კონსერვატიული ნაციონალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსერვატიული ნაციონალიზმი − ისტორიულად, კონსერვატიული ნაციონალიზმი უფრო გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე ლიბერალური ნაციონალიზმი. XIX საუკ. ბოლომდე, კონსერვატიული ყაიდის პოლიტიკოსები ნაციონალიზმს დამანგრეველ და რევოლუციურ მოძღვრებადაც კი მიიჩნევდნენ. თუმცა, გავიდა დრო და სულ უფრო და უფრო მეტად გამოიკვეთა კავშირი კონსერვატიზმსა და ნაციონალიზმს შორის: მაგალითად, დიზრაელის „ერთიანი ერის“ იდეალსა თუ ბისმარკის სურვილში, გერმანული ნაციონალიზმი პრუსიის იმპერიის გაფართოების მიზნებისთვის გამოეყენებინა, აგრეთვე რუსეთის მეფე ალექსანდრე III-ის მიერ პან-სლავური ნაციონალიზმის განდიდებაში. დღესდღეობით, ნაციონალიზმი უკვე ძალზე ბევრი კონსერვატორის მრწამსის განუყოფელ ნაწილად იქცა. გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მკაფიოდ ეს გამოვლინდა მარგერიტ ტეტჩერის რეაქციით ფოლკლენდის ომში მოპოვებულ გამარჯვებაზე 1982 წ. და ამის გამოხატულებაა აგრეთვე, კონსერვატორი მემარჯვენეების ჯიუტი ევროსკეპტიციზმი — კერძოდ, „ფედერალური ევროპის“ კონცეფციის მიმართ. ნაციონალიზმის მსგავსი ფორმა უცხო არ იყო არც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისათვის, როცა რეიგანის ბრძანებით, ამერიკის საზღვაო ქვეითები გრენადაში შეიჭრნენ, ან როცა ბუშმა პანამაში გადასხა ჯარი.

კონსერვატორთათვის ერი ბუნებრივ ერთიანობაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანთა ლტოლვა მათკენ, ვისაც მისნაირივე შეხედულებები, ადათ-წესები, ცხოვრების ნირი და ხასიათი აქვს. მოკლედ, ეროვნული მთლიანობის წევრობით, ადამიანები უსაფრთხოებასა და თავისთავადობას ეძიებენ. ამ თვალსაზრისით, პატრიოტიზმი და ეროვნულობის შეგნება საერთო წარსულის იდეას უკავშირდება, და ნაციონალიზმს ისტორიით გამოცდილი ღირებულებებისა და ინსტიტუტების დაცვად გარდასახავს. ამრიგად, ნაციონალიზმი უკვე ტრადიციონალიზმის ერთგვარი ფორმა ხდება და ამიტომაც ახასიათებს კონსერვატიულ ნაციონალიზმს გამოკვეთილად ნოსტალგიური და წარსულისაკენ მიმართული ხედვა. ამერიკელი კონსერვატორებისათვის ესაა „ახალმოსახლე მამების“, დამოუკიდებლობისათვის ომის, ფილადელფიის შეთანხმების, და სხვა მსგავსი ისტორიული თემები; ინგლისელთათვის კი ეროვნული პატრიოტიზმი — მონარქიის ინსტიტუტთან დაკავშირებული სიმბოლოებისადმი ერთგულებაში ვლინდება: გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ჰიმნი „ღმერთო ფარვიდე დედოფალსა“ — საერთო სამღერია და სამეფო ოჯახიც დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნისას.

კონსერვატიული ნაციონალიზმი უფრო ხშირად, უკვე ჩამოყალიბებულ ეროვნულ სახელმწიფოებში იჩენს ხოლმე თავს და მას, როგორც წესი, ეროვნული საფრთხის განცდა ასაზრდოებს — გარეგანი თუ შიდა. შიდა საფრთხედ, ტრადიციულად, კლასობრივი ანტაგონიზმი და საბოლოო ჯამში, სოციალური რევოლუცია მოიაზრებოდა; ამ თვალსაზრისით, კონსერვატორები ნაციონალიზმში სოციალიზმის მეხამრიდს ხედავდნენ: როცა პატრიოტული აღტკინება კლასობრივ სოლიდარობას გადაწონის, მუშათა კლასიც ერის განუყოფელი ნაწილი ხდებაო. ამდენად, კონსერვატიული აზროვნების დამახასიათებელი თვისება ეროვნული მთლიანობისაკენ მოწოდება და უყოყმანო პატრიოტიზმის სამოქალაქო ღირსებად გაცხადებაა. ეროვნული თვითმყოფადობის გარეგან საფრთხეებად კი იმიგრაცია და ზე-ეროვნულობა ცხადდება.

იმიგრაციის საფრთხეს კონსერვატორები იმაში ხედავენ, რომ იგი საუკუნოვან ეროვნულ კულტურასა და ეთნიკურ თვითმყოფადობას ემუქრებადა შესაბამისად, მტრობასა და გაუცხოებას უწყობს ხელს. მსგავსი შიში XX საუკ. 60-იან წწ. ინგლისშიც გამოთქვა ენოქ პაუელმა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ გაგვაფრთხილა — ბრიტანეთის თანამეგობრობის სხვადასხვა ქვეყნებიდან შემდგომი იმიგრაცია რასობრივი დაპირისპირებისა დაძალადობის მიზეზი გახდებაო. მსგავს თემებზე საუბრობდა 1979 წ. მარგარეტ ტეტჩერიც, და გაერთიანებული სამეფოს იმიგრანტთაგან წალეკვის საფრთხეს უსვამდა ხაზს. ინგლისში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში აგორებული ანტი-იმიგრაციული კამპანიები სულ კონსერვატიული ნაციონალიზმით იყო შთაგონებული. სხვანი კიდევ გაიძახიან — ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას ზე-ეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება და კულტური გლობალიზაცია ემუქრებაო. ანუ, ბრიტანეთისა და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან ერთიანი ვალუტის შემოღების წინააღმდეგ გამოსვლა არამარტო ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშით აიხსნება, არამედ იმ რწმენითაც, რომ ეროვნული ვალუტა გამორჩეული თვითმყოფადობის ერთი სიმბოლოთაგანია.

კონსერვატიულ ნაციონალიზმი ხშირად კი გამხდარა სამხედრო კონფლიქტებისა და მიწების დატაცების მიზეზი, მაგრამ თავისი ბუნებით ის უფრო კარჩაკეტილობისა და თვითჩაღრმავებისკენაა მიდრეკილი. თუკი ესა თუ ის კონსერვატიული ხელისუფლება იყენებს კიდეც საგარეო პოლიტიკას საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ამის მიზეზი უბრალოდ, პოლიტიკური ოპორტუნიზმია და არა კონსერვატიული ნაციონალიზმის თავისთავად აგრესიული ბუნება. ამიტომაც აკრიტიკებენ მას როგორც მმართველი ელიტის მხრიდან იდეოლოგიური მანიპულირების საშუალებას.თუ ასე შევხედავთ, „ერი“ შეიძლება მართლაც მივიჩნიოთ პოლიტიკური ლიდერებისა თუ მმართველი ელიტის გამონაგონად, საზოგადოებრივი სიმშვიდისა და პოლიტიკური პასიურობის უზრუნველყოფის მიზნით. უხეშად თუ ვიტყვით, ნებისმიერი, წყალწაღებული ხელისუფლება „ეროვნულობის“ ხავსს ეჭიდება ხოლმე. უფრო სამართლიანი კრიტიკა კი მისი შეუწყნარებლობისადა შეუვალობის მისამართით გაისმის. თვითკმარი ნაციონალიზმი ერის მხოლოდ ვიწროდ კულტურულ გაგებას აღიარებს: ერი მოიაზრება როგორც განსაკუთრებული ეთნიკური ჯგუფი, რაღაც „დიდი ოჯახის“ მსგავსი.

მკვეთრი ზღვარია გავლებული ჩვენიანსა და უცხოს შორის. კულტურულ შეურყვნელობასა და ტრადიციათა ერთგულებაზე საუბრისას, კონსერვატორებმა იმიგრანტები და საერთოდ, უცხოელები შეიძლება სერიოზულ საფრთხედაც მიიჩნიონ და ამდენად, რასიზმი და ქსენოფობია კანონის რანგშიც კი აიყვანონ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები