თეატრი ნოო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Teatri no.JPG
სცენა თატრიდან „ნო”, ილუსტრაცია

„ნოო“ – (იაპ. 能 - „ნოგაკუ“ – ხელოვნება, უნარი), იაპონური თეატრის სახეობა. ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში. მისი ადრინდელი ფორმა იყო სარუგაკუ და ძენგაკუ. ნოოს თეატრი პირველ ხანად არსებობდა სახალხო წარმოდგენების სახით, შემდგომში კი ჩამოყალიბდა პროფესიულ თეატრად. ნოოს პირველი წარმოდგენები იმართებოდა ბუდისტურ მონასტრებში სახალხო დღესასწაულების დროს, ფეოდალების და სამხედრო-ფეოდალური მმართველების სასახლეებში, რომლებმაც ითავეს ნოოს მეურვეობა. ნოო გადაიქცა ფეოდალური არისტოკრატიის თეატრად და დაიკავა თვალსაჩინო ადგილი იაპონიის ნაციონალურ კლასიკურ თეატრალურ ხელოვნებაში. ნოოს თეატრი გამოირჩევა თეატრალური ფორმების დახვეწილობით და გასაგებია მხოლოდ იტელიგენციის ვიწრო წრისათვის.

ნოოს თატრის ნიღბები

ნოოს წარმოდგენას საფუძვლად უდევს ტექსტი, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ლიტერატურულ-სტილური ნაწილებისაგან: რიტმული პროზა, ლექსი, ორატორული და ყოფით-სალაპარაკო მეტყველება. პიესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქოროს, რომელიც აქტიურად ერევა მოქმედებაში, განმარტავს სიტუაციას, გამოხატავს თავის ემოციებს და შთაბეჭდილებას, გამოხატავს თავის აზრს და ა.შ. (ქორო შედგება რვა მომღერალი მამაკაცისაგან). პიესაში მონაწილეობს ორი მსახიობი: „მოქმედი“, მთავარი როლის შემსრულებელი (პროტაგონისტი) და „დამხმარე“ (დევტერაგონისტი). ზოგიერთ პიესებში არსებობენ მთავარი მოქმედი პირების ე.წ. „თანამგზავრები”, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე ფუნქცია (და ხშირად არც ტექსტი). ყველა შემსრულებლები არიან მამაკაცები (ქალების როლების შესრულების დროს არ მიმართავენ ფალცეტს, ხმის დაწვრილებას).

ნოოს თეატრის მსახიობების ერთ-ერთი სცენური გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მეტყველება: სასაუბრო-დეკლამაციური (დიალოგი), დრამატული რეჩიტატივი (მონოლოგი), არიოზული სიმღერა (ლირიკული გადახვევა); მოქმედებაში ჩართულია სტატიკური პოზები, პლასტიკური მოძრაობა და დრამატული დაძაბულობის კულმინაციის გამომხატველი ცეკვა. ცეკვის დროს შემსრულებლის ტექსტს წარმოთქვამს ქორო. ნოოს თეატრის მსახიობები არ იყენებენ მიმიკას, შემსრულებელთა და ქოროს სახეები უძრავია. ისინი არც გრიმს იკეთებენ. მხოლოდ იმ მსახიობს, რომლებიც ასრულებს ცეკვა-კულმინაციას, უკეთია ნიღაბი. ნოოს თეატრში ნიღაბი გამოსახვის ძირითადი საშუალებაა. პერსონაჟთა კოსტიუმები მოკლებულია ყოველგვარი ყოფით კონკრეტულობას და ემსახურება ფერთა პარტიტურის შექმნას. ბუტაფორია პირობითია. მთავარი სცენური რეკვიზიტია მარაო (დასაკეცი), რომლის შემწეობით შემსრულებელი გამოხატავის სხვადასხვა ემოციებს. მოქმედება მიმდინარეობს ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშია ფლეიტა, ორი დაირა და დოლი. აერთებს რა მუსიკას, ცეკვას და დრამას, ნოო არის მუსიკალურ-საცეკვაო თეატრის ფორმა.

