ველის ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 14 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველის ტოროლა (ლათ. Melanocorypha calandra Linnaeus, 1766) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 3 სახეობა − ველის ტოროლა, ფრთათეთრი ტოროლა, ორკოპლიანი ტოროლა.

ველის ტოროლა სიდიდით სჭარბობს ჩვენში გავრცელებულ სხვა ტოროლებს, ფრთა 115-135 მმ-ია, კუდი – 60-75 მმ, ნისკარტი – 14-17 მმ, წონა 55-65 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზურგის მხარე მოყვითალო-რუხი აქვს, მაგრამ ბუმბულუბის შუა ნაწილი მუქი მურაა. გაზაფხულზე ყვითელი ფერი ხუნდება და ფრინველი უფრო რუხი ხდება. ფრთების მფარავებს ჟანგმიწისფერი ფართო არშიები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მკერდზე მოყვითალო ან რუხი ელფერით და არახშირი მოწაბლისფრო წინწკლებით. კისრის გვერდებზე დიდი შავი ლაქებია. ისინი ერთმანეთს არასოდეს არ უერთდებიან კისრის შუაში. ყურების მოწაბლისფრო ბუმბულები გამოყოფილია ამ შავი ლაქებისაგან თეთრი ზოლებით. წარბებიც თეთრია, მომქნევები მურა-რქისფერი. მეორე რიგის მომქნევების წვეროები ამოკვეთილია და დაახლოებით 10 მმ-ზე თეთრია. საჭის ბუმბულები მურაა, ცენტრალურ წყვილს ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ, ხოლო კიდურა წყვილი თითქმის მთლიანად თეთრია; საჭის დანარჩენ ბუმბულებს წვეროები თეთრი აქვთ. ნისკარტი მოყვითალოა, ფეხები – ჭუჭყიანი ხორცისფერი.

ცნობილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ველის, ტოროლა – M. c. calandra Linn., 1766.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში – სამხრეთ საფრანგეთს, პირენეის, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს, ჩრდილოეთით რუმინეთამდე; სიცილიას, სარდინიასა და კორსიკას, უკრაინასა და კავკასიას; აფრიკაშიმაროკოს, ალჟირის ჩრდილოეთ ნაწილს და ტუნისს; აზიაში – მდ. ურალის შუა წელიდან, ემბის ველებს, მუგაჯირის მთებამდე და უსტურტის პლატოს აღმოსავლეთ რაიონებამდე; გარდა ამისა, მცირე აზიას, ირანს, შუა აზიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს და ყაზახეთის აღმოსავლეთ რაიონებს – ზაისანის ქვაბულამდე. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, თუმცა მას შეიძლება ზამთარშიაც შევხვდეთ. დასავლეთ საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში, ზოგჯერ – ზამთარშიც.

ბიოტოპი

ბუდობს წივანა-აბზინდიან ნაირბალახოვან ველებზე, ყამირსა თუ კულტურულ ნაკვეთებზე, მარცვლოვანთა მაღალბალახიან მინდვრებში და პურის ყანებში. მომთაბარეობისა და მიმოფრენის დროს გვხვდება გაშლილი ველების ნაირგვარ ადგილებში.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს დაკორდებული ბალახების ძირში, პატარა ორმოში, ხმელი ბალახისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მარტის ბოლოს, ხოლო მეორედ – ივნისის შუა რიცხვებში. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 16 დღეს გრძელდება.

კვება

სხვა ტოროლების მსგავსად, ზაფხულში თითქმის მხოლოდ მწერებით იკვებება. ჭამს ყოველგვარ მწერს, რომლებსაც კი პოულობს მიწაზე. სხვა დროს იკვებება სარეველა მცენარეთა და ხორბლის ჩაცვენილი თესლებით.

მნიშვნელობა

მავნე მწერებისა და სარეველა მცენარეთა თესლების მასობრივად განადგურებით, ველის ტოროლას დიდი სარგებლობა მოაქვს. გარდა ამისა, იგი შესანიშნავად გალობს, რისთვისაც მას ხშირად გალიებშიც ინახავენ.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები