სტურუა რობერტ
რობერტ სტურუა – (31.07.1938, თბილისი), ქართველი რეჟისორი. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, დირექტორი, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981). თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).
დაიბადა თბილისში ცნობილი ქართველი მხატვრის, სტალინური პრემიის ლაურეატის, რობერტ ივანეს ძე სტურუას ოჯახში, 1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, იმავე წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორია, 1975-იდან მთავარი რეჟისორი, 1980-დან სამხატვრო ხელმძღვანელი.
განვლილი ათწლეულების მანძილზე მისმა არაერთმა დადგმამ სახელი გაუთქვა რუსთაველის სახელობის თეატრს. რობერტ სტურუა ორიგინალური ხელწერის ხელოვანია, გამუდმებით ახლის ძიებაშია, მიმართავს გროტესკს, ირონიას, არატრადიციულ სცენურ საშუალებებს… ღრმად გააზრებული მისი სპექტაკლები სანახაობრივად იტაცებს თვალს, მისი დადგმები ინტერესს იწვევენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხო ქვეყნებშიც.
რობერტ სტურუას ნამუშევრებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია: ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, შექსპირის „რიჩარდ III“ და დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგმული), რომელიც უცხოელი მაყურებლისთვისაც კი გასაგები და მახლობელია. სტურუას გახმაურებული სპექტაკლებია: ა. მილერის „სეილემის პროცესი“ (1965), ა. ცაგარელის „ხანუმა“ (1968), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, შექსპირის „მეფე ლირი“, კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“ (1992), ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (1993), „იაკობის სახარება“ (1995), გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით), გრ. რობაქიძის „ლამარა“ (1996). შექსპირის 37 პიესიდან 17 დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში. 120-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლი აქვს დადგმული საქართველოში და საზღვარგარეთ.
აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუა ავტორია მის მიერვე დადგმული რამდენიმე დრამატული ლიტერატურული ნაწარმოების: პიესების ― „განაჩენი“ (1960) და „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1982), თეატრალური მოთხრობის — „შემოდგომის ორი დღის ქრონიკა“ (1983)
1981 წელს რეჟისორ რობერტ სტურუას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლისათვის „რიჩარდ III“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რობერტ სტურუას საოპერო დადგმებია: თბილისის საოპერო თეატრში — ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“ (1983), გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984), ჯ. ვერდის „ოტელო“ (1991), ჟ. ბიზეს „კარმენი“ (1999); პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (ბოლონიის მუნიციპალური საოპერო თეატრი, 1990), გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (ვაიმარის საოპერო თეატრი, 1999), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (რომის საოპერო თეატრი, 2002), პ. ჩაიკოვსკის „მაზეპა“ (მოსკოვის დიდი თეატრი, 2004) და სხვ.
2011 წლიდან რობერტ სტურუა მოსკოვის თეატრის "Et Cetera"-ს მთავარი რეჟისორია; 2013 წლიდან თბილისში გახსნა საკუთარი თეატრი „ფაბრიკა“;
მისი ბიოგრაფია შეტანილია ოქსფორდის და გერმანიის თეატრალურ ენციკლოპედიებში.
წყარო
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი