კლდის მერცხალი
კლდის მერცხალი (ლათ. Ptyonoprogne rupestris Scopolf, 1769) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მერცხლისებრნი (Hirundinidae)
- გვარი − მთის მერცხალი (Ptyonoprogne)
კლდის მერცხალი პატარა ზომის მერცხალია, ფრთა 125-135 მმ-ია, კუდი – 55-60 მმ, ნისკარტი – 7-8 მმ, წონა 20-25 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზურგის მხარეს ზრდასრული ფრინველი მურა-კლდისფერი ან მურა-რუხია, ფრთებზე და ზოგიერთების თავზე რამდენადმე უფრო მუქი. სხეულის ქვემო მხარე ღია მურა ან ჭუჭყიანი მოთეთრო ფერისაა, მუცელზე მურა ჟანგმიწისფერი ელფერით. ყელი ღია, თითქმის მოთეთროა, წვრილი მურა სამკუთხა წინწკლებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა. საჭის ბუმბულების შიგნითა მარაოებზე, გარდა შუა და კიდურა წყვილებისა, ოვალური ფორმის თითო თეთრი ლაქაა. კუდი მცირედ, მხოლოდ 4-6 მმ-ითაა ამოკვეთილი. ნისკარტი შავია, ფეხები – ღია მურა ფერის.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური კლდის მერცხალი – P. r. rupestris Scop., 1769.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთი ევროპის, ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის, შუა და ცენტრალური აზიის შედარებით ვიწრო ზოლს. ევროპაში ბუდობს ესპანეთში, სამხრეთ საფრანგეთში, ალპებში, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე, კავკასიაში; აზიაში – წინა და შუა აზიის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ინდოეთში და ჩინეთში; აფრიკაში – ატლასის მთებში. იზამთრებს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში (საჰარის ჩრდილოეთით), ეთიოპიასა და სუდანში, აგრეთვე არაბეთის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მობუდარია.
ბიოტოპი
მაღალი მთების ღრმა, კლდოვანი ხეობები და ხრამები, უპირატესად მდინარეების ან სხვა წყალსატევების მახლობლად. ვერტიკალურად ვრცელდება მთავარ კავკასიონზე 2500 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ჩვეულებრივად ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მიწისა და ნერწყვის ნარევისაგან, ამაგრებს მას კლდეთა კედლების პატარა ჩაღრმავებაში. ბუდე ღია, ჯამის ფორმისაა, წააგავს სოფლის მერცხლის ბუდეს. მაისის ბოლოს დებს 3-4 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.
კვება
ძირითადი საკვებია პატარა ზომის მფრინავი მწერები.
მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ მთებში უამრავ მწერს ანადგურებს, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.