ყორნისებრნი
ყორნისებრნი (ლათ. Corvidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ყორნისებრთა ოჯახში გაერთიანებულია საშუალო და დიდი ზომის ბეღურასნაირ ფრინველთა დიდი ჯგუფი, მაგარი აგებულებით, ძლიერი ფეხებით, საკმაოდ მძლავრი და მსხვილი ნისკარტით. მათ შორის ყველაზე პატარა 90 გ- მდე იწონის, ხოლო ყველაზე დიდი 1700 გ-მდე აღწევს. ნისკარტი მეტწილად სწორი ან ოდნავ მოხრილია, ნისკარტზედას ქედის წიბო ამოზნექილი, ბოლოში წამახვილებული ან პატარა კაუჭით. ნესტოების ხვრელები მრგვალი ან ოვალურია, რომელთაც არა აქვთ აპკისებური სახურავი, მაგრამ დაფარულია წინ მიმართული ჯაგრისებური ბუმბულებით. მხოლოდ ზრდასრულ ჭილყვავს ნისკარტის ძირში ჯაგრისებური ბუმბულები გაქუცული აქვს. ფეხები შედარებით გრძელია. გალო წინიდან დაფარულია განივი (ირიბი) ფარებით, ხოლო უკანა მხრიდან – ორი გასწვრივი ფირფიტით. თითები გრძელია და ბოლოვდებიან მოხრილი მაგარი ბრჭყალებით, რითაც კარგად დადიან მიწაზეც და ტოტებზეც მოხერხებულად სხდებიან. ფრთები, დიდი ზომის ფრინველებს, ფართო და მახვილი აქვთ, პირველი რიგის 10 მომქნევით. მათ შორის პირველი მომქნევი მოკლეა. ფრთის წვეროს წარმოქმნიან მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მომქნევები. ჩხიკვს ფრთა რამდენადმე მოკლე და მომრგვალებული აქვს. კუდი ჩვეულებრივად საშუალო სიგრძისაა, იშვიათად გრძელი, მომრგვალებული ან საფეხუროვანი. საჭის ბუმბულები 12-ია. ბუმბულსაფარველი ზოგიერთებს უხეში და სხეულზე მჭიდროდ მიტმასნილი აქვთ, სხვებს პირიქით, – ფაშარი და ფაფუკი. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. მხოლოდ სიდიდით სჭარბობენ მამლები დედლებს.
ყორნისებრნი ბინადრობენ ნაირგვარ ბიოტოპში. ისინი მოიპოვებიან დაბლობებსა და მთის ფერდობების ტყეებში, მდინარეთა ხეობებში და ბუჩქნარებში, წყალსატევების უხვმცენარეებიან სანაპიროებზე, ველებსა და უდაბნოებში, კულტურულ ლანდშაფტში, სუბალპურსა და ალპურ ზონებშიც.
მონოგამიური ფრინველებია. სქესობრივ სიმწიფეს უმეტესობა ერთი წლის ასაკში აღწევს. ყორანი და ზოგიერთი სხვა – მხოლოდ 2 წლის ასაკში. ბუდობენ განცალკევებულ წყვილებად; ზოგიერთი სახეობა ქმნის პატარა კოლონიებსაც. აგებენ ღია ბუდეს ხეებზე, ბუჩქებზე – ხმელი წვრილი ტოტებისაგან, რომელსაც შიგნიდან ამოფენენ რბილი მასალით – მცენარეთა ძონძით, მატყლით, ბუმბულით და სხვ. ზოგჯერ ბუდობენ ფუღუროებშიც და კლდეთა ნაპრალებშიც წელიწადში ჩვეულებრივად ერთხელ მრავლდებიან. დებენ 3-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 16-21 დღემდე აღწევს.
ყორნისებრთა უმრავლესობა პოლიფაგია, იკვებებიან როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ცხოველური საკვებიდან აღსანიშნავია არა მარტო დიდი ზომის მწერები, არამედ ხერხემლიანებიც – ხვლიკები, მღრღნელები, ფრინველები და სხვა. მცენარეულიდან უმთავრესია ხეხილი და ხემცენარეთა თესლები. ადგილისა და პირობების მიხედვით, ზოგიერთ სახეობას სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის, მაგრამ არიან მავნებლებიც. ყორნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე, გარდა ანტარქტიკის, ახალი ზელანდიისა და ოკეანეთის კუნძულებისა. ოჯახი შეიცავს 38 გვარს და 100-მდე სახეობას. საქართველოში მოიპოვება 4 გვარის წარმომადგენლები.