სადგისნისკარტა
სადგისნისკარტა (ლათ. Recurvirostra_avosetta Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − სადგისნისკარტა
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ოჩოფეხები (Himantopodinae)
- გვარი − სადგისნისკარტა (Recurvirostra)
სადგისნისკარტა მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 200-230 მმ-ია, გალო – 85-100 მმ, ნისკარტი – 75-95 მმ, წონა – 350-370 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის თავი და კისერი ზემოდან, თვალების ირგვლივი მიდამოები, ზოლი მხრიდან ზურგის შუა ნაწილისაკენ, პირველი რიგის მომქნევები, მხრებისა და ფრთების მცირე მფარავები შავია, მოყავისფრო ელფერით. ბუმბულსაფარველის დანარჩენი ნაწილი როგორც ზურგის, ისე მუცლის მხარეს, თეთრია. წვრილი და გრძელი, ბოლოში მახვილი და რკალისებურად ზემოთ ძლიერ ახრილი ნისკარტი შავია, მონაცრისფრო-რუხი ფერის ფეხები მაღალი და ოთხთითიანი. ღრმად ამოკვეთილი საცურავი აპკი გამონაზარდების სახით თითების გვერდებზე თითქმის ბოლომდე მიჰყვება თითებს. სეზონური დიმორფიზმი სუსტადაა გამოხატული.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ბევრგან არაა დაზუსტებული. მისი გავრცელება ევროპაში სპორადულია. აზიაში მოიპოვება ძირითადად ტაიგისა და ველების ზონებში. უნდა ბუდობდეს აფრიკის სამხრეთ ნაწილშიც. დადგენილი არაა ზამთრობის არეალიც. საქართველოში სადგისნისკარტას ბუდობა ფაქტობრივი მასალით არაა დადასტურებული, ხოლო მიმოფრენის პერიოდებში მოიპოვება მრავალ ადგილას, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე.
ბიოტოპი
ბუდობის დროს ბინადრობს უპირატესად მლაშე ტბების სანაპიროებზე, ტალახიან და ჭანჭრობიან ნაკვეთებზე, რომლებიც თითქმის სრულიად თავისუფალია ლელის, ბალახნარებისა და, მით უფრო, ბუჩქნარებისაგან. ან სველ საფლობ ჭაობებში, ზოგჯერ რამდენადმე მშრალი ნაპირებით, წყლის უშუალო სიახლოვეს. მიმოფრენის დროს ჩერდება მცენარეულობას მოკლებულ ტბორებთან.
გამრავლება
სადგისნისკარტა კოლონიებად მობუდარი მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს მიწაზე მშრალ ადგილას, რომელიც ამოფენილია ხმელი ბალახით, წვრილი ღეროებით, ნიჟარებით თუ სხვა მასალით. მაისის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.
კვება
სადგისნისკარტას კვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მლაშე წყლის კიბოსნაირები, კერძოდ არტემია. გარდა ამისა, იკვებება ბუზებით, მათი მატლებით, წვრილი მოლუსკებით და წყლის სხვა უხერხემლოებით. მიმოფრენის პერიოდში საკვებს პოულობს მტკნარწყლიანი ტბორების ნაპირებთანაც.
მნიშვნელობა
მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა საკმაოდ მოზრდილი ფრინველია.