიეკუთვნება: ბლიუზების კომპოზიციური სტრუქტურებისა და ბგერათრიგებზე დაყრდნობა, მეტრულ-რიტმული საწყისის ჰიპერტროფია, ელექტრობის გამოყენება ბგერის გასაძლიერებლად, ვოკალური და ინსტრუმენტული ინტონირების მძაფრი ექსპრესია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება როკ-კულტურისათვის ვიზუალურ ფაქტორს: მუსიკოსთა თავის დაჭერის მანერას, ჩაცმულობის სტილსა და ტელევიზიის ახალი ჟანრების (ვიდეოკლიპების) წარმოქმნას.
როკ-მუსიკა პროფესიონალი კომპოზიტორების ყურადღებას იქცევს, რომლებიც მის ელემენტებს უფრო ფართო სტილურ კონტექსტში იყენებენ.