ხევსურული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხევსურულიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის – ხევსურეთის მოსახლეობა.

ხევსურეთს კავკასიონის ქედი ორად ყოფს: პირაქეთა (ბუდე ხევსურეთი) და კავკასიონის გადაღმა მდებარე პირიქითა ხევსურეთად, რომელიც, თავის მხრივ, მაღალი მთებით გამიჯნულ ორ ხეობად იყოფა: აღმოსავლეთით მდინარე არღუნის სათავეებში განსახლებულ შატილისა და მიღმახევის თემებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან მთიელი ჩაჩნები, ანუ ქისტები, დასავლეთით კი მდინარე ასას სათავეებში მცხოვრებ არხოტის თემის ხევსურებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან მთიელი ინგუშები, ანუ ღილღველები (ღლილვები). მთლიანად ხევსურეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებიან თუშები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ფშაველები, ხოლო დასავლეთით – მოხევეები და მთიულ-გუდამაყრელები. ხევსურები ახლა ცხოვრობენ დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და გარდაბნის რ-ნებშიც.

ენობრივად ხევსურული ყველაზე უფრო ახლოა თუშურ, მოხეურ და ფშაურ დიალექტებთან და მათთან ერთად ქმნის ქართული ენის დიალექტთა ე. წ ფხოურ ჯგუფს (ა. შანიძე). სხვა ქართული დიალექტებისაგან გამოირჩევა არქაიზმების სიმრავლით, რაც მისი გარემოზღუდულობით უნდა აიხსნას. ხევსურულში ა. შანიძე გამოყოფს არხოტულ და შატილურ-მიღმახეურ კილოკავებს, რაც ამ კილოკავებში ზოგ ფონეტიკურ პროცესს, ინტონაციისა და მეტყველების ტემბრის განსხვავებულობას ემყარება.

პირაქეთულ-არხოტულში შატილურ-მიღმახეური ვარ || ვარი-ს ნაცვლად იხმარება ორ: შემასმენელი ენკლიტიკად მიერთვის სახელს: კაც-ორ, დღეი-ას… შატილურ-მიღმახეურში ეს პროცესები გამორიცხულია, თუმცა მეშველი ზმნის სრულიად დაკარგვა და მის სანაცვლოდ სახელის ი-ზე მეშველი ზმნის საკომპენსაციოდ მახვილის დასმა ყველა კილოკავში ერთნაირად ხდება (III პირის ორსავე რიცხვში): კაცი || კაცნი, დღეი || დღენი.

ფონეტიკა

ხევსურულისათვის თავისებურად მიჩნეულია:

ფონოლოგიაში: ფონემა ჴ-ს არსებობა; ფონეტიკაში: ფართოდ გავრცელებული ბოლომოკვეცილი ფორმები, კერძოდ, ზმებში: მავი („მოვიდა“), მი („მინდა“) – აუსლაუტში დარჩენილ ხმოვანზე ხმის აწევა, რაც დაკარგული ბგერისა თუ მარცვლის კომპენსაციაა; ხმოვნის მომდევნოდ სხვათა სიტყვის ო-ს დავიწროება: დაიჭირეე, სახლიე… ; და კავშირის ენკლიტიკად მირთვა წინა სიტყვასთან და ა ხმოვნის დაკარგვა: კაცი-დ; ხში-რად თანხმოვანი დ-ც იკარგება და მეტყველებისას ერთგვარი დაყოვნება ხდება; დამახასიათებელია სონორიან თანხმოვანთკომპლექსში ი ხმოვნის გაჩენა: თირთოლი („თრთოლა“), კირკილი (ძვ. „კრკილი ხმელთ ხორცთ მჭამელი ჭუა“ (საბა) და მისთ. ხშირია (როგორც სიტყვის თავში, ისე ბოლოში) ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია: -ვა> -ო: სცვავ> სცოვ („აცვია“) .-ვე> -ო: ქვეოდ – ქოოდ („მთლად“); -ო> -ვა (არხოტულ კილოკავში): არხოტი – არხვატი; -ვე და -მე ნაწილაკებს ეკვეცებათ -ე ხმოვანი: ჩვენავე – ჩეენავ; ვინამე – ვინამ …; აუსლაუტში აორისტის ე ვიწროვდება (ი-დ იქცევა) ან ზოგჯერ იკარგება: მივეგებე – მივეგები – მივე-გებ.

მორფოლოგია

მორფოლოგიაში: სახელობითი ბრუნვის ნიშანი ხმოვანფუძიან სახელებსაც ერთვის: მამა-ი, სხვა-ი…; ხშირად თანხმოვანფუძიან სახელებთან ეს ნიშანი ვიწროვდება და იკარგება: დები ხყავ – დებ ხყავ. რაიმე ელემენტის დართეისას ი აღდგება: დებ-ი-ც ხყავ. ასევე იკარგება მოთხრობითის -მა ფორმანტის -ა: ამხანაგებ-მ, რომელიც ბოლო პოზიციის დაკარგვისას აღდგება: ამხანაგებმა-ც: მიცემითში დასმული თანხმოვანფუძმიანი სიტყვა ადგილისა და დროის გარემოების ფუნქციით, როგორც წესი, მიცემითის ნიშანს არ ირთავს: ქალაქ მივა… თანხმოვანფუძიანი სახელი მიცემითის ნიშანს დაირთავს, როცა იგი მსაზღვრელია, მაგრამ საზღვრული აკლია: ჩვენ-ს წავიდათ (ჩვენს სახლში წავიდეთ). ადგილისა და დროის გარემოება ნანათესაობითარი მიცემითითაც აღინიშნება: მთისა-ს, დედულ-თ-ა-ს: მიცემითი ბრუნვა ვითარების გარემოებასაც გამოხატაეს: მზას იყვენით. -თვის თანდებულიანი ფორმის ნაცვლად იხმარება ნათესაობით-ვითარებითი… მოქმედებითი გამოიყენება გამოსვლითის ფუნქციითაც: მთ-ით (მთ-იდან); ამავე ფუნქციით იხმარება ნანათესაობითარი მოქმედებითიც: ქარქაშთ-ით. ვითარებითის -ად ფორმანტის -დ ძალიან ხშირად იკარგება და რჩება მხოლოდ -ა ან -დ: შენ-დ („შენთვის“). ვითარებითი ცელის -ში თანდებულიან ადგილის გარემოებას: ბარ-ად („ბარში“). რაოდენობის და რიცხვის შინაარსის მქონე ადგილის გარემოებებში -გან თანდებულს ცვლის -კან: სხვა-კან. -გან თანდებულის ვარიანტები -გეს || -გე დროის მნიშენელობის მქონე სიტყვებს ერთვის და დროის გარემოებებს ქმნის: აწ-იდ-გე (ს) („ამის შემდეგ“). თანდებულიანი ფორმები რთულდება ბრუნვის ნიშნით და სხვა თანდებულებითაც: მთა-ჩიგ-ურ ქერი („მთაში მოყვანილი ქერი”).

მრავლობითის -ნ, -თ(ა) სუფიქსები უსულო საგნების ერთი ეგზემპლარის გასაფორმებლადაც იხმარება: ქვა-ნ-ი: („ქვა“)… ეს სუფიქსები ცალკეული ოჯახის, ხოლო ზოგჯერ ნათესავ ოჯახთა შტო-გვარის აღსანიშნავადაც გამოიყენება.

ზმნაში დასტურდება II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა შემდეგი ფონეტიკური ვარიანტები: ტ, დ, თ, წ. ძ, ც, ჭ, ჯ, ჩ თანხმოენების წინ არის ს, რომელიც დ, ძ თანხმოვანთა წინ იქცევა ზ-დ, ჯ-ს წინ – ჟ-დ, ჭ-ს წინ – შ-დ. ყრუ პ, ფ, კ, ყ, ấ თანხმოვანთა წინ არის ჰ>; ხ; ბ, ვ, მ, გ, ნ, ლ, რ მჟღერების წინ – ჰ>ღ.

ხევსურულში დაცულია უძეელესი მადა შა- ზმნისწინები, რომელთა ადგილსაც ნელ-ნელა იკავებს ახალი მოდა შე-. რიგ შემთხვევაში იკარგება ქცევის სათავისო (ი) და სასხვისო (უ) ნიშნები: ხ-კვირს; მხოლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის ნიშანი (ს) არ იკარგება მრაელობითის თ-ს წინ: გაძლევ-ს-თ, გაშინებ-ს-თ…

ძველის გადმონაშთია უთემისნიშნო ზმნები: ლოკს-ს, ნაყ-ს… აგრეთვე: -ავ,-ამ თემისნიშანთა ხმოვანმონაცვლეობა პირაქეთულ კილოკავში: ხნ-ავე-ს – ხნ-ევ-დ-ა, იცვ-ამ-ს – იცვ-ემ-და.

ძველქართულისებრია სუბიექტური პირის ნიშანი III პირის მრავლობითში: ადგ-ეს წავიდ-ეს… ზოგი ზმნის წარმოება: წასწით-ო-ი-ს („წითელ ფერს იცემს“). ძველია აგრეთვე წარმოება ზმნისა: დგებ-ი-ს, კვდებ-ი-ს…

კავშირებითის წარმოება გაერთფეროვნებულია – ყოველგვარ ზმნას -ა ფორმანტი ერთვის: ჩეჩ-ა-ს, ჩეჩდ-ა-ს. თხრობითი კილოს აწმყოსა და წყვეტილის გასარჩევად კი იხმარება კავშირი რომ || რო. მრავლობითის თ-ს წინ -ა ისევ აღდგება: ე-ჩეჩ-ა-თ, ე-ჩეჩდ-ათ… III კავშირებითი იშვიათად გვხვდება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები