ელექტრომაგნიტური გამოსხივება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრომაგნიტური გამოსხივება – ელექტრული მუხტების რხევის შედეგად აღძრული ტალღები. ელექტრომაგნიტური ტალღების ენერგია ფართოდ გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა სფეროში: მრეწველობაში, რადიოკავშირსა და რადიომაუწყებლობაში, ტელეხედვაში, რადიოლოკაციაში, რადიომეტეოროლოგიასა და ასტრონომიაში, რადიონავიგაციაში, მედიცინაში. გარემოში ელექტრომაგნიტურ ველებს ავრცელებს ტექნოლოგიური პროცესებისთვის ელექტრომაგნიტური ენერგიის წარმომქმნელი, გადამცემი და გამომყენებელი სისტემები. მაგ., ელექტრომაგნიტური ველები აღიძვრება ელექტროტრანსპორტის მოძრაობისას, ელექტროგადამცემი ხაზების გავლის ზონაში. კოსმოსური აპარატების ფუნქციონირებას თან ახლავს რადიოგადამცემი სისტემების ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ზემოქმედების შედეგად ხურდება იონოსფერო. ეს ართულებს რადიოკავშირს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის მის რეგულირებას. ელექტრომაგნიტური ტალღების ხელოვნური წყაროებია: მოქმედი ელექტროდანადგარი, ინდუქტორი, გენერატორი, ტრანსფორმატორი, ელექტრომაგნიტი, ანტენა, ზემაღალი სიხშირის გენერატორი და სხვ.

ელექტრომაგნიტური გამოსხივების ბუნებრივი წყაროებია: ატმოსფერული ელექტრობა, მზის და გალაქტიკის რადიოგამოსხივება, დედამიწის ელექტრული და მაგნიტური ველები. ელექტრომაგნიტური ტალღები მასის არმქონე გამოსხივებაა, რომელიც ფოტონებით ვრცელდება. ფოტონი ანუ კვანტი არის ნულოვანი მასის მქონე ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი. ასეთი ნაკადის სახით ვრცელდება გარემოში რადიოტალღები, ხილული სინათლე, აგრეთვე ლაზერის, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, რენტგენის და გამა-გამოსხივება. ჰაერში ელექტრომაგნიტური ველი ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღების სახით. მისი გავრცელების სიჩქარე სინათლის სიჩქარეს უახლოვდება. ელექტრომაგნიტური რხევების ძირითადი პარამეტრებია: ტალღის სიგრძე, რხევის სიხშირე და გარემოში გავრცელების სიჩქარე. ელექტრომაგნიტური ველი ხასიათდება სივრცეში უწყვეტად გავრცელებით, დამუხტულ ნაწილაკებზე და ელექტრულ დენზე მოქმედების უნარით, რის შედეგადაც ელექტრომაგნიტური ველის ენერგია გარდაიქმნება ენერგიის სხვა სახეში. ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს ცვლადი ელექტრული ველისა და მასთან უწყვეტად დაკავშირებული მაგნიტური ველის ერთობლიობას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები