პაინოჯემ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაინოჯემ IIმენხეპერრას ვაჟიშვილი და პაინოჯემ I-ის შვილიშვილი, გახდა ამონის მთავარი ქურუმი ფარაონ ამონემოპეს დროს, თავისი უფროსი ძმის, სმენდესის შემდეგ, რომელიც თანამდებობის მიღებიდან მალე გარდაიცვალა. ჰყავდა ორი მთავარი ცოლი – თავისი და ისტემხები და ძმიშვილი ნესიხონსი. განსაკუთრებით ისტემხების თანამდებობები ნათლად მეტყველებს, თუ როგორ დაეუფლა თებეს მმართველი ოჯახი პრაქტიკულად ყველა ძალაუფლების ბერკეტს და შემოსავლის წყაროს. ისტემხები იყო ამონის ცოლების სახლის უფროსი, მუტის და ხონსუს მისანი, ასევე ორივე ღვთაების ტაძრების მნე. ამას გარდა, თებეს გარეთ ის იყო ამონის მისანი იუ-რუდში (ქალაქი მეთექვსმეტე ზემოეგვიპტურ ნომში), ხატხორის მისანი კუსაში, მინის, ხორის და ისიდას მისანი ახმიმში, ოსირისის, ხორის და ისიდას მისანი აბიდოსში, ონურის-შუს მისანი ტინისში და ნეხბეტის მისანი ელ-ქაბში. ნესიხონსს, რომელიც ასევე იყო ამონის ცოლების სახლის უფროსი, ეკავა ხნუმის და ამონის მისნის თანამდებობები მედინეტ ჰაბუში. ამას გარდა, პაინოჯემი იყო სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი და მეფის ნაცვალი ნუბიაში. რასაკვირველია, შეუძლებელი იყო ყველა ამ თანამდებობაზე რეალურად მოვალეობის შესრულება, მაგრამ ისინი უდავოდ უზარმაზარი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. პაინოჯემ II გარდაიცვალა შემდეგი მეფის, სიამუნის მეათე წელს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები