ალამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალამი - შუბის ფორმის წითლად შეღებილი ხის ჯოხი, რომელზედაც შებმულია სხვადასხვა ფერის ლენტები. ქართველ მთიელთა ალმებზე ეკიდა წყვილი წინდა, ქუროები, ჩითები და სათამბაქო ქისა. გამოიყენებოდა თუშეთში მიცვალებულის დატირებისას.


სარჩევი

თუშეთში

მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული სიმბოლო. ალმის წითლად შეღებილ ტარს შუბის ფორმა აქვს და ზოგჯერ ორნამენტებითაა დაჭრელებული; ტარზე შებმულია თეთრი ან პირისფერი აბრეშუმის ბაღდადი. ტარის მოპირდაპირე მხარეს კიდეებსა და შუაში სიმეტრიულად მიკერებული აქვს სხვადასხვა ფერის სამი აბრეშუმისავე ლენტი. ალამზე ჰკიდია თითო წყვილი წინდა, ქუროები, ჩითები და ხელით ნაკერი ერთი სათამბაქოე ქისა.

თალიშებში

(თალიშ. Алам) დროშა ხელის გამოსახულებით, რომელსაც თალიშები რელიგიური დღესასწაულების დროს დაატარებდნენ. გარდა აღნიშნულისა, მას ხანგრძლივი გვალვების დროს, წვიმის გამოწვევის მიზნით, დროებით სუფთა წყალში დებდნენ.

ოსებში

ალამ-ი ირ., ილან-ი დიგ. (ოს. Æлæм, илæн) მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული სიმბოლო – ლატანებისაგან ჯვრისა თუ ბაირაღის ფორმით შეკრული საწესო საგანი, რომელზედაც გაბმულ ძაფებზე სხვადასხვა სახის ტკბილეული და ხილი იყო ასხმული. ასე მორთული ალამი ზაზხასანისა და კომახსანის (ეს უკანასკნელი ორკვირიანი დღეობა იყო; პირველი კვირის შაბათი და მეორე კვირის პარასკევი და შაბათი მიცვალებულთა დღეებად ითვლებოდა) დღესასწაულებზე ჭირისუფალს მარხილით მიჰქონდა საფლავზე და იქ მიწაში არჭობდა. უფრო ხშირად ალამი დაკავშირებული იყო „მარდთი ბადანის“ ჩვეულებასთან (გარდაცვლილ მამაკაცთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მარულასთან), რომლის დროსაც ერთ მხედარს იგი თავს ზემოთ ეჭირა, ხოლო დანარჩენები უკან მისდევდნენ და ცდილობდნენ ილამზე შებმული ტკბილეული მათრახის ცემით ჩამოეგდოთ (ჩამოცვენილ ვაშლს, კაკალს, კანფეტებს და სხვ. მათი მდევნელი პატარა ბიჭები ეუფლებოდნენ). როცა ალამზე ცოტა რამ დარჩებოდა, მხედრები იმ მიცვალებულის საფლავთან მივიდოდნენ, ვის სახელობაზეც მოეწყო მარულა, და ალამს იქვე მიწაში ჩაარჭობდნენ.

მართალია, ტერმინი æлæм / илæн არაბული წარმომავლობისაა (არაბული ალამ, სპარსული ალამ, თურქული ალემ – „ალამი“, „დროშა“) და ამ სიტყვას კავკასიის ხალხებიც იცნობენ, მაგრამ ოსური ალამი / ილანი და მისი ტიპოლოგიური პარალელები: ქართული (სვანური) „კამარაი“, აფხაზური „ახჲანაფი“, ინგუშური „ოლომ-ბეჴო“ და სხვ. კავკასიის ხალხთა უძველეს რელიგიურ მსოფლმხედველობას უკავშირდებიან, განასახიერებენ „მიცვალებულთა ხეებს“ და წარმოადგენენ მითოლოგიიდან და ფოლკლორიდან კარგად ცნობილი მსოფლიო ხის მატერიალურ სახეებს.

ლიტერატურა

  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 98.
  • Чурсин Г. Ф. Талыши (этнографические заметки) // Известия Кавказского историко-археологического института в Тифлисе. Т. 4. Тифлис, 1926.
  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • В. Миллер. Осетинские этюды. II, 1881;
  • В.И. Абаев. Историко-этимологический словарь осетинского языка. т. I, М.-Л., 1958;
  • Каргинов С. Г. Похоронные обряды осетин // ТВ. 1901. № 20;
  • Уарзиати В. С. Флаг в семейной обрядности осетин // Проблемы исторической этнографии осетин. Орджоникидзе, 1988;
  • Дарчиева М. В. Вербальный код осетинского обрядового текста. Владикавказ, 2013.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები