ხევსურული დიალექტი
ხევსურული – ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის – ხევსურეთის მოსახლეობა.
ხევსურეთს კავკასიონის ქედი ორად ყოფს: პირაქეთა (ბუდე ხევსურეთი) და კავკასიონის გადაღმა მდებარე პირიქითა ხევსურეთად, რომელიც, თავის მხრივ, მაღალი მთებით გამიჯნულ ორ ხეობად იყოფა: აღმოსავლეთით მდინარე არღუნის სათავეებში განსახლებულ შატილისა და მიღმახევის თემებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან მთიელი ჩაჩნები, ანუ ქისტები, დასავლეთით კი მდინარე ასას სათავეებში მცხოვრებ არხოტის თემის ხევსურებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან მთიელი ინგუშები, ანუ ღილღველები (ღლილვები). მთლიანად ხევსურეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებიან თუშები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ფშაველები, ხოლო დასავლეთით – მოხევეები და მთიულ-გუდამაყრელები. ხევსურები ახლა ცხოვრობენ დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და გარდაბნის რ-ნებშიც.
ენობრივად ხევსურული ყველაზე უფრო ახლოა თუშურ, მოხეურ და ფშაურ დიალექტებთან და მათთან ერთად ქმნის ქართული ენის დიალექტთა ე. წ ფხოურ ჯგუფს (ა. შანიძე). სხვა ქართული დიალექტებისაგან გამოირჩევა არქაიზმების სიმრავლით, რაც მისი გარემოზღუდულობით უნდა აიხსნას. ხევსურულში ა. შანიძე გამოყოფს არხოტულ და შატილურ-მიღმახეურ კილოკავებს, რაც ამ კილოკავებში ზოგ ფონეტიკურ პროცესს, ინტონაციისა და მეტყველების ტემბრის განსხვავებულობას ემყარება.
პირაქეთულ-არხოტულში შატილურ-მიღმახეური ვარ || ვარი-ს ნაცვლად იხმარება ორ: შემასმენელი ენკლიტიკად მიერთვის სახელს: კაც-ორ, დღეი-ას… შატილურ-მიღმახეურში ეს პროცესები გამორიცხულია, თუმცა მეშველი ზმნის სრულიად დაკარგვა და მის სანაცვლოდ სახელის ი-ზე მეშველი ზმნის საკომპენსაციოდ მახვილის დასმა ყველა კილოკავში ერთნაირად ხდება (III პირის ორსავე რიცხვში): კაცი || კაცნი, დღეი || დღენი.
ხევსურულისათვის თავისებურად მიჩნეულია:
ფონოლოგიაში: ფონემა ჴ-ს არსებობა; ფონეტიკაში: ფართოდ გავრცელებული ბოლომოკვეცილი ფორმები, კერძოდ, ზმებში: მავი („მოვიდა“), მი („მინდა“) – აუსლაუტში დარჩენილ ხმოვანზე ხმის აწევა, რაც დაკარგული ბგერისა თუ მარცვლის კომპენსაციაა; ხმოვნის მომდევნოდ სხვათა სიტყვის ო-ს დავიწროება: დაიჭირეე, სახლიე… ; და კავშირის ენკლიტიკად მირთვა წინა სიტყვასთან და ა ხმოვნის დაკარგვა: კაცი-დ; ხში-რად თანხმოვანი დ-ც იკარგება და მეტყველებისას ერთგვარი დაყოვნება ხდება; დამახასიათებელია სონორიან თანხმოვანთკომპლექსში ი ხმოვნის გაჩენა: თირთოლი („თრთოლა“), კირკილი (ძვ. „კრკილი ხმელთ ხორცთ მჭამელი ჭუა“ (საბა) და მისთ. ხშირია (როგორც სიტყვის თავში, ისე ბოლოში) ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია: -ვა> -ო: სცვავ> სცოვ („აცვია“) .-ვე> -ო: ქვეოდ – ქოოდ („მთლად“); -ო> -ვა (არხოტულ კილოკავში): არხოტი – არხვატი; -ვე და -მე ნაწილაკებს ეკვეცებათ -ე ხმოვანი: ჩვენავე – ჩეენავ; ვინამე – ვინამ …; აუსლაუტში აორისტის ე ვიწროვდება (ი-დ იქცევა) ან ზოგჯერ იკარგება: მივეგებე – მივეგები – მივე-გებ.