ფარადეი მაიკლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 25 დეკემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ ფარადეი

მაიკლ ფარადეი – ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

მაიკლ ფარადეი დაიბადა 1791 წლის 22 სექტემბერს, იგი მესამე შვილი იყო ლონდონელი მჭედლის ჯეიმს ფარადეის ოჯახში…

მომავალმა გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლაც კი ვერ დაამთავრა. რათა ოჯახში მცირე შემოსავლისათვის ცოტა წაემატებინა, იძულებული შეიქნა შეეწყვიტა სწავლა და ამკინძავის შეგირდი გახდა, თუმცა ბრწყინვალედ შეისწავლა ეს ხელობა, მაგრამ მას წიგნების შინაარსი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მათი აკინძვა. ფარადეი ცდილობდა რაც შეიძლება სრულყოფილი განათლება მიეღო და დამოუკიდებლად მეცადინეობდა. ბევრს კითხულობდა, გარდა ამისა დაიწყო საღამოობით და კვირაობით სისტემატურად საჯარო ლექციებზე დასწრება, ასეთ ლექციებს დღეს ჩვენ სამეცნიერო-პოპულარულს ვუწოდებთ. ამაში მას ახალისებდა უფროსი ძმა, რომელიც ფულს აძლევდა შესასვლელი ბილეთის საყიდლად.

მეცნიერებით დიდად გატაცებული ახალგაზრდით დაინტერესდა ამკინძავი სახელოსნოს ერთ-ერთი კლიენტი ვინმე დანსი. მისი დახმარებით ფარადეიმ შეძლო მოესმინა ცნობილი ინგლისელი ქიმიკოსის დეივის ოთხი ლექცია. ეს ფარადეის ცხოვრებაში გარდატეხის მომენტი გახდა. 1812 წელი იყო, ფარადეი ამთავრებდა პრაქტიკას და შეეძლო მიეღო ოსტატის დიპლომი. მაგრამ ხელოსნის საქმიანობა ისე არ იზიდავდა მას, როგორც მეცნიერება. მაშინ მან გარისკა მიემართა დეივისთვის წერილით, იგი სთხოვდა, აეყვანა სამეფო ინსტიტუტში სამუშაოზე.

დევის ადგილზე ბევრი გააფრთხილებდა ახალგაზრდა ადამიანს ასეთი არაპრაქტიკული ნაბიჯის გადადგმაზე. დეივი სწორედ ასე მოიქცა, თუმცა ფარადეი მაინც მიიღო თავის ლაბორატორიაში ასისტენტად. ფარადეიმ კი განაცხადა: „როცა დამეხმარა განმეხორციელებინა ჩემი მისწრაფება მეცნიერებისაკენ, თან გამაფრთხილა, რომ ადრინდელი სამუშაო არ დამეტოვებინა. ამბობდა, რომ მეცნიერება მცირედ აჯილდოებს იმათ, ვინც თავს სწირავს მას. ჩემს შენიშვნაზე მეცნიერთა სულიერ კეთილშობილებაზე გაიღიმა და თქვა, რომ საჭიროა თავის შეკავება ასეთი შეფასებისაგან, რადგან მუშაობის რამდენიმე წელი ალბათ შეცვლის ჩემს შეხედულებებს.“

ასე დაიწყო ფარადეიმ ახალი განათლების მიღება, არა ამკინძავის სახელოსნოში, არამედ მეცნიერის ლაბორატორიაში, ნამდვილი სწავლა.

ფარადეი ეხმარებოდა დეივის ლაბორატორიაში, ალაგებდა, რეცხდა ჭურჭელს, ამასთან ერთად ეხმარებოდა დეივის მეუღლეს საოჯახო საქმეებში. მისი მცირე ჯამაგირი – კვირაში 25 შილინგი – დროთა განმავლობაში გახდა 100 გირვანქა სტერლინგი წელიწადში „ბინასთან, გათბობასთან და სანთლებთან ერთად“. „ბინა“ სამეფო ინსტიტუტში ლაბორატორიის ზემოთ ჰქონდა. იგი დღისით მუშაობდა იქ.

ასე, რომ თავისი მეცნიერული მუშაობის დასაწყისშივე ფარადეი მეცნიერებას უთმობდა არამარტო სამსახურის საათებს არამედ მთელ თავის თავისუფალ დროსაც.

დადგა 1813 წელი. ფარადეი დეივისა და მის მეუღლესთან ერთად, მიუხედავად ომისა საფრანგეთს და ინგლისს შორის, გაემგზავრა ევროპის კონტინენტზე. ფარადეი ამ მოგზაურობით უფრო ვრცლად გაეცნო მეცნიერულ პრობლემებს, ასევე პირადად ნახა იმ დროის გამოჩენილი მეცნიერები, მათ რიცხვში ამპერი და ვოლტა.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ, 1815 წელს, ფარადეი ისევ სამეფო ინსტიტუტში მუშაობდა ასისტენტის თანამდებობაზე. მისი ცოდნა, უნარი, დამოუკიდებელი სამუშაოს მოცულობა მუდმივად იზრდებოდა, მაგრამ ურთიერთობა მასა და დეივის შორის განუწყვეტლივ უარესდებოდა. შესაძლოა ქიმიკოსს დაეუფლა შური: მისმა სახელმა უკვე მწვერვალს მიაღწია, მაშინ როცა ახალგაზრდა თანაშემწის მეცნიერული კარიერა ასე ბრწყინვალედ დაიწყო. დეივისა და ფარადეის ურთიერთობაში დამახასიათებელი იყო შემდეგი ფაქტი. ფარადეიმ, სრულიად შემთხვევით, შეძლო თხევადი ქლორის მიღება. ამ აღმოჩენის შესახებ განაცხადა ჩვეულებრივად. დაწერა სტატია. ამ სტატიას დეივიმ მიაწერა შენიშვნა, თითქოს ამ კარგი ექსპერიმენტის პროექტის ავტორი თვითონ იყო, ხოლო ფარადეი მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი. 1824 წელს სამეფო საზოგადოების წევრად არჩევისათვის ფარადეის კანდიდატურა წამოაყენეს. ამ საზოგადოების თავმჯდომარე დეივი ამას შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა. საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ შემდგომში დეივიმ დასძლია შურის გრძნობა. სწორად შეაფასა ფარადეი გაცილებით ადრე, ვიდრე იგი გამოაქვეყნებდა ცნობილ სამეცნიერო შრომებს და ხშირად ამბობდა, რომ მისი, დეივის, ყველაზე უდიდესი აღმოჩენა იყო „ფარადეის აღმოჩენა“.

1824 წ. ფარადეი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1827 წ. პროფესორის კათედრა მიიღო. ასეთი პატივისცემა წარმოადგენდა აღიარებას მისი მეცნიერული საქმიანობისას რომელმაც ნაყოფი 1831 წელს მოგვცა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1821 წელს ერსტედის აღმოჩენის გავლენით ფარადეიმ ჩაწერა თავის დღიურში „გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად.“ ეს ფრაზა გახდა მისი კვლევების მეცნიერული პროგრამა ათი წლის განმავლობაში და 1831 წელს ელექტრომაგნიტური ინდუქციის აღმოჩენამდე მიიყვანა.

ფარადეიმ დაახვია რკინის ღეროზე ორი გრაგნილი ისე, რომ ერთი გრაგნილი მოთავსებული იყო ღეროს ერთ ბოლოზე, მეორე კი მეორე ბოლოზე. ერთი გრაგნილი მიუერთა გალვანომეტრს, მეორე კი მშრალი ელემენტების ბატარეას. გრაგნილებს არ ჰქონდათ გალვანური კავშირი და მოსალოდნელი არ იყო გალვანომეტრს დენის გავლა ეჩვენებინა იმ გრაგნილში, რომელიც შეერთებული არ იყო ბატარეასთან. მაგრამ ფარადეიმ შეამჩნია – ეს იყო სწორედ აღმოჩენის არსი, რომელსაც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული შედეგი ჰქონდა, – რომ პირველი გრაგნილის ბატარეასთან ჩართვის და გამორთვის მომენტში მეორე გრაგნილში აღიძვრებოდა დენი!

ფარადეიმ აღიარა, რომ დენი (როგორც დღეს ვამბობთ) მეორად გრაგნილში წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური მოვლენის შედეგად, რომელიც თან ახლავს პირველად გრაგნილში დენის გავლას. მივიღებთ თუ არა დენს ჩვეულებრივი მაგნიტის დახმარებით? ფარადეიმ დაახვია კოჭა მუყაოს ცილინდრზე, შეაერთა მისი ბოლოები გალვანომეტრთან და შედო ცილინდრის შუაგულში დამაგნიტებული რკინის ღერო. ექსპერიმენტის დროს გალვანომეტრმა აჩვენა, რომ კოჭას ხვიაში წარმოიქმნა დენი.

რა არის ამ ორ ცდაში საერთო, რა მოვლენა იწვევს პირველ და მეორე შემთხვევაში დენის წარმოშობას კოჭაში? ცვლადი მაგნიტური მოქმედება გრაგნილზე პირველ ცდაში დაკავშირებულია დენის წარმოშობასთან და შეწყვეტასთან პირველად ხვიაში, მეორე შემთხვევაში დენი წარმოიშობა მუდმივი მაგნიტის გადაადგილების შედეგად. ეს იმ მოვლენის არსია, რომელსაც ელექტრომაგნიტური ინდუქცია ეწოდება.

1833 წელი ფარადეის მეცნიერულ შემოქმედებაში აღსანიშნავია სხვა მიზეზითაც. სწორედ მაშინ დაიწყო თავისი შესანიშნავი ნაშრომის „ექსპერიმენტული გამოკვლევები ელექტრობაში“. (Fxperimental Researches in Flectricity), რომელსაც მთელი ოცდახუთი წლის განმავლობაში ყოველ წელს გამოსცემდნენ.

უკანასკნელად ის მონუმენტური მეცნიერული შრომა ოცდამეათეჯერ 1855 წელს გამოიცა.

ფარადეის ცხოვრება მეცნიერებისადმი უზომო თავდადების მაგალითს წარმოადგენს, მისი სამყარო თითქმის მთლიანად შემოსაზღვრული იყო იმ სახლის ზედა (მისი ბინა) და ქვედა (ლაბორატორია) სართულებით, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ესეც კი საკმარისი არ ეჩვენებოდა ფარადეის. ცხოვრება საკმაოდ ჩქარა გადიოდა იმასთან შედარებით, რის გაკეთებაც მას სურდა.

მის მიერ შედგენილი ნუსხიდან ვიგებთ, რომ მეცნიერული მუშაობისათვის დროის შემონახვის მიზნით ბევრს თმობდა:

– 1834 წელს ყველა საზეიმო დარბაზობაზე მიწვევაზე უარი თქვა და აღარ ატარებდა ექსპერტიზებს,

– 1835 წელს შეწყვიტა სამსახურში დავალებული ქიმიური ანალიზების ჩატარება.

– 1836 წელს უარი განაცხადა ინსტიტუტის პრეზიდიუმში დაკისრებულ მოვალეობაზე.

– 1837 წელს დილის ლექციების კითხვაზე თქვა უარი.

– 1838 წელს გადაწყვიტა კვირაში სამი დღე არავინ არ მიეღო.

და ბოლოს – 1840 და 1841 წლებში გაუქმებულ იქნა ლექციები ბავშვებისათვის და ეგრეთწოდებული „პარასკევები“, ე. ი. ყოველკვირეულ საღამოს მოხსენებები.

გაურკვეველიც კია მეცნიერების ამ ტიტანში ყველაზე მეტად რით მოვიხიბლოთ: მისი გენიალური მეცნიერული ინტუიციით თუ ნებისყოფითა და იმ შეუპოვრობით, რომლითაც დასახული მიზნებისაკენ მიისწრაფოდა. არაფერს არ შეეძლო ამ მისწრაფებაში მისი შეჩერება, მისი ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობასაც კი. აი, სიტყვები მიწერილი ერთ-ერთი მეგობრისადმი, ბარლოუსადმი:

„.. მეხსიერება ძალიან მიშლის ხელს. მეორე დღეს უკვე აღარ შემიძლია გავიხსენო ის შედეგები, რომელიც წინა დღეს მივიღე და იძულებული ვარ მრავალჯერ გავიმეორო მსჯელობის მთელი გზა. ჩაწერაც არ შველის, რადგანაც ამ შემთხვევაშიც მავიწყდება რომელი ასოებით წარმოვიდგინე ესა თუ ის სიტყვა…“

წერილი დაწერილია 1857 წელს, როდესაც ფარადეი მაქსველსა და ჰერცზე გაცილებით ადრე ცდილობდა მიეღო მანძილზე ელექტრომაგნიტური მოქმედების ეფექტი.

ხუთი წლის შემდეგ თავის წერილში მაიკლ ფარადეი წერდა: „.. ყოველთვის ვხევ ჩემს ჩანაწერებს, ვწერ სისულელეებს, არ ვიცი შევძლებ თუ არა საქმის დედა–არსზე რაიმეს დაწერას. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მძიმე მდგომარეობა. აღარ შემიძლია აღარაფრის დაწერა.“

უკვე სამოცდაათი წლის მოხუცმა ჩაატარა ცდები, რომლებიც კიდევ წლების განმავლობაში აღაფრთოვანებს ფიზიკოსებს.

მაიკლ ფარადეი გარდაიცვალა 1867 წლის 25 აგვისტოს. ამ თავმდაბალ ადამიანს, მჭედლის შვილს და მკინძავ ოსტატს, სამეფო საზოგადოების წევრს და ინსტიტუტის პროფესორს, უფლება ჰქონდა ეთქვა თავის თავზე; „Fxperi mentum aerein perennius“ – „მე ძეგლი ავიგე ბრინჯაოზე უფრო გამძლე.“

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები