სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

წინანდალი დღეს


შესავალი
წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის ისტორიული სამოსახლო, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კულტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. როგორც მუზეუმსა და კულტურულ ცენტრს, მას შეუძლია განსაცვიფრებელი მასალა შესთავაზოს ფართ საზოგადოებას, ტურისტებს, საგანმანათლებლო დარგის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა თუ მკვლევრებს. არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უკეთესად გაიგებთ ამბავს ამ უძლიერესი ოჯახისა, რომელმაც სამუდამო კვალი დაამჩნია საქართველოს ისტორიას; სადაც მნახველების წინაშე გამოფენილია, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები და ფასეულობანი, რომლებიც შთააგონებენ ქართველ და უცხოელ მნახველებს, საკუთარი ქვეყნებისა და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს მომავალზე ჩაფიქრდნენ.

იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ და იმის უზრუნველსაყოფად, რომ წინანდალმა გადასცეს თავისი ისტორია მომავალ თაობებს, "აბრეშუმის გზის ჯგუფი" (Silk Road Group) მამულს გაარემონტებს და თანამედროვე ობიექტების აგებასთან ერთად მის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ისტორიულ ნიშან-თვისებების შენარჩუნებისათვისაც იზრუნებს. რემონტის დროს შემდეგი ფაქტორები იქნება გათვალისწინებული:

  • ფიზიკური ელემენტები, როგორიცაა პეიზაჟები, გარემო, კლიმატი და არქიტექტურულ-სტრუქტურული მახასიათებლები (ადგილობრივი საშენი მასალისა და ადგილობრივი ხელოსნების ოსტატობის გამოყენების ჩათვლით);
  • ფუნქციონალური მოსაზრებები – როგორიცაა საგანგებო ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ობიექტები (მაგალითად, სადილებისა და გართობისათვის), რაც სცილდება წინანდლის როგორც მუზეუმისა და კულტურული ცენტრის უმთავრეს ფუნქციას;
  • ადამიანთა სხვადასხვა წრეების ინტერესები – ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო;
  • ისტორიული კონსერვაციის, შენახვისა და რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები;
  • ფინანსებთან, საბაზრო ურთიერთობებსა და რესურსებთან დაკავშირებული მოსაზრებები.

წინანდლის კომპლექსის განახლების გეგმით გათვალისწინებული ოთხი მთავარი კომპონენტია:

  • ახალი ცენტრი სტუმრების მისაღებად;
  • ძირითადი სახლი და მუზეუმი;
  • პარკი;
  • ღვინის ქარხანა.

სტუმრების მისაღები ცენტრი
წინანდლის შთამბეჭდავი შესასვლელი ჭიშკრის მახლობლად ფოლადისა და მინისაგან გემოვნებით აგებული სტუმრების მისაღები ცენტრი აშენდება. რამდენადაც ამ ცენტრში სტუმრები პირველად მოახდენენ კონტაქტს წინანდალთან, ის ისე იქნება დაპროექტებული, რომ ყურადღებას, პირველ რიგში, ბუნების ხედები მიიპყრობენ, იმ არქიტექტურული კომპონენტების მონაწილეობით, რომლებიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სულისკვეთებას ასახავენ.

სტუმრების მისაღებ ცენტრში იმუშავებენ სპეციალისტები, რომლებიც მნახველებს მეგზურობას გაუწევენ და წინანდლის მნიშვნელობის შესახებ ისტორიულ მასალასაც გააცნობენ. საინფორმაციო მაგიდასთან თანამშრომლები:

  • უპასუხებენ შეკითხვებს;
  • გასცემენ ინფორმაციას რეგიონის სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • დაარიგებენ რუებს, ბროშურებსა და ღონისძიებების განრიგს;
  • მოაწყობენ ექსკურსიებს გიდების თანხლებით კომპლექსის (ან შერჩეული ობიექტების) გარშემო.

მიმღებ მაგიდასთან, რომელიც ოთახის ცენტრში იქნება განთავსებული, თანამშრომლები:

  • მიიღებენ შესვლისათვის განკუთვნილ თანხას;
  • თვალს ადევნებენ წევრებისთვის ორგანიზებული პროგრამების განხორციელებას;
  • დაჯავშნიან ადგილებს სპეციალურ ღონისძიებებზე.

ბილეთების შეძენის შემდეგ სტუმრებს მიიწვევენ მოკლე (10-20წუთიანი) საორენტაციო ფილმის სანახავად, რომელშიც ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორია იქნება მოთხრობილი. ამ ფილმში, რომლის გადაღებაც საქართველოში უნდა მოხდეს, საინტერესო ვიზუალური მასალისა და თხრობითი ნაწილის მეშვეობით, მნახველებს უჩვენებენ უწყვეტ ისტორიას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კარგად ჩაწვდნენ ჭავჭავაძეების ოჯახისა და იმ მოვლენების მნიშვნელობას, რომელთაც წინანდლის შიგნით, ისევე როგორც მის შემოგარენში, ჰქონდათ ადგილი. ფილმის მიზანი ისტორიული რეალიების ზუსტად ასახვა და თხრობის უბრალოება იქნება; მასში ხაზი გაესმება ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მომენტებს, როგორც ოჯახის ცხოვრებიდან, ასევე სათავადო მამულის ისტორიიდანაც.

სტუმართა მიმღები ცენტრი რამდენიმე დამატებითი ტიპის მომსახურებასაც უზრუნველყოფს ვალუტის გაცვლისა და სხვა ძირითადი საბანკო ობიექტების ჩათვლით; აქვე განთავსდება პირადი ნივთების შემნახველი საკნები, მაღაზია, კაფე, მკვლევრებისათვის განკუთვნილი სამუშაო ოთახები და საინფორმაციო რესურსცენტრიც კი. სტუმართა ცენტრში, აგრეთვე, სახლის მომვლელი ჯგუფი, დასუფთავების სამსახური, დაცვის სამსახური და სასაწყობე მეურნეობა დაიდებს ბინას. სტუმართა ცენტრი მნახველებს აუწყებს, რომ წინანდალი მუზეუმზე მეტია და რომ ის აქტიურ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენს.

კარიბჭე კარიბჭე

სახლ-მუზეუმი
წინანდლის სახლ-მუზეუმი მნახველში უამრავ ფიქრს აღძრავს. მის ოთახებსა და დარბაზებში ხეტიალ სტუმრებ წარსულ დროსა და მოვლენებში გადაიყვანს და მღელვარე შეკითხვებს გაუჩენს მის ყოფილ ბინადართა და მათი სამყაროს შესახებ. ვინ ცხოვრობდ? რა იყო მათი კეთილდღეობის საფუძველი? რა როლს თამაშობდა მათ ცხოვრებაში ლიტერატურა, მხატვრობა და მუსიკა? რა როლი ეკუთვნოდათ მათ საქართველოს სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ისტორიაში? რა სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდებოდა აქ?

ექსტერიერი. მართკუთხედის ფორმის სახლი სიმშვიდით აღსავსე ბოტანიკური ბაღის წიაღშია მოთავსებული. გარეგანი ფასადი უჩვეულოდ ნატიფად დამუშავებული ქვითაა ნაშენი; ვერანდას ორივე მხრიდან ხის ჩუქურთმებიანი აივნები აკრავს. მისი ყოფილი მცხოვრებლების გამორჩეული წარმოშობისა და სიმდიდრის მიუხედავად, ძალაუფლებისა და ელიტურობის კვალი ამ სახლს თითქმის არ ეტყობა. გარე სარემონტო სამუშაოები შემდეგი მიმართულებით იგეგმება:

  • სახურავის შეცვლა;
  • ფანჯრების გამოცვლა;
  • გარე კედლების გაწმენდა და შეკეთება.

შესასვლელი (1 არეალი). მთავარი შესასვლელი და კიბე შეკეთდება და, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიემსგავსება ორიგინალურ ვარიანტს, რადგან მისი დიზაინი ისტორიულ მონაცემებსა და ფოტომასალას დაეფუძნება.

2 და 3 ოთახები. 2 და 3 ოთახები, რომლებიც მუზეუმის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული, აღდგენილ იქნება როგორც სასადილო და სასტუმრო ოთახები, იმ ეპოქის ფოტოების, საგაზეთო ამონაჭრების, დღიურებისა და ავეჯის სიების შესაბამისად, როდესაც სასახლე ააგეს. შემორჩენილი ორიგინალური ავეჯი ნასესხები ან დამატებით შეძენილი ნაწილების წყალობით, გაცილებით უკეთეს სახეს მიიღებს. იატაკი, კედლის შპალერი და ჭერის თაბაშირის ყალიბები, შეძლებისდაგვარად, თავისი პირვანდელი სახით აღდგება. ელექტროგაყვანილობა, განათება, გათბობა, ჰაერის კონდიცირება და სინოტივის დარეგულირების სისტემები კედლებში, იატაკსა და ჭერში ჩაშენდება (ტემპერატურის, განათების, სინოტივისა და ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებების კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია სახლის ხანგრძლივი ვადით უსაფრთხოდ შენარჩუნებისათვის). იმ ეპოქის შესაბამისად მოწყობილი ოთახები საკმაოდ შეძლებული, მაგრამ მოკრძალებული გარემოს სურათს შექმნის, იმ სამყაროსი, რომელშიც ჭავჭავაძეების ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო ყოველივე ეს მნახველებს სახლის ყოფილ მცხოვრებლებთან ერთიანობის შეგრძნებას აღუძრავს. ინტელექტუალური ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეიძლება გამოყენებული იქნას ტექსტები, ბუკლეტები, აუდიო-ვიდეო საშუალებები და კომპიუტერული ტექნიკა, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს იმ ისტორიულ ატმოსფეროზე არ იმოქმედებს, რომლის შესაქმნელადაც ეს ოთახებია მოწოდებული.

5, 6 და 7 ოთახები. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს სამი ოთახი დროებით საგამოფენო დარბაზებად გადაკეთდება, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახის მემკვიდრეობა იქნება გაშუქებული. იმ ეპოქის ამსახველი უცვლელი ოთახებისაგან განხვავებით, 5-ე, 6-ე და 7-ე ოთახებში მოწყობილი გამოფენები ყოველ 2-4 წელიწადში შეიცვლება. დროებითი გამოფენები შეიძლება ოჯახის ერთი რომელიმე წევრის (მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილის, ეკატერინეს შესახებ, რომელიც სამეგრელოს დედოფალი გახდა), ისტორიული მოვლენის (მაგალითად, შამილის მიერ დავით ჭავჭავაძის მეუღლის, შვილებისა და მსახურების მოტაცება) ან უფრო ფართ თემებს მიეძღვნას. ამ გამოფენებზე გამოყენებული იქნება ვიდეომასალა, სხვადასხვა ნაკეთობები, ფოტოები, ისტორიული ტექსტები და, ალბათ, მსახიობების მიერ გამართული წარმოდგენები, იმისდა მიხედვით, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ისინი ეცდებიან ინფორმაცია მიაწოდონ და გაართონ კიდეც მნახველები.

სხვა ოთახები. დანარჩენი პატარა ოთახები სადემონსტრაციო ფართებად გადაკეთდება, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ რა მიმართებაშია ჭავჭავაძეების ოჯახის მიღწევები დღევანდელ საქართველოსთან. ამ ფართობების სიმცირე დანაწევრებულობა გარკვეულ სირთულეებს ქმნის და ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რა ფორმით მოხდება მათი ჩვენება მნახველებისთვის.

პირველი სართული. პირველი სართული სხვადასხვა ნაკეთობების, ფოტოებისა და დოკუმენტების საწყობად მოიაზრება. სამექანიკოსო ოთახი, აუდიო-ვიზუალური საშუალებების ოთახი და მცველების ოთახი ამ სართულზე განლაგდება. პირველ სართულზე განლაგებულ ოთახებს შორის იქნება გიდების ოთახი და სუვენირების პატარა მაღაზია (მიმდებარე სახელოსნოთი, სადაც პროდუქტების დახარისხება, დაფასოება და დასაწყობება მოხდება); მმართველის კაბინეტიც აქვე განთავსდება.

მიშენება. საბჭოთა პერიოდში აგებული მიშენება საკმაოდ უბადრუკადაა დაპროექტებული და აგებული, რის გამოც იგი სახლის ძირითად შენობასა და მის შემოგარენთან სრულ ესთეტიკურ დისონანსშია. ამიტომ იგი უნდა დაინგრეს. გემოვნებით დაპროექტებული კაფე (საპირფარეშოებითა და მცირე ზომის სამზარეულოთი), რომელშიც გამაგრილებელი სასმელები, ბუტერბროდები და ნამცხვრები საკმაოდ დაბალ ფასში გაიყიდება, მამულის ტერიტორიაზე აშენდება, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. თუკი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს, მაგიდები და სკამები ბაღის გარშემო ტერიტორიაზედაც დაიდგმება.

მუზეუმი
მუზეუმი

ღვინის ქარხანა და მარანი
წინანდლის გრანდიოზული ღვინის ქარხანა მრავალპროფილიანი კულტურული და სოციალური ცენტრი გახდება, სადაც ხელოვნების დარგის მუშაკები, მკვლევრები, გურმანები, სომელიეები (ღვინის მცოდნეები) და უცხოელი ტურისტები შეიკრიბებიან ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოსათვის ტრადიციულად დამახასიათებელი ღვინის დაყენების მეთოდი წამყვანი თემა გახდება უამრავი ღონისძიებისათვის, რომელთა ჩატარებაც ამ ობიექტზეა დაგეგმილი. ამგვარი გარდაქმნები შემდეგ იდეებს ეფუძნება:

  • ღვინის დაგემოვნებისათვის განკუთვნილი ელეგანტური ბარი, სადაც სომელიეებსა და ახალბედებს საშუალება მიეცემათ, დააჭაშნიკონ როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დამზადებული ღვინოები;
  • ღვინისა და სიგარების მდიდრული ბარი, რომელსაც ამგვარი ტრადიციული გემოსა და არომატის ნაზავის მოყვარულები მიეტანებიან;
  • ღვინის მარნის სრულყოფილად აღდგენილი თაღები, რომლებიც ამ რეგიონში, XIX საუკუნიდან დღემდე წარმოებული ღვინის ნიმუშებით შეივსება;
  • დროებითი გამოფენები ღვინის წარმოების ისტორიას, ღვინის დამზადების ხელოვნებას, საკვებისა და ღვინის კომბინირების პრინციპებს გააშუქებენ, რაც ლექციებითა და სემინარებით დაგვირგვინდება;
  • საკუთრივ ღვინის ქარხნისა და მარნის არქიტექტურისა და მისი განახლებისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომლის ექსპონატთა დიდი ნაწილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი;
  • გურმანების რესტორანი, რომელშიც ადგილობრივი და უცხოური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი და რომელიც მსოფლიოს პირველი კლასის რესტორნებს გაუწევს მეტოქეობას;
  • მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებული სახელოსნოები, რომელთა გვერდით საგამოფენო დარბაზები იქნება მოთავსებული, რაც ქართველ მხატვრებს საშუალებას მისცემს, გამოფინონ და გაყიდონ მათ მიერ დამზადებულისა საიუველირ ნაწარმი, ნახატები, ქანდაკებები, ხეზე ნაკვეთი და მინის ნაკეთობანი, ასევე სხვა ტიპის ხელოვნების ნაწარმოებები;
  • საღამოს გასართობი ობიექტი, რომელზედაც ცოცხალი წარმოდგენების გამართვისათვის ხუთი სცენა დამონტაჟდება და სადაც მაყურებელი სპექტაკლებს ყოველ ერთ საათში იხილავს;
  • ღვინოებისა და მათან დაკავშირებული პროდუქციის ფართ ასორტიმენტით სავსე ღვინის მაღაზია, რომელშიც მინის ნაკეთობები, წიგნები და სხვადასხვა აქსესუარები იქნება წარმოდგენილი;
  • მოკრძალებული ზომის ღვინის საწარმო, რომელიც გადასამუშავებლად საკუთრივ წინანდლის ვენახებში მოწეულ ყურძენს გამოიყენებს და მნახველებს ექსკურსიებსა და სხვადასხვა ტიპის სადემონსტრციო პროგრამებს შესთავაზებს, რომლებშიც მთავარი აქცენტი თანამედროვე ღვინის წარმოების მეთოდიკაზე იქნება გადატანილი.
ღვინის კასრები
წინანდლის ღვინის მარანი

ამასთან ერთად, ღვინის მარნის შესასვლელი დარბაზი გარემონტდება და ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა კერძო ხასიათის ღონისძიებების გასამართად, ქორწილების, საზეიმო მიღებებისა და იუბილეების ჩათვლით; ამ ფართის კოლოსალური ზომები საშუალებას იძლევა, რომ იგი სხვადასხვა კერძო სახის ღონისძიებებისათვის გაქირავდეს.

მარანი აგრეთვე დაიტევს შეხვედრებისათვის გამიზნულ ოთახებს, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურების ოფისებს, საგანმანათლებლო მიზნებისათვის განკუთვნილ ფართობებს, ასევე რეკვიზიტის შესანახ და სამექანიკოსო საამქროებს, სასაწყობე და მცველებისათვის გამოყოფილ ფართობებს, მასმედიის საკონტროლო ოთახს, მოსასვენებლ ადგილებსა და საპირფარეშოებს, რომლებიც მთელ შენობაში იქნება მიმოფანტული.


[ წინ ]