ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა - სახელმწიფო კავკასიაში, რომელმაც შეიქმნა ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკების და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. ამიერკავკასიის რესპუბლიკამ 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე იარსება.

სარჩევი

ისტორია

ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ოსმალეთი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდა ამიერკავკასიის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები - ყარსის, არდაგანის და ბათუმის ოლქების ოსმალეთის ხელში გადასვლა. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის ჯარმა 1918 წლის მარტ-აპრილში დაიკავა ზემოაღნიშნული ტერიტორიები და ამიერკავკასიის ფარგლებში შემოიჭრა, ამიერკავკასიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობებზე წასულიყო. 1918 წლის 22 აპრილს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკების) ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სხდომამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, თუმცა ნ. ჟორდანიამ თავი შეიკავა. იმავე დღეს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი ნ. ჩხეიძის თავმჯდომარეობით. დ. ონიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რომელსაც სეიმის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. სეიმის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე სხდომამ ევ. გეგეჭკორის მთავრობის გადადგომა დაადასტურა და ახალი მთავრობის შედგენა აკ. ჩხენკელს დაავალა. 26 აპრილს სეიმმა დაამტკიცა ა. ჩხენკელის მიერ შედგენილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობა.

ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობა

აკ. ჩხენკელი - მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი - ფინანსთა მინისტრი; ხ. ბ. მელიქ-ასლანოვი - გზათა მინისტრი; ფ. ხ. ხოისკი - იუსტიციის მინისტრი; გრ. გიორგაძე - სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი; ნ. ბ. უსუბეკოვი - სახალხო განათლების მინისტრი; მ. ჰაჯინსკი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი - სასურსათო საქმეთა მინისტრი; რ. კაჩაზნუნი - სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი; ა. ერზინკიანი - შრომის მინისტრი; ი.ბ. ჰაიდაროვი - სახელმწიფო კონტროლიორი.

ამიერკავკასიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია

ამიერკავკასიის მთავრობის მომავალი საქმიანობის მიზნები და ამოცანები იმავე სხდომაზე აკ. ჩხენკელის მიერ წაკითხულ დეკლარაციაში იქნა გაცხადებული. ახალი ფედერაციული გაერთიანების წინაშე თავიდანვე დაისვა მის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა, რაც ახალ კონსტიტუციას უნდა დაერეგულირებინა. შეიქმნა ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის 24 კაციანი შემადგენლობა. ამიერკავკასიის მთავრობის რეკომენდაციით, კომისიაში 9 კაცი იქნა შეყვანილი, ხოლო 5-5 წევრის წარდგენის უფლება ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელების ეროვნულ საბჭოებს მიეცა. საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 2 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, კომისიაში შეყვანილ იქნენ: გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე, შ. მესხიშვილი, რ. არსენიძე, ი. გობეჩია. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის შექმნის საკითხს, იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წლის 9 მაისის სხდომაზე იქნა დასმული, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.

საქართველოს ეროვ-ნული საბჭოს 1918 წლის 12 მაისის სხდომაზე მოხსენება საქართველოსა და ამიერკავკასიის კონსტიტუციის პროექტის მომზადების შესახებ ს. ჯაფარიძემ წაიკითხა. მის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი (საგარეო პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ფინანსები, ფოსტა-ტელეგრაფი, განათლება, სამოქალაქო და სისხლის სამართალი, შრომის უფლებების დაცვა) უფლებები ამიერკავკასიის სეიმის პრეროგატივად რჩებოდა. ამავდროულად, უნდა შემუშავებულიყო საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კონსტიტუციები. 9 მაისს გამართულმა საქართველოს ეროვნული საბჭოს მორიგმა კრებამ დაადასტურა, რომ გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო, ძნელი იყო ცალკეული ერების ინტერესების შეთანხმება, განსაკუთრებით, ტერიტორიული გადამიჯვნა. ამიერკავკასიის ერთიანობა შეუძლებელი გახადა სამივე ერის განსხვავებულმა პოზიციამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში. აზერბაიჯანელები აშკარად პროოსმალურ ორიენტაციას ღიად აფიქსირებდნენ; თანდათან იკვეთებოდა საქართველოს პროგერმანული ორიენტაცია, მაშინ როდესაც სომხები ანტანტის ორიენტაციის ერთგულნი რჩებოდნენ. ამავდროულად, სულ უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების განწყობა საქართველოს ეროვნულ საბჭოში. ამგვარი წინააღმდეგობების ფონზე,ამიერკავკასიის ერთიანი სახელმწიფოს არსებობა სულ უფრო ფორმალური ხდებოდა. მის არსებობას საბოლოო საფუძველი გამოაცალა საქართველო-გერმანიის ფარულმა შეთანხმებამ და საქართველოს ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებამ, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა.

1918 წლის 26 მაისის 11 სთ-ზე დაიწყო ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელზეც ირ. წერეთელმა თავისი მეორე გამოსვლის დროს განაცხადა: რადგან ამიერკავკასიის მუსლიმები თურქებს ემხრობიან, ამიერკავკასია წყვეტს არსებობას, და რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დრო დადგა. უკანასკნელი რეზოლუციით, სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921, მთარგმნელი ქ. ქანთარია, თბ., 2016;
  • შ. ვადაჭკორია, ამიერკავკასიის ერთიანი დემოკრატიულ-ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის საკითხი და ქართული პოლიტიკური აზრი, თბ., 2008;
  • ა. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918- 1921 წწ.), თბ., 2001.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები