შოპენი ფრიდერიკ ფრანციშეკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:09, 16 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი – (22 თებერვალი (1 მარტი) 1810, ჟელიაზოვა-ვოლია, ვარშავის მახლობლად – 17 ოქტომბერი 1849, პარიზი), პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი. შოპენი 1816-იდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას ჩეხ მუსიკოს ვ. ჟივნისთან ვარშავაში. ლიცეუმში სწავლისას (1823- 26) განაგრძობდა ფორტეპიანოზე მეცადინეობას, მართავდა კონცერტებს; კომპოზიციის თეორია გაიარა ი. ელსნერის ხელმძღვანელობით (1822-იდან), რომელთანაც დაამთავრა ვარშავის „მუსიკის მთავარი სკოლა“ (1826-29). პირველი ნაწარმოებები (2 პოლონეზი) 11 წლისამ შექმნა. 1825-29 გაეცნო პოლონეთის სხვადასხვა კუთხის ყოფასა და მუსიკას. იყო საგასტროლოდ ბერლინსა (1828) და ვენაში (1829). 1830 ნოემბერში დამთავრდა შოპენის ცხოვრების ვარშავის პერიოდი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მის შემოქმედებით ფორმირებაში. ამ დროს შექმნა 2 საფორტეპიანო კონცერტი, სონატა, პირველი მაზურკები, პოლონეზები, ნოქტიურნები, ეტიუდები და სხვ., რომლებშიც მკაფიოდ გამოვლინდა მისი მხატვრული ინდივიდუალობა, მუსიკის ნათელი ეროვნული ხასიათი. შოპენის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა პოლონეთის აჯანყებამ, რომლის დაწყებისას (1830) იგი ვენაში იმყოფებოდა. შოპენი მიუნხენისა და შტუტგარტის გავლით პარიზს გაემგზავრა. შტუტგარტში დაწერა განთქმული „რევოლუციური ეტიუდი“ (1831), რომელიც შთააგონა ვარშავის დაცემის ტრაგიკულმა ამბავმა.

1831 სექტემბრიდან შოპენი ცხოვრობდა პარიზში, სადაც შექმნა თავისი უმთავრესი ნაწარმოებები. აქ ხვდებოდა ფ. ლისტს, ე. დელაკრუას, ჰ. ბერლიოზს, ჰ. ჰაინეს, მეგობრობდა ჟ. სანდთან (ერთად ცხოვრობდნენ 1838-47), ვ. ბელინისთან და სხვ. 1832 პარიზში დაიწყო შოპენის ტრიუმფული საკონცერტო გამოსვლები. ძირითადად ასრულებდა საკუთარ ნაწარმოებებს. 1848 გამართა გასტროლები ინგლისში. ბოლო წლებში მძიმედ იყო დაავადებული ტუბერკულიოზით; გარდაიცვალა პარიზში; დაკრძალულია იქვე, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. ხოლო მისი გული, რომელიც მისივე ანდერძით ვარშავაში გადაიტანეს, წმ. ჯვრის ეკლესიის ერთ-ერთ სვეტშია დატანებული.

შოპენის შემოქმედება პოლონეთის და მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია.ტიპური რომანტიკოსი, იგი თავის ქმნილებებს კლასიკურად სრულყოფილ ფორმებში აყალიბებს. შოპენი ერთი პირველთაგანია მუსიკის მელოდიური სიმდიდრითა და სტილის სრულყოფილებით. მის მუსიკაში შერწყმულია ნატიფი ლირიკა, დრამატული პათოსი და ტრაგიკული ჰეროიკა, არისტოკრატიული სული და ჭეშმარიტი დემოკრატიზმი.

შოპენი ნოვატორი კომპოზიტორია, რაც თავს იჩენს მისი მუსიკალური სტილის ყველა კომპონენტში (მელოდიკაში, რიტმიკაში და განსაკუთრებით, ჰარმონიაში), ახალი მუსიკალური ფორმების ძიებაში (მაგ., მან პირველმა დაამკვიდრა საფორტეპიანო მუსიკაში სკერცოს, ბალადის ფორმები), დამოუკიდებელი მნიშვნელობა მიანიჭა პრელუდიას, ახლებური მხატვრული გააზრება მისცა ეტიუდს, მაღალი მხატვრული განზოგადების დონეზე აიყვანა საცეკვაო ჟანრები. შოპენმა ძლიერი გავლენა მოახდინა მთელ ევროპულ მუსიკაზე. შოპენის მუსიკალურ შემოქმედებას ღრმა კვალი დაამჩნია კომპოზიტორის ტრაგიკულმა ბიოგრაფიამ. ნოსტალგიის გრძნობით არის გამსჭვალული მისი შემოქმედების დიდი ნაწილი. პატრიოტულ-ეროვნული იდეები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიხატა მის ოთხნაწილიან სონატაში სი- ბემოლ მინორი (1839), რომელშიც მე-3 ნაწილად შეიტანა თავისი ცნობილი „სამგლოვიარო მარში“ (1837), აგრეთვე პოლონეზებსა და მაზურკებში. შოპენი თითქმის მთლიანად შემოიფარგლა საფორტეპიანო ჟანრით. ის თვითონ იყო შესანიშნავი პიანისტი. შექმნა ორიგინალური საშემსრულებლო სტილი, რომელშიც მღერადობა და სინატიფე შერწყმულია სიღრმესთან და ვირტუოზულ ბრწყინვალებასთან.

1927-იდან ვარშავაში იმართება პიანისტთა შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსები. 1949 თბილისში გაიმართა შოპენის სახელობის რესპუბლიკური კონკურსი. შოპენის ნაწარმოებების შესანიშნავ შემსრულებლებად არიან აღიარებულნი თ. ამირეჯიბი და ე. ვირსალაძე.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები