ჩვეულებრივი ღაჟო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 16 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი ღაჟო (ლათ. Lanius cristatus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი ღაჟო პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 83-95 მმ-ია, კუდი – 75-82 მმ, ნისკარტი – 11-14 მმ, წონა – 25–35 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაშიც კარგადაა გამოხატული. დიდი ვარიაციებია ქვესახეობების შეფერილობაშიც. კავკასიური ქვესახეობის მამალი თავსა და კისრის ზემო მხარეს ნაცრისფერია; შუბლზე ვიწრო შავი ზოლია, იგი თვალებსა და ყურებზეც გადადის; ზურგის წინა ნაწილი, მხრები და ფრთების მფარავები ქარცია; წელი – მოქარცისფრო-რუხი, კუდზედა ბუმბულები – რუხი. მომქნევები მოშავო-მურაა; ფრთების დიდი და საშუალო მფარავები და მეორე რიგის უკანა მომქნევები ქარცია, მუქი ცენტრებით. საჭის შუა ბუმბულები მოშავოა. საჭის დანარჩენ ბუმბულებზე არის თეთრის მეტ-ნაკლები ნარევი. ყელი, კუდქვეშა და ფრთებისქვეშა ბუმბულები თეთრია, დანარჩენი მუცლის მხარე – თეთრი, მოვარდისფრო ელფერით. დედალი თავსა და კისერზე მორუხო-მურაა; ზურგზე ქარცი ფერი, მამალთან შედარებით, ნაკლებად მკვეთრია; წელი მორუხო-მურაა, კუდზედა ბუმბულები ქარცია, მუქი განივი ზოლებით; საჭის შუა წყვილი მოქარცისფრო-მურაა. თეთრი ფერი კიდურა ბუმბულებზეც კი უმნიშვნელოა. ყურების მფარავები მუქი მურაა. მუცლის მხარე მოთეთროა, მუქი განივი ტალღისებური ზოლებით − კისრის გვერდებზე, ჩიჩახვზე, მკერდსა და სხეულის გვერდებზე. ნისკარტი და ფეხები შავი აქვთ.

აღწერილია 10-ზე მეტი ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჩვეულებრივი ღაჟო – L. c. kobylini Buturlin, 1906.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილს: დასავლეთით – სამხრეთ ბრიტანეთსა და საფრანგეთს (არაა ესპანეთსა და პორტუგალიაში); ჩრდილოეთით – მე-60 და 64-ე პარალელებამდე – ევროპაში და 66-ე პარალელამდე, კოლიმამდე და ანადირამდე − აზიაში; სამხრეთით – მთელ ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, სირიაში, ჩრდილოეთ ირანში, შუა აზიაში, მონგოლეთსა და მანჯურიაში; აღმოსავლეთით – კამჩატკაზე, კურილისა და იაპონიის კუნძულებზე. ზამთარს ატარებს სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთში, სამხრეთ აზიაში და ინდო-ავსტრალიის კუნძულებზე. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ტიპობრივი ადგილსამყოფელია ბუჩქნარიანი მინდვრები და მდელოები, ტყისპირები, ბაღები და პარკები, ბალახნარიანი და ქვა-ღორღიანი ნაკვეთები, ხმელტოტებიანი ბუჩქებით.

გამრავლება

ბუდეს აგებს, უპირატესად მამალი, ხეზე, ბუჩქზე, ბალახისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. მაისის პირველ ნახევარში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, ხოლო მამალი ამ დროს კვებავს დედალს და შემდეგ ბარტყებსაც. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

კვება

ჩვეულებრივი ღაჟოს ძირითადი საკვებია ნაირგვარი დიდი ზომის მწერები, აგრეთვე პატარა ზომის ხერხემლიანები – თაგვისებური მღრღნელები, ხვლიკები, ამფიბიები, პატარა ფრინველები და მათი ბარტყები.

მნიშვნელობა

მწერებისა და მღრღნელების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ჩვეულებრივ ღაჟოს წვრთნიან მიმინოს მისატყუებლად და დასაჭერად.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები