ტელ-ელ-ავმარნის დიპლომატიური არქივი
ტელ-ელ-ავმარნის დიპლომატიური არქივი – ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოთა დიპლომატიური ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი წყარო. აღმოჩნდა 1887 კაიროს სამხრეთით (315 კმ), მდინარე ნილოსის სანაპიროზე.
არქივი შეიცავს ლურსმული დამწერლობით შესრულებულ ტექსტებს იმდროინდელ საერთაშორისო ენაზე, აქადურზე. საწერ მასალად გამოყენებულია თიხის ფირფიტები, მიკვლეულია 400-ე მეტი დოკუმენტი. არქეოლოგიური გათხრებით დამტკიცდა, რომ ტელ-ელ-ამარსის ადგილას არსებობდა ფარაონ ამენჰოტეპ IV (ეხნატონის) დედაქალაქი ახეტატონი („ატონის ჰორიზონტი“). ყველა ფირფიტის ტექსტი დიპლომატიური შინაარსისაა და თარიღდება ახალი სამეფოს – ეგვიპტის ორი ფარაონის – ამენჰოტეპ III-ის (ძვ.წ. 1411-1372) და ამენჰოტეპ IV-ის (ეხნატონის, ძვ.წ. 1372-1353) მეფობის წლებით. არქივში დაცულია ბაბილონის, მითანის, ასურეთის, ხეთების, არცავის მეფეთა წერილები ფარაონებისადმი. დიდი რაოდენობითაა აგრეთვე ეგვიპტის ქვეშევრდომ პალესტინის, სირიისა და ფინიკიის გამგებელთა ინფორმაციები. არქივის ძირითადი ფონდია აზიიდან შემოსული მასალები, ხოლო აზიაში გასაგზავნ კორესპონდენციებს უმნიშვნელო ადგილი უჭირავს. ტექსტებში გამოკვეთილად ჩანს განსხვავება ფარაონების თანაბარი დონის მეფეებისა და დამოკიდებული მმართველების ურთიერთობაში. დოკუმენტებში თანაბარუფლებიანი მეფეები ერთმანეთს უწოდებენ „ძმებს“, უფრო ძლიერს ან ასაკით უფროსს უწოდებენ „მამას“, საკუთარ თავს კი „შვილს“. დამოკიდებული მმართველები ფარაონს მოიხსენიებენ „ბატონად“, საკუთარ თავს – „მონად“, „მსახურად“. ტექსტებში ხაზგასმულია დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა სტატუსი და ფუნქციები. თიხის ფირფიტები გვაუწყებენ, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა დინასტიურ ქორწინებას, მდიდრულ საჩუქრებს და სხვ. არქივი სერიოზულ ინფორმაციას იძლევა საერთაშორისო ურთიერთობათა პირველი ნაბიჯების შესახებ.