აითარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აითარ-ი (აფხ. Аиҭар) – ტერმინ „აითარის“ წარმომავლობის თაობაზე რამდენიმე არასწორი თვალსაზრისი არსებობს (ზოგი მას სკვითურსაც უკავშირებს). სავარაუდოდ, „აითარი“ მეგრული „ანთარის“ აფხაზური ფორმაა; საკუთრივ მეგრულს კი აშკარად ბერძნულ-რომაული ელფერი დაკრავს (ბერძნული ანტარიუს – „ამაღლებული“, „ამამაღლებელი“; ლათინური ანტერიორ, იუს – „წინამძღოლი“. შესაძლოა, იგი წმ. გიორგის ეპითეტია).


ნაყოფიერებისა და შინაური ცხოველების მფარველი, ფართო აგრარული ფუნქციების მქონე შვიდსახოვანი, შვიდწილოვანი ღვთაება; მიმართავენ სადიდებლით: „ო, აითარო, შვიდო აითარო, რომელსაც შვიდი ღვთაებრივი ძალა გექვემდებარება...“ მართალია, მწყემსები აითარის სახელზე წლის ნებისმიერ დროს ლოცულობდნენ და თხებსა და ცხვრებს სწირავდნენ, მაგრამ ყოველი აფხაზის ოჯახი ვალდებული იყო მისი სახელობის ლოცვა, აითარნჷჰვა, დიდმარხვის პირველ ორშაბათს აუცილებლად აღევლინა. საამდღისოდ ხორციელის კვირაში სპეციალურად მომზადებული სარიტუალო ცომით მრგვალი და კონუსის ფორმის კვერებს, ე. წ. ახვაჟვებს, მზის, მთვარისა და ჩამურის გამოსახულების მცირე ზომის თითო პურს აცხობდნენ; ამზადებდნენ ლობიოსა ჭინჭრის შეჭამადს (ამ დღემდე საკვებად ვარგისი მცენარეების ჭამა იკრძალებოდა); საღამოს, როცა საქონელი შინ მობრუნდებოდა, ოჯახის უფროსი ჯერ უზენაესის სადიდებელს იტყოდა, შემდეგ აიღებდა სამ კვერს და აითარს მიმართავდა:


„ო, აითარო, შვიდო აითარო, რომელსაც შვიდი ღვთაებრივი ძალა გემორჩილება და რომელსაც შვიდ სანთელს გინთებენ, შენ დაიფარე ჩვენი საქონელი, გაამრავლე ისე, რომ თითოეული შვიდი კაცის სამყოფ რძეს იწველიდეს, ბარაქა მოგვეცი!“

აითარნჷჰვაში, გარდა საკუთრივ აითარისა, აუცილებლად ილოცებდნენ მის დაქვემდებარებაში მყოფ შვიდ ღვთაებრივ ძალაზე („ჟვაბრან-ი“, „ჯაბრან-ი“, „ალიშკინტირ-ი“, „ა-ჩიშაშანა“, „ა-ნაფანაგა“, „ამზა“ და „ამრა“). ამდენად, აითარნიჰვა ფართო აგრარული ხასიათის დღესასწაულია.


ღვთაება აითარი ყველა ნიშნით იმ ფუნქციების მატარებელია, რომელიც ქართული და არამარტო ქართული (განსაკუთრებით ევროპის ხალხების) ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს ჰქონდათ. ამ წმინდანების დარად აითარი არის საქონლის („ჟვაბრან-ი“, „ჯაბრან-ი“), ძაღლების / მგლების („ა-ლიშკინტირ-ი“), ცხენების („ა-ჩიშაშანა“) და მოსავლის („ა-ნაფანაგა“) მფარველი. წმ. გიორგი, წმ. თევდორე და აითარი ასტრალური კალენდრის ერთი ციკლის შემკვრელნი არიან. მათი სახელობის დღეებს უკავშირდება პლეადების გაუჩინარება-გამოჩენა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ აითარის, როგორც იმავდროულად ასტრალური ღვთაების, წილებს წარმოადგენენ უდიდესი მნათობები – მზე (ამრა) და მთვარე (ამზა). თუ არ მივიღებთ მხედველობაში წმ. გიორგის კულტს („ა-ერგ-ი“), აფხაზურ მითოლოგიაში აითარის მსგავსი პოლიფუნქციური ღვთაება არ ჩანს.

აითარის იდენტურია სამეგრელოში ცნობილი საქონლის მფარველი ღვთაება ჟინი ანთარი („ზეციური ანთარი“. „ზეციური“ აითარის ეპითეტიცაა. „ხიხ-ი“). ეს უკანასკნელი აშკარად წმ. გიორგის კულტს უკავშირდება, რაც, სხვა მონაცემების გარდა, კარგად ჩანს ჟინი ანთარის ეპითეტში „ბატონი გამარჯვებული“ (შდრ. აითარ ეთლარ//ათლარ – „აითარ ბატონი“. ეთლარ//ათლარ ოსური ალდარ „ბატონი“ სიტყვის აფხაზური ადაპტაციაა. „ათლარ ჩოფა“).


ლიტერატურა

  • Веденский А. Религиозные верования абхазцев // ССКГ. Тф., 1871. Вып. V;
  • Званба С. Т. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Джанашия Н. С. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Кварчия В. Е. Из истории абхазской животноводческой лексики // ТАГМ. 1980. Вып. V;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888, № 185; ნ. ბრეგაძე. კვლავ თედორობის შესახებ // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. 2005, XXVII.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები