პოლისტირენბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 26 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Example.png
პოლისტირენბეტონის სამშენებლო ბლოკი

პოლისტირენბეტონი – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი; styrax სტირენი და -ēnē ბოლოსართი, რომელიც აღნიშნავს დაწყებას ან წყაროს და ფრანგ. béton ბეტონი < ლათ. bitūmen მინერალური ფისი; ასფალტი), მსუბუქი ბეტონის სახეობა, კომპოზიტური მასალა, რომლის შედგენილობაში შედის პორტლანდცემენტი, ფორებიანი შემვსები (აფუებული პოლისტირენის გრანულები), წყალი და ჰაერჩამთრევი დანამატები.

ზოგჯერ, როდესაც საჭიროა მკვრივი პოლისტირენბეტონის მიღება, შედგენილობას უმატებენ მინერალურ შემვსებსაც (ქვიშა). ასეთი გზით წარმოებული ბეტონი გამოირჩევა ჰიდროფობულობით, თბოსაიზოლაციო თვისებებით, მაღალი მზიდუნარიანობით, ცეცხლ-, ლპობა-, ბგერა- და ყინვამედეგობით. ბეტონის შემავსებლად აფუებული პოლისტირენი (სავაჭრო მარკა Styropor) პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა ფრიც სტესტნიმ 1951 წელს ქაფპოლისტირენის შექმნიდან რამდენიმე წელიწადში. ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად ევროპაში დაიწყეს პოლისტირენბეტონის (სტირენფორბეტონი) წარმოება, რომელშიც შემავსებლად იყენებდნენ ქაფპოლისტირენს. მართალია საწყის ეტაპზე, ამ შემავსებლის სიძვირის გამო, მისი გამოყენება მსუბუქ შემავსებლად არ იყო რენტაბელური, მაგრამ 1967 წლიდან ეს მიდგომა შეიცვალა ფასის შემცირებისა და დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების გამო. ქაფპოლისტირენმა თანდათან გამოაძევა სხვა მინერალური შემავსებლები და პოპულარული გახდა სამშენებლო ბაზარზე.

მსოფლიოში პოლისტირენბეტონის უდიდესი მომხმარებლებია: აშშ, კანადა და დასავლეთ ევროპა. პოლისტირენბეტონის გამოყენების სფეროა: მონოლითური ბინათმშებლობა (დაბალსართულიანი სახლები), კედლების, სახურავების, იატაკების, გადახურვების თბო- და ბგერაიზოლაცია, ტიხრები, ღობეები, როსტვერკები და ა.შ. მისგან ამზადებენ პოლისტიროლის სამშენებლო ბლოკებს სიმკვრივით 200-600 კგ/მ3, საფასადე დეკორატიულ გათბუნებულ პანელებს და სხვ. პოლისტირენბეტონი გამოირჩევა სიმსუბუქით, ეკონომიკურობით, ტექნოლოგიურობით, დაბალი წყალშეღწევადობით, ადვილდამუშავებადობით, მცირე შეკლებადობით, კარგი ადჰეზიური თვისებებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები