პოლიკლეტოსი
პოლიკლეტოსი − ძვ. წ. V ს. II ნახევრის გამოჩენილი ბერძენი მოქანდაკე.
პოლიკლეტოსი ბერძნული კლასიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერძნული სკულპტურის განვითარების ისტორიაში. თუ მირონის შემოქმედებითი ძალები მიმართული იყო იმისაკენ, რომ გადმოეცა ადამიანის სხეული რთულ მოძრაობაში, პოლიკლეტოსი სულ სხვა ამოცანებს ისახავდა მიზნად. იგი ქმნიდა მშვიდად მდგარი ჭაბუკების − ათლეტების ფიგურებს, რომლებშიც ცდილობდა ეპოვა ადამიანის სხეულის სრულყოფილი, მშვენიერი პროპორციები, შეექმნა იდეალური გმირის მხატვრული სახე, რომელიც თავისებურ ნორმად იქცეოდა. ამისათვის იგი სხეულის ცალკეული ნაწილების მათემატიკურ გამოთვლებს აწარმოებდა და მათ შორის თანაფარდობას ადგენდა. სოკრატეს თქმით, ამქვეყნიურ სამყაროში არ არსებობს ფორმის სრულყოფილება, მისი მიღწევა მხოლოდ ხელოვნების ქმნილებაშია შესაძლებელი. ჰარმონიული მთელი შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა ცალკეული სრულყოფილი და ჰარმონიული ფორმის ბუნებიდან ამოკრეფით და მათემატიკური გაანგარიშების საფუძველზე მათი შერწყმით. ეს გამონათქვამი პლასტიკას რომ მივუსადაგოთ, გამოვა, რომ სრულყოფილი სხეული ბუნებაში არ არსებობს. ადამიანს სხეულის ერთი ნაწილი აქვს მშვენიიერი ვთქვათ, ხელის მტევანი ან მკერდი, მეორეს კი – სხვა. საჭიროა ამ სრულყოფილ ნაწილთა ამოკრეფა და მათი შეერთება, ოღონდ გააზრებულად, რაციონალურად, რათა, საბოლოო ჯამში, მივიღოთ სრულყოფილი და მშვენიერი სხეული. მაგრამ ვინ იცის, როგორია ეს სრულყოფილი და მშვენიერი სხეული? საქმე ისაა, რომ ბერძნები აღიარებდნენ სამყაროს, კოსმოსის ჰარმონიას; ისინი თვლიდნენ, რომ ყოველივეს, ამქვეყნად არსებულსა და ადამიანის ხელით შექმნილს იქ, მიღმიერ სამყაროში გააჩნია თავისი პირველსახე, არქეტიპი, ან, როგორც პლატონი იტყოდა, იდეა. ყოველი ნივთი შეიძლება იყოს მრავალნაირი, მაგრამ იდეალურ სამყაროში არსებობს ამ ნივთის პირველსახე, რომელიც ყველაზე სრულყოფილი და ჰარმონიულია. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზეც. სწორედ აშ პირველსახისაკენ სწრაფვა და მისი ასახვაა, ბერძნების აზრით, ხელოვნების მიზანი.
არისტოტელე ხელოვნებაში ორ ხაზს განასხვავებს: ხელოსნობას და ჭეშმარიტ ხელოვნებას. ხელოსნობა - ესაა ბუნებაში არსებული საგნების ასახვა, მათი პირდაპირი გადმოტანა; ჭეშმარიტი ხელოვნება კი საგანს ასახავს არა ისე, როგორიცაა ის ბუნებაში, არამედ მიილტვის ღვთაებრივი პირველსახისაკენ. ამ საზომით, ადამიანის სხეულის გადმოცემისას, ბერძენი ოსტატები ცდილობდნენ, ყველა არსებულ თუ შესაძლო ფორმათა და პროპორციათაგან ეპოვათ ის ერთი, ყველაზე სრულყოფილი და ჰარმონიული. ამისათვის მხატვრული ნაწარმოების შექმნისას ოსტატები მათემატიკურ გაანგარიშებებს აწარმოებდნენ. ამ ეპოქისათვის ეს სრულიად კანონზომიერი მოვლენა იყო და ასეთ მიდგომას, ფილოსოფიური საფუძველიც კი გააჩნდა პითაგორას მოძღვრებაში. მისი აზრით, ვინაიდან კოსმოსის ჰარმონიას რიცხვითი თანაფარდობები განსაზღვრავდა, შესაბამისად, ჰარმონიის მისაღწევად ადამიანის ნახელავსაც ანალოგიური პრინციპი ანუ მათემატიკური გამოთვლები უნდა დასდებოდა საფუძვლად.
სწორედ ამისკენ მიისწრაფვოდა პოლიკლეტოსიც. მან საგანგებო ტრაქტატიც კი შექმნა, რომელსაც „კანონი“ ერქვა და რომელშიც ჩამოყალიბებული იყო მისი შეხედულება ადამიანის სხეულის ჰარმონიული პროპორციების შესახებ. პოლიკლეტოსმა საზომ ერთეულად, ანუ მოდულად, მიიჩნია ადამიანის სიმაღლე და მას შეუფარდა სხეულის დანარჩენი ნაწილები. მაგ., თავი სხეულის 1/7 უნდა ყოფილიყო ანუ 7-ჯერ უნდა ჩატეულიყო სხეულში, სახე და ხელის მტევნები – 1/10, ფეხის ტერფები - 1/6. პოლიკლეტოსის ტრაქტატის – „კანონის“ ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ ფრაგმენტში ჩვენ ამოვიკითხავთ ოსტატის აზრს, რომ მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილება დამოკიდებულია მრავალ რიცხვით თანაფარდობაზე და მცირეოდენი გადახრაც კი იწვევს ჰარმონიის რღვევას. აქედან ჩანს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიკლეტოსი მათემატიკურ გაანგარიშებას მხატვრული ნაწარმოების შექმნისას.
პოლიკლეტოსმა თავის ტრაქტატში დადგენილი პროპორციების მიხედვით შექმნა ცნობილი ნამუშევარი − ახალგაზრდა ათლეტის ბრინჯაოს ფიგურა, ე.წ. „დორიფოროსი“ შუბოსანი (ძვ.წ 450-440 წწ.).
პოლიკლეტოსის კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია „დიადუმენოსი“ (გამარჯვებულის გვირგვინით [ლენტით] თავშემკული), რომელიც ასევე რომაული ასლითაა ჩვენთვის ცნობილი. ამ შემთხვევაშიც ჭაბუკია წარმოდგენილი კონტრაპოსტით, რომელიც თავზე გამარჯვებულის ლენტს იკრავს.