ჰესიოდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰესიოდე – (ძვ. ბერძ. Ἡσίοδος, VIII—VII საუკუნეები ძვ.წ.), ძველბერძენი პოეტი.

ბიოგრაფიული ცნობები ჰესიოდეზე გაბნეულია თვით მისსავე პოემებში, ეპიკური პოემა „შრომა და დღეები“, პოემა „თეოგონია“. ჰესიოდეს წინაპრები ეოლიელები (კვიმელები) იყვნენ, მამა მისი აყრილა კვიმედან −გაჭირვების გამო და ჰელიკონის აღმოსავლეთის კალთაზე სოფელ ასკრაში (ბეოტიაში) დასახლებულა. აქ ასკრაში დაიბადა ჰესიოდე. ჰესიოდე ჰომეროსის თანამედროვე იყო (ჰეროდოტე, II, 53), ზოგი ჰომეროსზე ადრინდელადაც თვლის (ეფორე: ფსევდო-პლუტარქეს Vita Homeri 2). ჰესიოდეს თხზულებები უკვე გულისხმობენ ჰომეროსის პოემების არსებობას (დიალექტის გავლენა, ცალკეული ადგილების მიბაძვა). გარდა ამისა, ლირიკოსები არქილოქე, სემონიდე და საფო უკვე იცნობენ ჰესიოდეს. ამგვარად, VII საუკუნეში უკვე იცნობენ ჰესიოდეს, რომელსაც VIII—VII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა ემოღვაწა.

ჰელიკონის კალთებზე ჰესიოდე ჯოგს მწყემსავდა. მისი ნათესავებიდან, მამის გარდა, ჩვენ ვიცნობთ მის ძმას პერსევსს, რომელთანაც ჰესიოდეს დავა ჰქონდა. სახელდობრ, როგორც თვით ჰესიოდე გადმოგვცემს („სამუშაონი“, 27-30; 213, 248, 274), მამის გარდაცვალების შემდეგ პერსევსმა საჩივარი აღძრა თავისი ძმის წინააღმდეგ და, მოსამართლეთა მოსყიდვის წყალობით, მთელი მემკვიდრეობა ხელში ჩაიგდო.

ჰესიოდე, მსგავსად ჰომეროსისა, ყოფილა მოხეტიალე მომღერალი. როგორც ჩანს, ის არა თუ ბეოტიის ქალაქებში (თესპია, ორქომენე), არამედ სხვაგანაც დახეტიალობდა. „სამუშაოთა“ 650 და შემდეგ ტაეპებში პოეტი ამბობს, რომ ის ერთხელ ავლიდიდან ქალკიდში (ევბეაზე) გაემგზავრა ამფიდამანტის დღეობაზე, სადაც თავისი ჰიმნით გაიმარჯვა და ჯილდოდ „სამფეხი“ მიიღო, რომელიც მან ჰელიკონის მუზებს შესწირა („სამუშაონი“, ტ. 654-658).

ჰესიოდეს გარდაცვალების შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს: დელფოს სამისნოს მიერ ჰესიოდე გაფრთხილებული ყოფილა ნემეის ზევსის ჭალაში არ შეხვიდეო, რადგან იქ მას სიკვდილი მოელოდა. ერთხელ ის ლოკრიდის ოინეონში წასულა და არ სცოდნია, რომ იქაც ყოფილა ნემეის ზევსისადმი მიძღვნილი ჭალა. ოინეონში შეიარა ფეგეოსის შვილებთან. ამ ძმებმა ეჭვი აიღეს, რომ ჰესიოდემ მათი და, კლიმენე, გააუპატიურა, მოკლეს ის და გვამი ზღვაში გადააგდეს; დელფინებმა ხმელეთზე გაათრიეს გვამი, და აქ იქმნა ის დამარხული. ამ თქმულებიდან ფაქტად რჩება ის, რომ ჰესიოდეს ლოკრიდშიც უმოგზავრნია და იქ გარდაცვლილა.

ჰესიოდეს სახელით ჩვენამდე მოღწეულია ოთხი პოემა: „სამუშაონი და დღენი“, „თეოგონია“ და „ჰერაკლეს ფარი“ — შედარებით სრული სახით, ხოლო „ქალთა კატალოგი — ფრაგმენტულად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები