პოლისტირენბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლისტირენბეტონიი

პოლისტირენბეტონი – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი; styrax სტირენი და -ēnē ბოლოსართი, რომელიც აღნიშნავს დაწყებას ან წყაროს და ფრანგ. béton ბეტონი < ლათ. bitūmen მინერალური ფისი; ასფალტი), მსუბუქი ბეტონის სახეობა, კომპოზიტური მასალა, რომლის შედგენილობაში შედის პორტლანდცემენტი, ფორებიანი შემვსები (აფუებული პოლისტირენის გრანულები), წყალი და ჰაერჩამთრევი დანამატები.

თვით პოლისტირენი სინთეზური არომატული პოლიმერია, (თერმოპლასტიკური პლასტმასა), რომელიც წარმოადგენს სტირენის (ვინილბენზოლის) პოლიმერიზაციის პროდუქტს. იგი მაგარი, მყიფე, გამჭვირვალე მასალაა ფერების ფართო გამით. შეიძლება იყოს მაგარ ან აფუებულ მდგომარეობაში; ბლანტი, საშუალო ან მაღალი დარტყმითი სიმტკიცის. ქიმიური ფორმულა – (C8H8)n; სიმკვრივე – 960-1040 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – დაახლოებით 240°C. თერმულად მდგრადია 105°C ტემპერატურამდე, კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, წებვადია, წყალმედეგია. გრანულებისაგან ამზადებენ თბოსაიზოლაციო ფილებს, ექსტრუზიის მეთოდით – უჯრედოვან ქაფპოლისტირენს. გამოყენების სფეროა: თბოსაიზოლაციო, მოსაპირკეთებელი, დეკორატიული, საფილტრავი მასალები, სენდვიჩ-პანელები, ყალიბები, საყოფაცხოვრებო ნივთები (ჭურჭელი, შესაფუთი მასალები, ბავშვის სათამაშოები და სხვ.), მედიცინა, ელექტროტექნიკა (დიელექტრული ანტენები, კოაქსიალური კაბელები, კონდენსატორები, ელექტროხელსაწყოების კორპუსები), სამხედრო საქმე (ნაპალმის წარმოება) და ა.შ.

პოლისტირენბეტონის სამშენებლო ბლოკი

მსოფლიოში გავრცელებულია პოლისტირენის შემდეგი აბრევიატურები: PS – polystyrene (პო-ლისტირენი), GPPS – general purpose polystyrene (საერთო დანიშნულების პოლის-ტირენი, არადარტყმამედეგი); MIPS – medium-impact polystyrene (საშუალო დარტყმა-მედეგი); HIPS – high-impact polystyrene (დარტყმამედეგი პოლისტირენი); EPS – expanded polystyrene (აფუებადი პოლისტირენი).

როდესაც საჭიროა მკვრივი პოლისტირენბეტონის მიღება, შედგენილობას უმატებენ მინერალურ შემვსებს (ქვიშა). ასეთი გზით წარმოებული ბეტონი გამოირჩევა ჰიდროფობულობით, თბოსაიზოლაციო თვისებებით, მაღალი მზიდუნარიანობით, ცეცხლ, ლპობა, ბგერა და ყინვამედეგობით, მაღალი კონსტრუქციული სიმტკიცით.

პოლისტირენბეტონის ნაკეთობებში შეთავსებულია მშენებლობაში გამოყენებული სხვადასხვა საშენი მასალის უპირატესობანი: ბეტონის სიმტკიცე, მერქნისა და ქაფპოლისტირენის სიმსუბუქე და დამუშავების სიმარტივე, მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებები და სხვ. პასუხობს ნორმებით გათვალისწინებულ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს. იყენებენ საკედლე ბლოკებად მონოლითურ ბინათმშებლობაში (დაბალსართულიანი სახლები), კედლების, სახურავების, იატაკების, გადახურვების თბო და ბგერასაიზოლაციოდ, ტიხრებად, ღობეებად, როსტვერკებად, საკედლე პანელებად (პოლისტირენბეტონის საკედლე პანელი), გარე კედლების მოსაპირკეთებლად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები