უკრაინული სალამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:13, 26 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკრაინული სალამურა – (Eudontomyzon mariae)

ლ. ს. ბერგმა (1931) დაადგინა სალამურას ეს სახე და მოგვცა მისი გაგრცელების არეალი, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ მდინარეებს პრუტიდან მოყოლებული დონსა და ყუბანამდე დასავლეთ საქართველოს ჩათვლით. დოც. გ. კოკოჩაშვილის მიერ ბათუმის მახლობელი მდინარიდან გამოკვლეულია ზრდასრული მამალი და დედალი 114 მმ სიგრძის უკრაინული სალამურა.

1952 წლის ივნისში მდინარე კოდორის შესართავიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით პატარა ნაკადულში მოპოვებულ იქნა 160 მმ სიგრძის მდინარის სალამურა Lampetra planer. მდინარის სალამურა (ცნობილია აგრეთვე პალიასტომის ტბიდან.

პირის დისკოს პერიფერიაზე უკრაინულ სალამურას აქვს ტუჩის მრავალრიცხოვანი წვრილი კბილები. ჩვეულებრივ, ისინი რამდენიმე მწკრივად არიან ჩაწყობილი. ქვედა ტუჩზე რამდენიმე მწკრივად განლაგებულია ქვედა ტუჩის კბილები, მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, ერთიან ზოლს არა ჰქმნიან, ქვედა ყბის ფირფიტაზე 5-10 კბილია, უფრო ხშირად 7-8. ზედა ყბის ფირფიტაზე 2 კბილია, რომელთა შუა გვხვდება პატარა კბილი, რომელიც. ზოგჯერ ასიმეტრიული მდებარეობისაა; ზოგჯერ კიდეების მსხვილ კბილებს შორის მოთავსებულია 3 მეტად მსხვილი კბილი. ტუჩის გვერდითი კბილები თითოეულ მხარეზე 3 ან 4-ია. ისინი, ჩვეულებრივ, სამკაპი არ არიან (შუათანა ორკაპია, ხოლო ზედა და ქვედა არ არიან გათიშული). ენის წინა ფირფიტაზე შუათანა (შუალედი) კბილის ორივე მხარეზე ორ-ორი მეტად პატარა კბილია.

ყბების ფირფიტებზე კბილები უმეტეს შემთხვევაში ბლაგვია, ზოგიერთებს კბილები წამახვილებული აქვს. სქესობრივად მომწიფებული ინდივიდების ზურგის ფარფლები ერთმანეთს ეხებიან. მათი ქვირითი მსხვილია და მისი დიამეტრი ერთ მილიმეტრს აღემატება. სამხრეთ რუსეთის მდინარეებში ეს სალამურები ტოფობას იწყებენ აპრილსა და მაისის პირველი ათ რიცხვამდე.

სხეულის მთლიანი სიგრძე 21 სმ-მდე აღწევს. ეს სალამურა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში როგორიცაა: ხობი, ენგური, კოდორი, მაჩარა, კელასური, გუმისტა, ბზიფი და სხვ. მათი ლარვები ცნობილია ბათუმის მიდამოებიდან; ჩვენ მიერ აღწერილ იქნა მდ. კოდორიდან (1952 წ.).

საქართველოს ფარგლებს გარეთ სალამურას ეს სახე გავრცელებულია შემდეგ მდინარეებში: ყუბანში, დონში, დნეპრში, დნესტრსა და პრუტში.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები