პერიბსენი
პერიბსენი – (დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXVIს.), მეორე დინასტიის ფარაონი. დინასტიის მესამე ფარაონის, ნინეჩერის შემდეგ, როგორც ჩანს, ვითარება ქვეყანაში უკვე საგრძნობლად აირია, რაზეც მეტყველებს რამდენიმე ეფემერული ფარაონის მეფობა, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა, ერთდროულად აცხადებდა პრეტენზიას ტახტზე. შესაძლოა, ამის მიზეზი გახდა ნებრას ახალი რელიგიური ორიენტაცია, რომელიც ჩრდილოეთის სასარგებლოდ სერიოზულ გადახრას ნიშნავდა. შესაძლოა ასევე, რომ სამხრეთი აღარ ექვემდებარებოდა მემფისის ფარაონებს, რომლებიც ეგვიპტეში ტრადიციულად ლეგიტიმურ სამეფო დინასტიებად იყვნენ მიჩნეული. ნიშანდობლივია ასევე, რომ ინფორმაცია ამ დროის შესახებ საოცრად ბუნდოვანია. გარკვეული ინტერვალის შემდეგ, შედარებით მეტია ცნობილი პერიბსენის შესახებ, რომელთანაც ბევრი უაღრესად საინტერესო გამოცანაა დაკავშირებული.
მეორე დინასტიის პირველი ფარაონები მემფისის ნეკროპოლისში იკრძალებოდნენ. პერიბსენმა დაარღვია ეს ტრადიცია და შორეული წინაპრების, I დინასტიის ფარაონების მსგავსად, თავისი საკმაოდ მოკრძალებული სამარხი აბიდოსში აიგო. ტახტზე ავიდა, როგორც სეხემიბი, და სერეხს მისი სახელით წინადინასტიური პერიოდიდან ტრადიციად ქცეული ხორის გამოსახულება ამშვენებს, მაგრამ თავისი არცთუ ისე ხანგრძლივი მეფობის დროს (სავარაუდოდ 17 წელი) დღეს უცნობი (შესაძლოა, პოლიტიკური) მიზეზების გამო შეიცვალა რელიგიური ორიენტაცია და გახდა პირველი ფარაონი, რომელმაც თავი სეტხთან გააიგივა. ამისათვის მან მიიღო ახალი სახელი, პერიბსენი. სერეხის თავზე პერიბსენის სახელით უკვე არა ხორის, არამედ სეტხის გამოსახულებას ვხედავთ, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა. მან წაშალა ძველი სახელი თავისი სამარხის წინ აღმართულ ორ სტელაზე და ახალი სახელით შეცვალა. ცნობების სიმწირის მიუხედავად, თითქმის აშკარაა, რომ ასეთი დრამატული ცვლილება მეფის სახელში და არსებაში (ფარაონი, რომელიც აქამდე ხორად იყო მიჩნეული, სეტხი გახდა) სერიოზულმა რელიგიურმა ცვლილებებმა გამოიწვია; შესაძლოა ასევე, რომ პოლიტიკური გავლენა მოიპოვა მოსახლეობამ, რომელიც სეტხის მიმდევარი იყო. ასევე, სავარაუდოდ, ხორის და სეტხის დაპირისპირებაში, რომელიც უფრო გვიანდელი პერიოდიდან ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტს წარმოადგენს, და სადაც ტრადიციულად სეტხი ზემო, ხორი კი – ქვემო ეგვიპტის სიმბოლოებად არიან წარმოჩენილი, რეალური ისტორიული მოვლენებია ასახული. დაპირისპირება და დაძაბულობა შესაძლოა II დინასტიის დასაწყისიდან გამძაფრდა, რაზეც სავარაუდოდ II დინასტიის პირველი ფარაონის, ხეტეპსეხემუის სახელიც მეტყველებს (ეგვ. Htpsmwj, ორივე ძალა მშვიდად არის“). ეს „ორი ძალა“ ყველაზე რეალურად სეტხი და ხორი შეიძლება ყოფილიყო. ეს იყო დაპირისპირება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ქვეყნის ორ ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტედ დაშლა, და ამიტომ სამხრეთის სამეფო სახლი ცდილობდა, მჭიდრო კავშირი დაემყარებინა ჩრდილოეთთან, და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა ჩრდილოეთის ღვთაებებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პერიბსენი-სეტხი აბიდოსში დაიკრძალა, ის, როგორც ჩანს, ამ სახელით მემფისიდან მეფობდა, რადგან მოხსენიებულია მეფეთა სიებში, რომლებშიც მხოლოდ მემფისის მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული მეფეებია დაფიქსირებული. მისი კულტი მემფისში IV დინასტიის დროსაც არსებობდა. სიტუაცია გაურკვეველია პერიბსენის შემდეგაც. მისი მემკვიდრის, სენედის (ან სენჯის) სამარხი ნაპოვნი არ არის, და ის დაფიქსირებულია მხოლოდ ერთადერთ, გიზეში ნაპოვნ ქვის ჭურჭელზე, თუმცა, როგორც ჩანს, ეგვიპტელები მას (სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო) მნიშვნელოვან მეფედ მიიჩნევდნენ, რადგან მისი კულტი გვიანობამდე არსებობდა და ნაპოვნია მისი ბრინჯაოს ქანდაკება, დამზადებული XXVI დინასტიის დროს. ამავე პერიოდით თარიღდება ასევე პრაქტიკულად უცნობი მეფეების სახელები (ნეფერკა, ნუბ-ნეფერი და სხვ.), მაგრამ ვითარება რადიკალურად იცვლება დინასტიის ბოლო ფარაონის, ხეტეპსეხემუის დროს.