ნოოს თეატრის მუსიკოსები

ნოოს წარმოდგენები იმართება კვადრატულ ფართობზე, სცენა ღიაა სამივე მხრიდან და აქვს ოთხ ბოძზე მდგარი სახურავი (ასეთივე მოედანი კეთდება დახურულ შენობაში). მარცხენა მხარეს, თითქმის პერპენდიკულარულად, სცენას მიდგმული აქვს პატარა ხიდი, დამატებითი სცენური ფართობი. სცენის სიღრმეში გამოხატულია მწვანე ფიჭვი (დღეგრძელობის სიმბოლო), რომელიც მუდმივად ფიგურირებს მთელი წარმოდგენის განმავლობაში. ნოოს თეატრს არ აქვს დეკორაცია. უკანა კედელთან სხედან ორკესტრანტები, მარჯვენა მხარეს, სცენის გასწვრივ – ქორო.

ნოოს პიესების გმირები არიან: ღმერთები (ბუდისტური და შინტოისტური კულტები), მამაკაცები – სასახლისკარის არისტოკრატები, მეომრები, ჩვეულებრივი ადამიანები; ქალები – სასახლისკარის ქალბატონები, ფეოდალების ხასები, მოსამსახურეები, შეშლილები (უბედურებით გათანგული ადამიანები), დემონები. ნიღბები განსხვავდებიან ასაკობრივად (მოხუცი, ახალგაზრდა), ხასიათით (კეთილი, ბოროტი, ღვთაება მრისხანე და შემწყნარებლური, მეომარი გულადი და მშიშარა) და გარეგნობით (ქალი ლამაზი და უშნო, ადამიანისმაგვარი დემონი და დემონი-მხეცი და სხვ.). ნიღბები მკაცრად არის კლასიფიცირებული, მათი რიცხვი 200 აღწევს. ამის საფუძველზე ნოოს შემქმნელები თვლიდნენ, რომ ამ გზით სცენაზე წარმოდგენილია მთელი სამყარო. მათ მიაჩნდათ, რომ ნოოს პიესებში ასახულია ყველაფერი – სიხარული და მწუხარება, ბრწყინვალე და უგვანო, ამაღლებული და მდაბალი. ნოოს თეატრის პიესები აგებულია მწვავე კონფლიქტებზე, პიროვნების და ბედის საკითხებზე. სიუჟეტებად აღებულია თქმულებანი და ლეგენდები, ისტორიული და რელიგიური გადმოცემები, ქრონიკები, ლიტერატურული ნაწარმოებები.

ნოოს თეატრის დრამატურგია ეყრდნობა ორ ესთეტიკურ კონცეფციას: სინამდვილის მიბაძვა და შიდააზრი. ეს კონცეფციები გამოხატულია ტექსტში, ცეკვაში, მუსიკაში, სცენურ მოძრაობაში დრამის ძირითადი ელემენტია გმირის „გარდაქცევა“ (ადამიანის – ღმერთად, მეომრის საიქიო – სულად და სხვ.). მოქმედება შედგება ორი აქტისაგან: გმირი გარდაქცევამდე და გარდაქცევის შემდეგ (შემსრულებელი იკეთებს ნიღაბს).

ნოოს თეატრის ფუძემდებლები არიან კან’ამი კიიოცუგუ და მისი შვილი ძეამი (1333-84), რომელიც იყო არა მხოლოდ პიესების, მუსიკის, ცეკვების ავტორი, არამედ ნოოს თეატრის თეორეტიკოსიც.

ნოოს თეატრალური დასი შექმნილი იყო საამქროს პრინციპით, რომელსაც მეთაურობდა ოსტატი. მე-14-15 სს. არსებობდა ხუთი ასეთი დასი. ყოველ მათგანს ჰქონდა თავისი სტილი და ნოოს ხელოვნების საკუთარი სკოლა: კანძეს სკოლა (კან’ამი და ძეამი), კომპარუ, ჰოშოო, კონგო, კიტა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები