ეგვიპტის დედოფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტის დედოფალი – განსხვავებით ფარაონისაგან, რომელიც ძველ ეგვიპტეში ღვთაება იყო, დედოფალი „ღვთაების დედად“, „ღვთაების მეუღლედ ან „ღვთაების შვილად“ იყო მიჩნეული, რადგან მისი ფარაონი მამის, შვილის ან ქმრის ღვთაებრიობა მის ძალაუფლებასთან, და არა მის პიროვნებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ შესაძლოა გამომდინარე იმ მაღალი მდგომარეობიდან, რომელიც ეგვიპტეში ქალს ეკავა, დედოფლის ფაქტორი უდიდესი იყო სამეფო მემკვიდრეობითობისათვის.

მონოგამიურ ეგვიპტეში ფარაონს პოლიტიკური და რელიგიური მიზეზების გამო ბევრი მეუღლე, მაგრამ მხოლოდ ერთი დედოფალი ჰყავდა. ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრეებად მხოლოდ მთავარი მეუღლის (დედოფლის) შვილები ითვლებოდნენ. დედოფალი ჩვეულებრივ „ღვთაების (ე.ი. ფარაონის) შვილი“ უნდა ყოფილიყო, და ამდენად ფარაონის და, ან ნახევარი და იყო. ფარაონის ვაჟიშვილი „მეორე რიგის“ ცოლისაგან არ ითვლებოდა ტახტის კანონიერ მემკვიდრედ და მისი ლეგიტიმირება მხოლოდ დედოფლის ქალიშვილზე ქორწინებით იყო შესაძლებელი, რადგან თუმცა თვითონ დედოფალი არ ითვლებოდა ღვთაებად, ეგვიპტელთა წარმოდგენით, „ღვთაებრიობა“ ფარაონზე სწორედ დედოფლის ხაზით გადადიოდა. ასეთი წარმოდგენის გამო ეგვიპტურ სამეფო ოჯახებში დამკვიდრდა „შიდა ოჯახური“ ქორწინებები და ხშირად მომხდარა კონფლიქტები, როცა ფარაონს და დედოფალს საერთო ვაჟიშვილი არ ჰყავდათ.

ყველაზე ცნობილი ასეთი კონფლიქტებიდან არის კონფლიქტი ხატშეპსუტსა და თოტმეს III-ს შორის, როცა იმ მიზეზით, რომ თოტმეს III-ის დედა „ღვთაებრივი სისხლის“ გადამცემი დედოფალი არ იყო, ხატშეპსუტმა მოახერხა მისი ტახტიდან ჩამოგდება და თითქმის ჩვიდმეტ წელს იმეფა, როგორც ფარაონმა. დედოფალს ჰქონდა რეგენტის სტატუსი მცირეწლოვანი ფარაონის მეფობის დროს, რაც უკვე I დინასტიის დროს არის დაფიქსირებული, როცა დედოფალი მერნეიტი მცირეწლოვანი დენის რეგენტი იყო, და ასეთი შემთხვევები ბევრია. მეფის ინსტიტუტი (შესაძლოა კი ეგვიპტელის აზროვნება) იმდენად მოქნილი აღმოჩნდა, რომ თუმცა ის თავისი არსებით მამაკაც მეფეებს ითვალისწინებდა, რადგან ფარაონი ჯერ კიდევ წინადინასტიური დროიდან მამრ ღვთაებასთან, ხორთან იყო გაიგივებული, მან ქალი-ფარაონის ლეგიტიმურობაც დაუშვა. ასეთი შემთხვევები, ბუნდოვანი ნიტოკრისის გარდა (ძველი სამეფო), სულ სამია ცნობილი: სობეკნეფრუ (XII დინასტიის დასასრული), ხატშეპსუტი (XVIII დინასტია) და ტაოსრეტი (XIX დინასტიის დასასრული).

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები