ადაპტაციის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადაპტაციის აშლილობა - (F43.2), (adjuastemnt disorder), ემოციური შფოთვისა და სუბიექტური დისტრესის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ფუნქციონირებასა და სოციალურ ეფექტურობაზე. ვითარდება ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სტრესული სიტუაციების მიმართ ადაპტაციის დროს სტრესორს შეუძლია მოშალოს ინდივიდუალური სოციალური კავშირების ერთიანობა (მძიმე დანაკლისი, განშორება) ან სოციალური მხარდაჭერისა და ფასეულობების (გადაადგილება, ლტოლვილის სტატუსი) უფრო რთული სისტემები; ის აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს კრიზისს ან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ინდივიდუალურ განვითარებასთანაა დაკავშირებული (სკოლაში სწავლის დაწყება, ბავშვის დაბადება, სასურველი მიზეზის მიუღწევლობა, საქმიდან გასვლა/პენსიაზე გასვლა).

ადაპტაციის აშლილობის ფორმასა და განვითარების რისკს ინდივიდუალური მიდრეკილება და მოწყვლადობა წარმოადგენს, მაგრამ ითვლება, რომ დარღვევა არ განვითარდებოდა სტრესის გარეშე. ეს დაავადება სხვადასხვანაირად გამოიხატება და მოიცავს: გუნებ-განწყობის დაქვეითებას, შფოთვას და წუხილს (ან მათ შერწყმას), უძლურების შეგრძნებას (სიძნელეებთან გამკლავების უუნარობას), პერსპექტიული დაგეგმვის შეუძლებლობას, ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურობის დაწევას. ამას შეიძლება დაემატოს ქცევის აშლილობაც (კერძოდ, მოზარდებში). დომინირებულ ნიშნად შეიძლება გამოვლინდეს ხანმოკლე და გრძელვადიანი დეპრესიული რეაქცია ან ქცევისა და ემოციების სხვა დარღვევები, რომლებშიც ითვლება: კულტურული შოკი, ბავშვების რეაქცია უბედურებაზე და ჰოსპიტალიზმი. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

დიაგნოსტიკური კატეგორიები ICD-10-ისა და DSM-IV-ის მიხედვით

როგორც ICD-10-ში, ასევე DSM-IV-ში ადაპტაციის აშლილობა, წამყვანი სიმპტომების მიხედვით, დაყოფილია დეპრესიულ, შერეულ შფოთვით აშლილობად; დეპრესიულ აშლილობად, რომელსაც ქცევითი აშლილობა ახლავს თან; და ემოციისა და ქცევის შერეულ აშლილობად. DSM -IV-ში შეტანილია დამატებითი კატეგორია - ადაპტაციის აშლილობა, რომელსაც შფოთვა ახლავს თან, ხოლო ICD -10-ში შეტანილია დამატებითი კატეგორია - უპირატესი სხვა ემოციური აშლილობა, რომელშიც შედის არა მხოლოდ შფოთვის თანხლებით მიმდინარე ადაპტაციის აშლილობა, არამედ ისეთი ადაპტაციის აშლილობაც, რომელსაც რისხვა ახლავს თან.

ICD-10-ში სტრესულ გამოცდილებაზე სამი ტიპის რეაქცია გაერთიანებულია კატეგორიაში „რეაქცია სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები“ და შედის თავში F4, რომელსაც ეწოდება „ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები“. ამ ჯგუფში შემავალი აშლილობების განმსაზღვრელი მახასიათებლებია:

  • ეს აშლილობები მწვავე სტრესის ან გახანგრძლივებული, არასასურველი ვითარების უშუალო შედეგია;
  • ამ ფაქტორების გარეშე ეს აშლილობები არ ვითარდება.

DSM-IV განსხვავებულ მაორგანიზებელ პრინციპს იყენებს: მწვავე სტრესული აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა კლასიფიცირებულია, როგორც შფოთვითი აშლილობები, მაშინ, როცა ადაპტაციის დარღვევებს ცალკე ადგილი აქვთ მიჩენილი კლასიფიკაციაში და არ არის შფოთვით აშლილობასთან დაკავშირებული.

კლინიკური მახასიათებლები

ადაპტაციის აშლილობის სიმპტომებია შფოთვა, წუხილი, დაქვეითებული კონცენტრაცია, დეპრესია და გაღიზიანებადობა. ამას თან ახლავს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნებით გამოწვეული ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა გახშირებული გულისცემა და ტრემორი. შეიძლება, აგრეთვე, ვხედავდეთ დრამატულ ან აგრესიულ ქცევას, თვითდაშავების ერთჯერად ან განმეორებად ეპიზოდებს და ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ავადმოხმარებას. ადაპტაციის აშლილობის დებიუტი, მწვავე სტრესულ რეაქციებთან შედარებით, თანდათანობითია და მისი მიმდინარეობა უფრო ხანგრძლივია. ხშირად უარესდება სოციალური ფუნქციონირება, რაც დისტრესის ინტენსივობის ხარისხთან ერთად ადაპტაციის აშლილობას ნორმალური ადაპტაციური რეაქციებისგან განასხვავებს (Casey et al., 2001).

ცხოვრებისეულმა სტრესულმა მოვლენებმა შეიძლება დეპრესიის, შფოთვის, შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ, ადაპტაციის აშლილობის დიაგნოზს არ სვამენ მაშინ, როდესაც სახეზეა სხვა ფსიქიკური აშლილობები. პრაქტიკაში ამ აშლილობის დიაგნოსტირება ფაქტობრივად შფოთვითი და დეპრესიული აშლილობის გამორიცხვით ხდება. გარდა ამისა, ერთ-ერთი დიაგნოსტიკური პირობაა ის, რომ აშლილობამ ცხოვრებისეული ცვლილებების შემდეგ მალევე უნდა იჩინოს თავი. ICD -10-ისა და DSM -IV-ის მოთხოვნების თანახმად, ადაპტაციის აშლილობა სტრესული მოვლენიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გამოვლინდეს (ICD-10-ის მიხედვით, ჩვეულებრივ, ერთი თვის განმავლობაში). მნიშვნელოვანი არის ის, რომ პაციენტის ადრეული გამოცდილებისა და მისი პიროვნული თვისებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, ნათელი უნდა გახდეს, რომ ამგვარი რეაქცია უშუალოდ არის დაკავშირებული სტრესულ გამოცდილებასთან და მისი პროპორციულია.

ეპიდემიოლოგია

ზოგადად, პოპულაციაში ადაპტაციის აშლილობის გავრცელების ხარისხი უცნობია. სავარაუდოდ, ზოგიერთ გარემოში, მაგ., ზოგადი პროფილის საავადმყოფოებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ამ აშლილობის გავრცელების სიხშირე მეტია. საკმაოდ ბევრი თერაპიული პაციენტის ფსიქიატრიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათგან 12%-ს აღენიშნებოდა ადაპტაციის აშლილობა; ასევე, ინსულტის მქონე პაციენტების 27%-ს (Strain et al., 1998).

ეტიოლოგია

ადაპტაციის აშლილობის გამომწვევი აუცილებელი პირობაა სტრესული ვითარება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მოწყვლადობა, რადგან ერთსა და იმავე სტრესულ ვითარებაში ყველა ადამიანს არ უვითარდება ადაპტაციის აშლილობა. ამ ტიპის მოწყვლადობის ბუნება უცნობია; სავარაუდოდ, ეს განსხვავება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და, შესაძლოა, ნაწილობრივ წარსულ გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული.

პროგნოზი

კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადაპტაციის აშლილობათა უმრავლესობა რამოდენიმე თვე გრძელდება და მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება გაგრძელდეს წლების მანძილზე. ადაპტაციის აშლილობის მქონე პაციენტებზე შემდგომი სისტემური დაკვირვება მწირ ინფორმაციას იძლევა. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს (Andreasen and Hoenck 1982), რომ ზრდასრულებთან ადაპტაციურ აშლილობას კარგი პროგნოზი უკავშირდება, ზოგიერთ მოზარდს კი - შეიძლება ზრდასრულ ასაკში ფსიქიკური აშლილობა განუვითარდეს.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები