
პარკი

პარკის ხედი
წინანდლის პარკი და მისი ულამაზესი ბაღები მე-18 საუკუნის დასასრულს, ბატონიშვილმა გარსევან ჭავჭავაძემ გააშენა. გარსევანს (იმის გამო, რომ საქართველოს მეფის, ერეკლე II-ის სრულუფლებიანი ელჩი იყო), 18 წლის განმავლობაში, რუსეთის იმპერიის დედაქალაქში, სანკტ-პეტერბურგში მოუხდა ცხოვრება. საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, იგი სოფელ წინანდალში დასახლდა, სადაც სასახლის აშენება ბრძანა. სასახლის ირგვლივ ბაღი უნდა გაეშენებინათ, რომელიც იქვე, კავკასიის გოროზი მთების ჩრდილში მდებარე მშვიდი დასასვენებელი ადგილი უნდა ყოფილიყო. პარკი შედგებოდა ხილის ბაღების, სასეირნო ბილიკებისა და ხეივნებისაგან, რომლებიც ვაზით იყო გადაფარული; მასში ყვავილნარი და ტრადიციული ქართული ვარდის ბუჩქებიც უხვად ხარობდა. პარკში კვლავინდებურად იდგა იქ უკვე არსებული მუხის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის ხეები, რომელთა ასაკიც დღეისათვის 400-500 წელს აღწევს. ისინი დღესაც ჭავჭავაძეების ოჯახის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად და ბურჯად გვევლინება.

წინანდლის პარკის კიდევ ერთი ხედი
1811 წელს გარსევან ჭავჭავაძის ვაჟი, ალექსანდრე, წინანდლის მამულის მფლობელი გახდა და მისი ხელმძღვანელობით პარკიც დიდწილად გადაკეთდა და გადახალისდა. 1820-იან წლებში მან მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა ააგო, ახალი ობიექტი – მიწისქვეშა ღვინის მარანიც ააშენა და ამით, პარკიც საგრძნობლად გააფართოვა.
სასახლის გარშემო მდებარე ტერიტორია საგანგებოდ იყო დაპროექტებული; ნახევრად სიმეტრიულ ცაცხვის ხეების რიგს კვიპაროსების ხეივანი ენაცვლებოდა. ვაზის ტალავერი, ყვავილების კვლები და ჩანჩქერები იქაურობას ამშვენებდა. დროთა განმავლობაში პარკს ეგზოტიკური და დეკორატიული მცენარეები დაემატა. ყოველივე ამას ადგილობრივი მცენარეებიც ავსებდნენ, რაც მოულოდნელ ფორმებს, ახალ მხატვრულ ქსოვილსა და ფერებს ქმნიდა.
1854 წელს ისლამისტი პარტიზანების მეთაურის, შამილის მეომრები თავს დაესხნენ წინანდლის მამულს და იგი მთლიანად გადაწვეს. პარკმაც საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა, რამაც მისი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელი გახადა. ამას დაერთო პარკის მახლობლად მდებარე მდინარის, კისისხევის ადიდებაც. სამწუხაროდ, წყალდიდობა პარკისათვის დღესაც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს.
1886 წლის 8 თებერვალს ჭავჭავაძეების ოჯახის მამული და პარკი, ოჯახის დავალიანების გამო, რუსეთის იმპერიის უძრავი ქონების დეპარტამენტმა შეისყიდა. ამას მოჰყვა რეკონსტრუქცია, რომელიც სანკტ-პეტერბურგის არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობის ქვეშ წარიმართა. რეკონსტრუქცია რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე III-ისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტმა დააჩქარა, რომელიც 1888 წელს შედგა; პარკმა და მამულმა სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.
პარკის აღდგენისა და განახლების პროექტი სანკტ-პეტერბურგის ცნობილმა ლანდშაფტის არქიტექტორმა, არნოლდ რეგელმა (1846-1917) შექმნა. მისი ადრეული ქმნილებები გახლდათ იტალიური ბაღი განში და პარკი ვესენბერგის მახლობლად (გერმანია), მუნიციპალური ბაღი ალექსანდრეს თეატრის წინ სანკტ-პეტერბურგსა და პეიზაჟებით დამშვენებული პარკი დავიდოვსკში (უკრაინა). რეგელის მოვალეობაში, პარკის თავიდან დაგეგმარება და უცხოეთიდან მცენარეების იმპორტირების ზედამხედველობა შედიოდა. მონაცემები წინანდლის პარკში გადმორგული ეგზოტიკური მცენარეების შესახებ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალურ ისტორიულ არქივშია დაცული.
რეგელის მიერ შექმნილი პარკის განლაგება ძირითადად ინგლისურ სტილს შეესაბამება და რიჩმონდის პარკს, კიუს ბოტანიკურ ბაღებსა და კენზინგტონის ბაღებს წააგავს. იგი მცენარეთა ნაირსახეობას გვთავაზობს განსხვავებული ფორმითა და ფერებით, რომლებიც, როგორც დახურულ გარემოში, ასევე ღია ცის ქვეშაც ხარობენ, ხოლო ეს ყოველივე, ახლო და შორეულ პერსპექტივას ქმნის. მთავარი შესასვლელიდან სტუმრები სასახლის წინა ფასადს ხედავენ, საიდანაც პარკის სხვადასხვა ადგილი იხსნება და საიდანაც თოვლით მოსილი კავკასიონის ქედისა და ალაზნის ველის სანახები ჩანს.
რეგელის მიერ დაგეგმარების შემდეგაც კი, საბოლოო ფორმის მისაღებად, პარკს ათეულობით წელი დასჭირდა, რადგან ლანდშაფტის არქიტექტურა ცოცხალ მასალას მოითხოვს, რომელიც ფორმის, ზომის, ფერისა და კომპოზიციის თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში იცვლება; ყოველივე ეს მუდმივ პროფესიონალურ ზედამხედველობასა და მოვლა-პატრონობას საჭიროებს. პარკის მცენარეთა ინვენტარიზაცია 1933-35 წლებსა და 1977-78 წლებში ჩატარდა. მათგან პირველის შედეგად, პარკის ისტორიული სტილისა და მცენარეთა შემადგელობის დაცვის გეგმა შემუშავდა, ხოლო ბოლო ინვენტარიზაციის შედეგად გადაწყდა, რომ პარკში აღდგენითი სამუშაოები ნაწილობრივ ჩატარდებოდა და ჩრდილოეთის მხრიდან მიწებიც მიემატებოდა.
1987 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ წინანდლის პარკი ლანდშაფტური არქიტექტურის ეროვნული ძეგლების სიაში შეიტანა. 1987-90-იან წლებში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში პარკის განახლების კიდევ ერთი გეგმა იქნა დასახული, თუმცა ეს გეგმა დღემდე არ განხორციელებულა.

პარკის ერთ–ერთი ბილიკის ხედი /მარცხნივ მუზეუმი/
თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც არნოლდ რეგელმა წინანდლის პარკის ნახაზები შექმნა. ისინი დღესაც არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, პარკი ძირითადად მოუვლელი იყო. ზოგიერთი მცენარე ზომაზე მეტად გაიზარდა, ხოლო ზოგიერთი კი საერთოდ გახმა და დაიღუპა, რასაც ადასტურებს ამჟამად არსებული ცოცხალი მცენარეების მდგომარეობის შედარება ადრეულ საინვენტარიზაციო მონაცემებთან. მიუხედავად იმისა, რომ “აბრეშუმის გზის ჯგუფი”-ს (Silk Road Group’s) მიერ დასახული მიმდინარე განახლების გეგმები რეგელის სტილის შენარჩუნებასა და მისი თავდაპირველი დაგეგმარების უდიდესი ნაწილის ძალაში დატოვებას გულისხმობს, ისინი ახალ ასპექტებსაც გვთავაზობენ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს. ამით პარკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მიმზიდველ სანახაობად გადაიქცევა, სადაც ერთი მხრივ, მნახველთა დიდი რაოდენობის მიღება გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, ყოველ მათგანს ელეგანტურ და მშვიდ გარემოში დასვენების შესაძლებლობაც მიეცემა.
ბიბლიოგრაფიული წყაროები:
- ბოგველიშვილი, გიორგი. წინანდალი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967.
- ჩხეიძე, თენგიზ. საუფლისწულო მამულები კახეთში. 1885-1921. თბილისი: მეცნიერება, 1968.
- კვარაცხელია, ო. წინანდლის პარკი. ჟურნალში: საბჭოთა ხელოვნება. თბილისი: 1969.
- მეგუთნიშვილი, სოსო. წინანდალი, საქართველოს კულტურის საგანძური. თბილისი: გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006.
[ წინ ]