მეტალახია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტალახია

მეტალახია (ლათ. Limicola falcinellus Pontoppidan, 1763) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მეტალახია.

მეტალახია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 100-110 მმ-ია, გალო – 20-25 მმ, ნისკარტი – 28-35 მმ, წონა – 35-45 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-შავია, ბუმბულების კიდეებზე თეთრი არშიებით. თხემის შუა ნაწილი შუბლიდან კეფამდე ასევე მურა-შავია, მაგრამ შემოვლებულია ვიწრო თეთრი გასწვრივი ზოლებით. ფრთისქვეშა კიდურა ბუმბულებს მურა-რუხი წინწკლები აქვთ. დანარჩენი ფრთისქვეშა და იღლიის ბუმბულები, აგრეთვე ნიკაპი, ყელი, მკერდის უკანა ნაწილი, მუცელი და კუდის ქვემო მფარავები თეთრია. კისერი წინიდან მოთეთროა. ჩიჩახვი, მკერდის წინა ნაწილი და სხეულის გვერდები, აგრეთვე მომქნევები მურა ფერისაა. პირველი მომქნევის ღერო თეთრია, დანარჩენებისა – მუქი, მაგრამ – რამდენადმე უფრო ღია ფერის, ვიდრე მათი მარაოები. საჭის ბუმბულები მურა-რუხია, თეთრი ღეროებით. საჭის შუა წყვილი ყველაზე მუქია და არა აქვს თეთრი ღეროები. ნისკარტი შავია და გალოზე მნიშვნელოვნად გრძელი. ნესტოების ღარები ოდნავ შესამჩნევია, რადგან ნისკარტი ზემოდან შებრტყელებულია. ზამთარში სხეულის ზემო მხარე კვამლისფერ-მურაა, ქვემო მხარე – თეთრი, ყელი და ჩიჩახვი – ვიწრო გასწვრივი შტრიხებით.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური მეტალახია – L. f. falcinellus Pontopp., 1763.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ჭაობებს ტაიგის ჩრდილოეთ ნაწილში და მთელ ტუნდრის ზონას, სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებიდან, აღმოსავლეთით ანადირის აუზამდე. ზამთრობს აფრიკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ, აგრეთვე აზიის მთელ სამხრეთ სანაპირო ნაწილში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბუდობის დროს ეტანება ბალახნარებიან ჭაობებს როგორც დაბლობებში, ისე მაღლობ ადგილებშიც, სადაც კარგად იმალება ბალახებში.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, ბალახის მშრალ კორდებზე ჭაობებს შორის. ივნისის შუა რიცხვებში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

მეტალახიას საკვებს შეადგენენ მწერები, მათი ლარვები, აგრეთვე მოლუსკები, ჭიები და ბალახების თესლები.

მნიშვნელობა

პატარა ზომისა და მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები