სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

იმამ შამილი (1797-1871)


იმამ შამილი
იმამ შამილი

შესავალი
იმამ შამილი იყო კავკასიელი მუსულმანების პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ლიდერი, როდესაც XIX საუკუნეში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმოებდა. წარმოშობით დაღესტნელი შამილის მიერ დაარსებულმა მოძრაობამ - მიურადიზმმა დაღესტანი და ჩეჩნეთი რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლისათვის გააერთიანა. იგი აგრეთვე თემური სისტემის შეცვლას ემხრობოდა, რომელიც გაუთავებელ შუღლს ბადებდა კავკასიურ თემებს შორის და მუსულმანური წესის – შარიათის კანონის აღდგენაც სცადა. დაღესტნელი და ჩეჩენი ხალხები მას, როგორც ზეგარდმო შთაგონებულ სულიერ წინამძღოლს, - მოწიწებით იმამს ეძახდნენ.

შამილი თავის ბრძოლაში რელიგიურ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძალაუფლებას იყენებდა. ბატონიშვილი ილია ორბელიანი (გამოჩენილი ქართველი პოეტისა და სამხედრო მეთაურის ძმა), რომელმაც შამილის ტყვეობაში რვა თვე გაატარა, თავის წიგნში “რვა თვე შამილის ტყვეობაში” წერდა:

შამილი თავისი გამჭრიახობით, მტკიცე ხასიათით, ვაჟკაცობითა და პიროვნული თვისებებით გამოირჩევა. შამილის წინამორბედები, გაზი მუჰამედი, მოლა და ჰამზათ ბეგი, 1832-1834 წლებში მოკლეს. მოლა რუსებზე თავდასხმისას დაიღუპა, ხოლო ჰამზათ ბეგი ნაიბის (ადგილობრივი ლიდერის) მიერ დაღესტანში იქნა მოკლული. შამილის პოპულარობა დაღესტნელთა შორის დღითიდღე იზრდებოდა.

მისი ავტორიტეტი არც მაშინ შელახულა, როდესაც 1835-1836 წლებში რუსეთის არმიასთან რამდენიმე სამხედრო მარცხი იწვნია, მაგრამ 1837 წელს წარმატებით წარმოებულმა მომდევნო სამხედრო კამპანიებმა მას სახელი კვლავ გაუთქვა. მისი გავლენა ჩეჩნეთშიც და კავკასიის სხვა მუსულმანურ ქვეყნებშიც ვრცელდებოდა, სადაც მას “მთიელ არწივს” უწოდებდნენ.

ანტიპათია, რომელიც შამილს რუსი ოკუპანტების მიმართ გააჩნდა, რუსეთის იმპერიის საზღვრებს შიგნით მცხოვრებ ქრისტიან ქართველებზედაც ვრცელდებოდა. შამილის საბოლოო მიზანს სრულიად კავკასიის დაპყრობა და ისლამური რჯულის დამკვიდრება წარმოადგენდა, ხოლო მისი ცენტრი საქართველოს დედაქალაქი თბილისი უნდა ყოფილიყო. ამ "ღვთიური" მისიის მისაღწევად შამილს თურქეთი უჭერდა მხარს; ამ ქვეყნის სულთანმა მის დასახმარებლად ჯარებიც კი გამოგზავნა.

შამილის რაზმები ხშირად ესხმოდნენ თავს საქართველოს, ხოლო მათი ყველაზე სასურველი სამიზნე კახეთი გახლდათ. ლეკების (მუსულმანური რწმენის ჩრდილო კავკასიელები) მცირე მოცულობის რაზმები კახეთის სოფლებს რეგულარულად უტევდნენ; ისინი ანადგურებდნენ მოსახლეობის ქონებას და იტაცებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე დიდგავროვნებსაც, რათა ისინი, თავიანთი პატიმრების გამოსყიდვის მიზნით, რუსებთან სავაჭროდ გამოეყენებინათ.

შამილი მძევლების აყვანას ნაწილობრივ იმ იმედით აწარმოებდა, რომ ისინი რუსებისათვის საკუთარი ვაჟის, ჯემალ ედ–დინის სანაცვლოდ შეეთავაზებინა. 1839 წელს, როდესაც ჯემალ ედ–დინი ექვსი წლის იყო, უმოწყალო ბრძოლის დროს შამილმა იგი რუს გენერალს, ალექსანდრ გრაბეს მძევლად ჩააბარა, რათა თავისი მებრძოლები და ოჯახის სხვა წევრები გადაერჩინა. შემდგომში ჯემალ-ედ–დინი რუსეთში ქართველი არისტოკრატის მიერ აღიზარდა. იგი წლების მანძილზე პეტერბურგის ელიტაში ტრიალებდა და კარგი განათლების მქონე ევროპელის ცხოვრებით ცხოვრობდა. მან ქრისტიანობა მიიღო და ვარშავაში, პოლონეთში, დაბანაკებული რუსული ჯარის ოფიცერი გახდა. 1855 წლის მარტში შამილმა მიზანს მიაღწია, როდესაც თავისი ვაჟი ქართველების - ჭავჭავაძეების ოჯახის წევრებზე გადაცვლის შედეგად დაიბრუნა, ხოლო ეს ოჯახი შამილის მებრძოლებმა მძევლებად ცხრა თვით ადრე აიყვანეს.

გუნიბი, დაღესტანი
გუნიბი, დაღესტანი, დაახლოებით 1910 წელი

1859 წელს დაქანცული და უამრავ გასაჭირში მყოფი შამილი რუსებს დანებდა მას შემდგომ, რაც მისი და მისი ოჯახის წევრებისადმი  ღირსეულად მოპყრობის დაპირება მიიღო. თავდაპირველად, იგი დაღესტანში, გამაგრებულ სოფელში, გუნიბში, ჰყავდათ, მაგრამ მალე იგი სანკტ-პეტერბურგში, ხელმწიფე ნიკოლოზ II-ესთან შესახვედრად წაიყვანეს; ამის შემდეგ იგი მოსკოვის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, კალუგაში გადაასახლეს. მოგვიანებით მას უფლება მისცეს, გაცილებით უფრო სახარბიელო კლიმატის პირობებში, კიევში დასახლებულიყო, სადაც რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ მდიდრული საცხოვრებელი მოუწყო. 1869 წელს მას უფლება მიეცა მექაში მომლოცველად წასულიყო. იგი მედინაში, წმინდა წინასწარმეტყველის ქალაქში გარდაიცვალა, როდესაც იქ 1879 წელს ჩავიდა. მისი ცოცხლად დარჩენილი ვაჟებიდან ორი რუსეთის არმიის ოფიცერი გახდა, ხოლო დანარჩენ ორი – თურქეთის არმიაში მსახურობდა.

შამილის ტყვედ ჩავარდნა 1859 წელს
შამილის ტყვედ ჩავარდნა 1859 წელს

წინანდლის ალყა
1845 წლის ივლისში შამილმა თავის 10.000 ჯარისკაცს უბრძანა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში შეჭრილიყვნენ, მძევლებად აეყვანათ ჭავჭავაძეების დიდგვაროვანთა ოჯახი, რომლებიც რუსეთის იმპერიის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი და წინანდლის მამული (სადაც ევროპელი არისტოკრატები ხშირად სტუმრობდნენ) გაენადგურებინათ. ზოგიერთ სამხედრო ნაწილს ურჩიეს, რომ ტყვეებთან ერთად დაღესტანში დაბრუნებულიყვნენ, ხოლო ჯარების დანარჩენ ნაწილს ნაბრძანები ჰქონდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მყოფ თურქეთის ელჩთან, სეიდ-აჰმად-ემინ-ბეისთან კავშირები განემტკიცებინა.

შეტევის დღეს დავით ჭავჭავაძე, კახეთის პოლკის მხედართმთავარი და წინანდლის მფლობელი, გადაუდებელ საქმეზე მეზობელ რეგიონში, ყვარელში, იყო წასული, ხოლო მამულში მხოლოდ ქალები, ბავშვები და მსახურები იმყოფებოდნენ. წინანდალზე შეტევის დაწყებამდე ლეკებმა ახლო მდებარე სოფლები აიკლეს და განსაკუთრებით შილდა დააზარალეს. ანა დრანსი, დავით ჭავჭავაძის შვილების გუვერნანტი ქალი, ოჯახის იმ წევრებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც შამილის მებრძოლებმა გაიტაცეს. მან ეს თავდასხმა თავის მოგონებებში აღწერა:

წინანდლის გლეხებმა ქალბატონ ჭავჭავაძეს შესთავაზეს, რომ შვილებთან ერთად ტყეში შეეფარებინა თავი, რამდენადაც სოფელი გადაწვეს და საფრთხე ნამდვილად განუზომლად დიდი იყო. ოჯახის წევრმა ქალებმა დაიწყეს ძვირფასეულობის შეფუთვა, მაგრამ უკვე ღამდებოდა; ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ ისღა მოასწრეს, რომ სასახლის გადასახედ აივანზე დამალულიყვნენ, რომელიც  ბაღს გადაჰყურებდა. სულ მალე აივანი ტურბანებით თავშევბურული მებრძოლებით გაივსო. პირველად მათი რიცხვი ორმოცდაათამდე თუ იქნებოდა, მაგრამ მათი რაოდენობა მალე საგრძნობლად გაიზარდა; ცხენებიდან ჩამოხტომისთანავე ისინი სასახლეში შევარდნენ, ერთერთი თავიანთი თანამებრძოლის გვამს გადაალაჯეს და საზარელი ყვირილით სასახლეში შემოცვივდნენ. რამდენადაც ქართველებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი უფრო შეგულიანდნენ და სასახლის 22 ოთახს ძვირფასეულობის პოვნის იმედით დაურბინეს. მათ ყველაფერი მიჰქონდათ, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ: სამკაულები, ფაიფური, შალეულობა და მაქმანი, თუმცა ამ ნივთების შესახებ მათ ადრე არაფერი იცოდნენ და არც ოდესმე ენახათ. რაც ვერ მიჰქონდათ, ადგილზევე ანადგურებდნენ. წაიღეს ყველაფერი: შაქარი, ჩაი, ყავა; ამ ნახევრად-ველურებმა ქილებიდან კანის კოსმეტიკური საცხი ამოჭამეს და ზოგიერთმა მათგანმა ქაფურის ზეთიც კი დალია, რადგან ის ქართული სამზარეულოს ინგრედიენტად მიიჩნიეს. ერთ-ერთმა მათგანმა ამ ყველაფერს ცარციც დააყოლა. ეს ყოველივე ამაზრზენ და საზიზღარ სანახაობას წარმოადგენდა.

ღრიალითა და ტრიუმფალური შეძახილებით, ლეკები ჩვენი აივნისაკენ მოიწევდნენ და იმდენად მოგვიახლოვდნენ, რომ უკვე მათი ნაბიჯების ხმა გვესმოდა; ამან უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩაგვაგდო. ყველამ დავიჩოქეთ… ლეკებმა კარი შემოამტვრიეს და შენობის თავზე პატარა კოშკისაკენ გაექანენ; შეხლა-შემოხლა დაიწყო. მსხვერპლთა კივილი და მომხდურების ღრიალი ერთმანეთში აირია. აივანი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა ასაღებად, რადგან ქალებმა მძვინვარე წინააღმდეგობა გასწიეს. მაგრამ ისინი ამაოდ დაშვრენ. ლეკებმა ისინი აივნიდან გადმოათრიეს. კიბემ ვერ გაუძლო ხალხის სიმძიმეს და ჩაინგრა. ყველანი გაგვრეკეს ეზოში, რომელიც საზარელ მდგომარეობაში იყო; საქონელი ერთმანეთში ირეოდა, ურმები ამოეტრიალებინათ, თმაგაწეწილ და მოქვითინე ქალებს ტანსაცმელი ჰქონდათ შემოხეული; ძალადობის შედეგი თვალნათლივ ჩანდა; ამის შემდეგ ჩემ თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა: ლეკ მებრძოლებს შორის სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა ანასათვის, დიდბატონის მეუღლისათვის. მათ კარგა ხანი მოუნდათ იმის გასარკვევად, თუ რომელი იყო ანა. საბოლოოდ, იგი წაიყვანა სასტიკი გამომეტყველების მქონე შავულვაშიანმა ლეკმა, რომელსაც ხელში თოფი ეკავა. ის ტყვეებს ანაწილებდა და თან ბრძანებებს იძლეოდა, რომ ჩვენზე თვალი კარგად დაეჭირათ, ხოლო ვინც გაქცევას შეეცდებოდა, ადგილზევე დაეხვრიტათ.

შამილის დარბაზები, სადაც დატყვევებულები ჰყავდათ
შამილის დარბაზები, სადაც დატყვევებულები ჰყავდათ.
(გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე)

შემდგომ ანა დრანსი გვიყვება იმ გაჭირვების, შეურაცყოფისა და ტანჯვის შესახებ, რაც მათ ლეკებმა დაღესტნის მთებში მოგზაურობისას მიაყენეს; ეს გაგრძელდა მანამ, სანამ მათ გიუნიბის პლატოზე მდებარე შამილის ციხესიმაგრეს მიაღწიეს. დავით ჭავჭავაძის ცოლ-შვილი, ისევე როგორც ოჯახის სტუმრები (რომლებიც ტყვეობაში სრულიად შემთხვევით მოხვდნენ), ლეკებისათვის საკმაოდ ღირებული ნადავლი აღმოჩნდა. მათ სანაცვლოდ შამილი თავისი ვაჟის, ჯემალ ედ–დინის დაბრუნებას, დაახლოებით ასიოდე კავკასიელი ტყვეს განთავისუფლებასა და ერთი მილიონი მანეთის გამოსასყიდს მოითხოვდა;

ანა დრანსის მიხედვით, ტყვეებს ასე თუ ისე ნორმალურ პირობებში ინახავდნენ. მათი ტყვეობა ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდის მანძილზე ისინი შამილს რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგალითად, როდესაც ანას დაევალა გამოსასყიდის თაობაზე ქმრისათვის წერილი მიეწერა.

ცხადია, დავითს, რომლის მთელი ქონება თავდასხმების დროს განადგურდა ან დატაცებულ იქნა, გამოსასყიდის გადახდის საშუალება არ გააჩნდა და, თავდაპირველად, არც რუსეთის მთავრობისაგან ჯემალ ედ–დინის გადაცემის უზრუნველყოფა შეეძლო. შამილი უკან არ იხევდა და დავითმაც მოახერხა, რომ სხვადასხვა წყაროებიდან, ნათესავების ჩათვლით, 35.000 ვერცხლისა და 5000 ოქროს ფული შეეგროვებინა. რამდენიმე უნაყოფო მცდელობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, შამილი დაარწმუნეს, რომ გამოსასყიდად ეს თანხა მიეღო, ხოლო რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II დათანხმდა, რომ ჯემალ ედ–დინი მამისათვის დაებრუნებინა. დავითს უთხრეს, რომ ქართველი მძევლების შამილის ვაჟზე გადაცვლა დაღესტნის სოფელ ქასავ-იურტაში შედგებოდა. 1855 წლის მარტს ტყვეთა გაცვლა მდინარე მიჩიკის ნაპირას განხორციელდა.

ეპილოგი
ჯემალ ედ–დინის სამშობლოში დაბრუნებას ტრაგიკული ეპილოგი მოჰყვა, რაც ერთგვარ ავბედით მომასწავებლად გადაიქცა იმ უბედურებებისა, რომლებიც სულ მალე შამილსა და მისი ცხოვრების მიზანს დაატყდა თავს. ჯემალ ედ–დინი ურბანულ, ცივილიზებულ ცხოვრებას იყო მიჩვეული და კავკასიის მთებში ცხოვრება მისთვის აუტანელი გახდა. იგი იმ შეზღუდვებითაც იყო შეწუხებული, რომლებიც მას დაუწესეს. მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ მოვლენიდან ძალიან მალე რუსულმა არმიამ, გენერალ ბარატინსკის მეთაურობით, დაიწყო სამზადისი ვედენოში შამილის ციხესიმაგრის ასაღებად და მის შესაპყრობად ფულადი ჯილდოც გამოცხადდა. 1859 წლის ზაფხულში კავკასიის მთებში სისხლიანი ბრძოლების მთელი სერია ჩატარდა, რამაც ორივე მხრიდან უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ უკეთესი სამხედრო ტაქტიკის წყალობით გამარჯვება მაინც რუსებს დარჩათ და მათმა დაპირებებმა, რომ შამილის ოჯახს გადასახლების ღირსეულ პირობებს შეუქმნიდნენ, ხოლო დაღესტანში მშვიდობა დაისადგურებდა, იმამი დაარწმუნა, რუსებს დანებებოდა.


ბიბლიოგრაფიული წყაროები:

  1. Baddeley, John Frederick. Russian Conquest of the Caucasus. New York: Russell and Russel, 1965.
  2. Gammer, M. Muslim Resistance to the Tsar: Shamil and the Conquest of Chechnia and Daghestan. London, 1994.
  3. Griffin, Nicholas. Caucasus: A Journey to the Land Between Christianity and Islam. Chicago: University of Chicago Press, 2004.
  4. Haxthausen, August, Freiherr von. Tribes of the Caucasus. With an Account of Schamyl and the Murids. London: Chapman and Hall, 1855.
  5. Mackie, J. Milton. Life of Schamyl; and Narrative of the Circassian War of Independence Against Russia. Boston: J. P. Jewett and co., 1856.
  6. Maryam, Jameelah. Two Great Mujahidin of the Recent Past and Their Struggle for Freedom Against Foreign Rule. Lahore, Pakistan: Mohammed Yusuf Khan, 1990.
  7. Morell, John Reynell. Russia and England: their Strength and Weakness. New York, Riker: Thorne and co., 1854.
  8. Moser, Louis. Caucasus and its People, With a Brief History of their Wars, and a Sketch of the Achievements of the Renowned Chief Schamyl. London: D. Nott, 1856.
  9. Verderevskii, Evgenii Aleksandrovich. Captivity of two Russian Princesses in the Caucasus; including a Seven Months’ Residence in Mhamil’s Seraglio. London: Smith Elder and co., 1857.
  10. Wagner, Friedrich, Dr. Schamyl and Circassia. London: G. Routledge and co., 1854

[ წინ ]