შავთავა წივწივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:18, 31 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავთავა წივწივა (ლათ. Parus palustris Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავთავა წივწივა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 60-70 მმ-ია, კუდი – 55-70 მმ, ნისკარტი – 7-9 მმ, წონა – 10-12 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრულ ფრინველს თავი ზემოდან და კისრის უკანა მხარე შავი აქვს, ლურჯი მეტალური ელვარებით. ზურგი და ფრთების მფარავები მოქვიშისფრო ან მოწაბლისფრო-რუხია, მოცისფრო ანარეკლის გარეშე. ფრთებისა და საჭის ბუმბულები მორუხო-რქისფერია, უფრო ღია ფერის ვიწრო არშიებით. ყელზე აქვს შავი ლაქა. თავის გვერდები თეთრია, კისერზე ჟანგმიწისფერი ელფერით. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მსუბუქი ჟანგმიწისფერი ან მორუხო ელფერით. ნისკარტი შავია, ფეხები – მოცისფრო- რუხი.

აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში ზოგჯერ მოიპოვება ყაბარდოული შავთავა წივწივა – P. p. cabardensis Buturlin, 1929.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი ძალიან დანაწევრებულია და მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს ევროპასა და აზიაში. მათ შორის ყველაზე ვრცელია არეალის დასავლეთევროპული ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთით მიდის სკანდინავიის სამხრეთ ნაწილამდე და ბალტიის ზღვის სანაპიროებამდე; სამხრეთით ვრცელდება სიცილიაზე, სარდინიაზე, იტალიაში და ბალკანეთის ქვეყნებში; დასავლეთით – ინგლისში, ირლანდიასა და საფრანგეთში (ესპანეთსა და პორტუგალიაში არაა). აღმოსავლეთით მოიცავს სსრ კავშირის ევროპული ნაწილისა და კავკასიის ტყისა და ნაწილობრივ ტყე-ველის ზონებს, აგრეთვე მცირე აზიას. გარდა ამისა, მოიპოვება ალტაის მთებში, ზღვისპირეთის მხარეში, სახალინზე, კურილის კუნძულებზე, იაპონიაში, მანჯურიაში, კორეასა და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში მომთაბარეა, ხოლო სამხრეთში – მობინადრე. საქართველოში შავთავა წივწივა არაა რეგისტრირებული, მაგრამ დასაშვებია მისი არსებობა მთავარი კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთ კალთებზე.

ბიოტოპი

ბინადრობს მთების ფოთლოვან, იშვიათად შერეულ ტყეებში, მეტწილად – ნაკადულების ან ჭაობიანი ადგილების მახლობლად.

გამრავლება

სხვა წივწივების მსგავსად, მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ფუღუროებში, ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი. წელიწადში ორჯერ მრავლდება. პირველად აპრილში დებს 7-10 კვერცხს, ხოლო მეორედ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში – 6-9 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღეს გრძელდება.

კვება

მეტწილად ენტომოფაგი ფრინველია, იკვებება ტყის მწერებით, რომელთა შორის ბევრია ტყის მავნებელი. ჭამს ობობებსაც, მცირე რაოდენობით – თესლებსა და კენკრასაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები