ცინცაძე სულხან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულხან ცინცაძე – 23 აგვისტო 1925, გორი — 5 სექტემბერი 1995, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს (1961) და სსრკ. (1987) სახალხო არტისტი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ჩელოსა (1950, ხელმძვანელი ს. კოზოლუპოვი) და კომპოზიციის (1953, ხელმძვანელი ს. ბოგატირიოვი) სპეციალობებით. 1944-46 იგი საქართველოს სახელმწიფოს სიმებიანი კვარტეტის სოლისტია, 1963-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1965-84 რექტორი, 1973-იდან – პროფესორი (სპეც. ინსტრუმენტირების კლასი), 1984-91 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

სულხან ცინცაძე მუშაობდა მუსიკალური შემოქმედების ყველა უმთავრეს ჟანრში, განსაკუთრებული წარმატება და საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად მის 12 სიმებიან კვარტეტს (1947-90) და საკვარტეტო მინიატიურებს, მიღწევები აქვს მუსიკალური თეატრისა და კინომუსიკის („ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“, „თოჯინები იცინიან“, „ჯარისკაცის მამა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „ჩრდილი გზაზე“, „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვ.) დარგში. მისი ნაწარმოებებია: 2 ოპერა (მათ შორის „განდეგილი“, 1972), ბალეტები – „ცისფერი მთის საუნჯე“ (1954), „დემონი“ (1961). „ანტიკური ესკიზები“ (1973), „დალი და მონადირე“ (1977, ყველა დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), „რივარესი“ (1982, დაიდგა მოსკოვში კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრში), 5 სიმფონია (1952-1985), ოპერეტები: „აბლაბუდა“ (1960), „სიმღერა ტყეში“ (1967), „შვეიკი“ (1976, ყველა დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში), ორატორია „უკვდავება“ (1970), 2 საფორტეპიანო (1949, 1968), 2 სავიოლინო (1968, 1977), 2 ჩელოს (1947, 1964) კონცერტი, 24 პრელუდია ფორტეპიანოს (1971), ჩელოს (1980) და ვიოლინოსათვის (1986). ზ. ფალიაშვილის სახელობის (1977), შ. რუსთაველის სახელობის (1981), სსრკ სახელმწიფო (1950) პრემიების და პრაღის, ვარშავისა და მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია. ცსულხან ცინცაძეს ხშირად იწვევდნენ შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად. სულხან ცინცაძე თანამედროვე ქართული მუსიკის კლასიკოსად არის აღიარებული. ავტორია წიგნისა „გაორკესტრების ტექნიკა“ (თბ. 2003).

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები