ნიუსერრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:34, 10 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიუსერრა

ნიუსერრა – (ეგვ. n-wr-R, „ძლევამოსილია რას ძალით“, დაახლ. ჩვ.წ.მდე 2445-2421 წწ.), V დინასტიის მეექვსე ფარაონი, სავარაუდოდ, ნეფერირკარას შვილი და შეფსესკარას და ნეფერეფრას ძმა. იმეფა დაახლ. ოცდახუთ წელიწადს.

ნიუსერრა ბოლო ფარაონია, რომელმაც პირამიდა აბუსირში ააგო. თავისი პირამიდის კომპლექსისათვის მან გამოიყენა ნეფერირკარას პირამიდის კომპლექსის დაუსრულებელი კონსტრუქციები. ძალიან კარგად არის შემონახული მისი მზის ტაძარი, აბუსირის ჩრდილოეთით, აბუ გურაბის ბორცვზე. ესაა V დინასტიის ფარაონების მიერ აგებული ერთადერთი მზის ტაძარი, რომელიც მთლიანად ქვით არის ნაგები. კედლებზე გამოსახულია რას მიერ სამყაროს შექმნა და ფარაონის ხებსედის ამსახველი სცენები, რაც ასევე ხანგრძლივ მეფობაზე მიუთითებს. ნიუსერრას მოსახსენიებელი ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ინფორმაცია სამხედრო ექსპედიციების შესახებ ლიბიელების და სინაის ბედუინების წინააღმდეგ, და შესაძლოა, სამხრეთ პალესტინაში. მისი წარწერები შემონახულია ასევე სინაიზე, სპილენძის და ფირუზის საბადოებთან.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მისი მეფობის დროს პირამიდების მოვლა, რაც ადრე ირგვლივ მცხოვრებ რიგით ეგვიპტელებს ევალებოდათ, ქვეყნის უმაღლესი მოხელეების ხელში გადავიდა. მნიშვნელოვან ინფორმაციას დინასტიის მეორე ნახევარში გაჩენილ ტენდენციებზე გვაწვდის ნიუსერრას მეფობის დროს გარდაცვლილი მოხელის, ტის მასტაბა საქქარაში. მასტაბის ზომები, მორთულობის და მოხატულობის სიმდიდრე და ხარისხი გვამცნობს მოხელეების და პროვინციული არისტოკრატიის მიერ უზარმაზარი სიმდიდრის და ძალაუფლების მოხვეჭის, ასევე ფარაონისაგან ერთგვარი დამოუკიდებლობის შეგრძნების შესახებ. ამ ტენდენციამ თანდათან საფრთხე შეუქმნა ცენტრალურ ხელისუფლებას. ტი იყო „მეფის ოჯახის მთავარი დალაქი“, ნეფერირკარას და ნეფერეფრას პირამიდების კომპლექსების ზედამხედველი, ასევე ტბების და კულტივირებული მიწების ზედამხედველი, მაგრამ მიუხედავად ასეთი წოდებებისა, ვერცერთი კერძო პირი ვერ შეძლებდა თავისთვის ასეთი ზომის და მორთულობის სამარხის აგებას IV დინასტიის დროს, ვერც მატერიალური და ვერც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები