პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - (F43.1), (post-traumatic stress disorder), მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული რეაქცია სტრესულ მოვლენაზე ან სიტუაციაზე (მოკლე ან გრძელვადიანი), რომელიც განსაკუთრებულ, სახიფათო ან კატასტროფულ ხასიათს ატარებს და, მაღალი ალბათობით, ყველა ადამიანში ღრმა დისტრესს გამოიწვევს. განმაპირობებელმა ფაქტორებმა, როგორიცაა პიროვნული ფაქტორი (მაგ.: კომპულსიური, ასთენიური) ან ანამნეზში ნევროზული აშლილობები, შეიძლება სინდრომის განვითარების ზღურბლი დასწიოს, ან დაამძივოს მისი მიმდინარეობა, მაგრამ სტრესული აშლილობის განვითარების ფაქტის ასახსნელად ის არ ქმნის აუცილებელ ან არსებით წინაპირობას.

ტიპური ნიშნებია: ტრავმის განმეორებითი განცდა აკვიატებულ მოგონებებში („ფლეშბვკი“), სიზმრებში, კოშმარულ სიზმრებში, რომლებიც აღინიშნება ემოციური გახევებისა და გრძნობების დაჩლუნგების ფონზე; სხვა პიროვნებებისაგან ჩამოშორება, გარე სამყაროზე არასაკმარისი რეაგირება, ანჰედონია და ტრავმასთან ასოცირებული სიტუაციებისა და საქმიანობისათვის თავის არიდება. ხშირად სახეზეა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივობა სიფხიზლის დონის აწევით; უძილობა, ადვილად ვითარდება მუმინების რეაქცია. ხშირად ამ სიმპტომებს თან სდევს დეპრესია და შფოთვა, ხშირია სუიციდური აზრები.

აშლილობა ვითარდება ტრავმიდან გარკვეული ლატენტური პერიოდის შემდეგ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან თვეებამდე. აშლილობის მიმდინარეობა სიმპტომების ინტენსიურობის მერყეობით გამოირჩევა, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, მოსალოდნელია გამოჯანმრთელება პაციენტთა მცირე ნაწილში კი აშლილობამ შესაძლოა მიმდინარეობის ქრონიკული ფორმა მიიღოს, მყარი პიროვნული ცვლილების განვითარებით. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ამგვარი აშლილობის გამომწვევი ექსტრემალური სტრესორებია ბუნებრივი კატასტროფები (მაგ., წყალდიდობა ან მიწისძვრა), ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები (მაგ., ხანძარი, სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო ავარია, საომარი ვითარება, გაუპატიურება ან პიროვნებისთვის სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება). თავისი პირვანდელი მნიშვნელობით ცნება „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა” მიუთითებდა რეაქციას ისეთ ექსტრემალურ სტრესორზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე მოახდენს ზემოქმედებას. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ერთსა და იმავე ექსტრემალურ სტრესორზე ყველა ადამიანს არ უყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და რომ ამაში გარკვეულ როლს პიროვნული მიდრეკილება თამაშობს. უბედური შემთხვევების დროს ხშირად მსხვერპლი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისტრესს განიცდის, არამედ ფიზიკურ დაზიანებასაც იღებს, რამაც შეიძლება გაზარდოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ალბათობა.

მდგომარეობა, რომელიც ამჟამად პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სახელითაა ცნობილი, მრავალი წლის წინათ იყო იდენტიფიცირებული, თუმცა, ახლა მას სხვა სახელწოდებით იცნობენ. ეს ტერმინი გაჩნდა ამერიკაში ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების შესწავლის შედეგად. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი მიუთითებდა, რომ დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს არ აღენიშნებოდათ სხვა ფსიქიკური აშლილობა და მათ უბრალოდ სამედიცინო და სოციალური დახმარება უნდა მიეღოთ. მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი დაფიქსირებული იყო (სხვა სახელწოდებით) სამხედრო მოსამსახურეებთან ორივე მსოფლიო ომის დროს, ასევე, 1942 წელს, ბოსტონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ძლიერი ხანძრის თვითმხილველებთან (Adler, 1943). პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ისტორიული მიმოხილვა მოცემულია შემდეგ წყაროში: Jones et al., 2003).(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

სარჩევი

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკური სურათი

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ძირითადი სიმპტომები
ზესიფხიზლე
  • პერსისტენტული შფოთვა
  • გაღიზიანებადობა
  • უძილობა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
ინტრუზიები
  • ინტენსიური ინტრუზიული ხატები
  • „ფლეშბექი“
  • განმეორებადი დისტრესული სიზმრები
განრიდება
  • სტრესული მოვლენების საკუთარი ნებით გახსენებასთან დაკავშირებული სირთულეები
  • იმ მოვლენებისათვის თავის არიდება, რომლებიც სტრესული გამოცდილების გახსენებას იწვევს
  • გაუცხოება
  • ემოციების განცდის უუნარობა („ემოციური სიჩლუნგე“)
  • სხვადასხვა სახის აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა.

სიმპტომების პირველი ჯგუფი ზესიფხიზლეზე მიუთითებს და მოიცავს პერსისტენტულ შფოთვას, გაღიზიანებადობას, უძილობას და კონცენტრაციის დაქვეითებას. სიმპტომებისმეორე ჯგუფი უკავშირდება ინტრუზიას (ანუ ცნობიერებაში შეჭრას) და შეიცავს მომხდარი მოვლენების ინტენსიურ ინტრუზიულ ხატებს, უეცარ „ფლეშბექებს” და განმეორებად დისტრესულ სიზმრებს. მესამე ჯგუფის სიმპტომები განრიდებასთან არის დაკავშირებული და მოიცავს სტრესული მოვლენების საკუთარი ნებით გახსენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თავის არიდებას იმისათვის, რაც სტრესული მოვლენის გახსენებას იწვევს, გაუცხოების განცდას, ემოციების განცდის უუნარობას („ემოციური სიჩლუნგე”, ემოციური გასადავება) და აქტივობის მიმართ ინტერესის დაკარგვას. ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ სიმპტომებს: ფლეშბექი, ღამის კოშმარი და ინტრუზიული ხატები. ზოგჯერ ამ სიმპტომებს საერთო სახელს სიმპტომების განმეორებად განცდას უწოდებენ. გამკლავების არაადაპტაციურმა რეაქციებმა შეიძლება თავი იჩინოს პერსისტენტული აგრესიული ქცევის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებულად მოხმარების, წინასწარ განზრახული თვითდაზიანებისა და სუიციდის სახით (Hendin and Haas, 1991).

სხვა მახასიათებლები

ამ ტიპის აშლილობისთვის დეპრესიული სიმპტომები ჩვეულებრივი მოვლენაა. კატასტროფის დროს გადარჩენილი ადამიანები ხშირად განიცდიან დანაშაულის გრძნობას. ზოგიერთი ტრავმული მოვლენის შემდეგ ხდება ცხოვრების საზრისისა და დანიშნულების გადაფასება, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესია (Janoff-Bulman, 1985). არსებობს მოსაზრება, რომ დისოციაციური სიმპტომები და დეპერსონალიზაცია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მნიშვნელოვან სიმპტომებს წარმოადგენს (Foa et al., 1995).

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დასაწყისი და მიმდინარეობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები შეიძლება სტრესული მოვლენის შემდეგ ძალიან მალე ან რამოდენიმე დღეში გამოვლინდეს; ზოგჯერ რამოდენიმე თვის, იშვიათად ექვსი თვის შემდეგაც კი (McFarlane, 1988). DSM-IV-ის მიხედვით, ამ ტიპის აშლილობის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმპტომები არანაკლებ ერთი თვის მანძილზე გრძელდება. თუ უფრო ნაკლებ ხანს გასტანს, ასეთი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მწვავე სტრესული აშლილობა. ასეთი მიდგომისას, სტრესთან დაკავშირებული აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზები ნაკლებად ასახავს ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ მდგომარეობას (Brewin et al., 2003). თუ პიროვნება განიცდის კიდევ ერთ, ახალ ტრავმულ მოვლენას, სიმპტომებმა შეიძლება განმეორებით იჩინოს თავი მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენა, პირველთან შედარებით, უფრო სუსტია. უმეტესწილად ამგვარ აშლილობას პერსისტენტული ხასიათი აქვს. პაციენტების დაახლოებით ნახევარი ერთი წლის მანძილზე იკურნება, მაგრამ მათი მესამედის განკურნება მრავალი წლის მანძილზეც კი შეუძლებელია. (Kessler et al., 1995).

სტრესორი

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის განვითარების აუცილებელი მიზეზია განსაკუთრებული სტრესული მოვლენა. არ არის აუცილებელი, რომ პიროვნება თავად დაზიანდეს ან პირადად მას ემუქრებოდეს საშიშროება. ამ ტიპის აშლილობა ადამიანს შეიძლება სხვა მიზეზების გამოც განუვითარდეს. მაგ., პოსტტრავმული სტრესული აშლილობა შეიძლება განუვითარდეს მატარებლის მძღოლს, რომელსაც თვითმკვლელობის მიზნით ადამიანი გადაუხტა ლიანდაგზე ან ადამიანს, რომელიც უბედური შემთხვევის თვითმხილველი გახდა. DSM-IV-ის ავტორების თანახმად, ასეთი მოვლენები მოიცავს სიკვდილის ფაქტს ან თავად პიროვნების და/ან სხვების სიკვდილის, დასახიჩრების ან სხეულის დაზიანების სერიოზულ საფრთხეს; ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის გამოკვლევამ აჩვენა, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ყველაზე მაღალი სიხშირით გამოვლინდა იმ პირებში, რომლებიც უფრო ძლიერი ზემოქმედების ველში იმყოფებოდნენ (Shore et al., 1989). თუმცა, მათ შორის ყველას არ განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარკვეულ როლს პიროვნული მოწყვლადობა თამაშობს. მას შეიძლება გენეტიკური ან შეძენილი ხასიათი ჰქონდეს. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა (Kessler et al., 1995; Stein et al., 1997 and Creamer et al., 1992) გვიჩვენა, რომ:

  • ადამიანების უმრავლესობა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთ ტრავმულ მოვლენას მაინც განიცდის;
  • გამიზნული ინტერპერსონალური ძალადობივი ქმედებების, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის ან საომარი მოქმედებების დროს, უფრო მეტია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის განვითარების ალბათობა, ვიდრე ავარიის ან უბედური შემთხვევის დროს;
  • ქალებთან შედარებით, მამაკაცების ცხოვრებაში უფრო ხშირია ტრავმული მოვლენები, მაგრამ ქალების ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება ისეთი ტრავმული მოვლენები, რომლებმაც შეიძლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გამოიწვიოს (მაგ., ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება ან ოჯახური ძალადობა).
  • მამაკაცებთან შედარებით, ქალებთან უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ მათ ტრავმული მოვლენების საპასუხოდ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა განუვითარდეთ. ეს გაზრდილი რისკი ვერ აიხსნება იმით, რომ ქალებისა და მამაკაცების ცხოვრებაში სხვადასხვა ტიპის ტრავმული მოვლენები ხდება.


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები