აჟვეიფშაა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ჟვეიფშაა (აფხ. Ажәеиҧшьаа) – ნადირობისა და გარეული ცხოველების მფარველი ღვთაება. აფხაზთა წარმოდგენით, აჟვეიფშაა ღრმა მოუხცია, ყრუა და ბრმა; აცვია ირმის ქურქი, ატარებს წვერებს. სიყრუის გამო აბჟუის აფხაზეთში იგი ადაგვას (აფხ. ადაგვა – ყრუ) სახელით არის ცნობილი (შდრ. ოსების წარმოდგენა ნადირთმფარველი ღვთაების, აფსათის, სიბრმავეზე). აჟვეიფშაას ღვთაებრივი ოჯახის წევრები არიან მისი ცოლი, მზეთუნახავი ქალიშვილები (ხშირად სამნი), ვაჟი იუანა და მოსამსახურე შვაქვაზი, ასევე ურიცხვი მწყემსი (აჟვეიფშაას მწყემსების, თეთრი და განსაკუთრებული ფერის ცხოველების, მოკვლა მონადირეს ეკრძალება). ზოგიერთი გადმოცემით, აჟვეიფშები შვიდნი (ძმები) არიან, ჰყავთ ერთადერთი და, რომელიც ნართი სითის ვაჟიშვილმა – ვახსითმა შეირთო ცოლად. სხვა გადმოცემით, აჟვეიფშების დედას ჰქვია რარირა (აბჟუის აფხაზთა წარმოდგენით, აჟვეიფშაას დედა არის მეფუტკრეობის მფარველი ღვთაება ანანა-გუნდა), რომელსაც ორი ვაჟი (რეირამა და რეირაშა) და ერთი ქალიშვილი (რაჰაირა) ჰყავს. ერთი სიტყვით, აჟვეიფშების ოჯახი მრავალსულიანი ოჯახია, რის გამოც ღვთაების სახელი მრავლობით რიცხვში დგას [შდრ. უაცილათა (წმ. ილიები) და უასთირაჯთა (წმ. გიორგები). როგორც ჩანს, ოსების წარმოდგენით წმ. ილიასა (უაცილი) და წმ. გიორგის (უასთირჯი) ოჯახებიც მრავალწევრიანია].

აჟვეიფშაას ოჯახი ცხოვრობს უღრან ტყეში ან მიუვალი, ციცაბო კლდის მწვერვალზე (ზოგიერთი გადმოცემით, ქარსის შვიდსართულიან კოშკში). ღვთაების მარად ახალგაზრდა ქალიშვილები ირმებს წველიან და არცთუ იშვიათად საყვარლობენ მონადირეებს, რომლებსაც დაქორწინებას უკრძალავენ. ქალიშვილები ხშირად სთხოვენ მამას, საყვარელ მონადირეებს მისცეს ნადირი, მაგრამ აჟვეიფშაა მუდამ თავისას გაიძახის: „კვლავ მას, ვისთვისაც მიმიცია!“ ღვთაებრივი ოჯახი მხოლოდ ნადირის ხორცით იკვებება; ჭამის შემდეგ ძვლებს ნადირის ტყავში ჩაყრიან, მათრახს დაჰკრავენ და გააცოცხლებენ. მხოლოდ ასე გაცოცხლებული ცხოველია მონადირის ხვედრი. ნადირი, რომელიც აჟვეიფშას არ შეუჭამია, მონადირეს არ ერგება, ვერ მოჰკლავს. ნადირთპატრონი განსაზღვრავს ნადირის რაოდენობას, რომელიც მონადირემ თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა მოჰკლას. ამიტომ მონადირეები მსხვერპლთშეწირვით ცდილობდნენ აჟვეიფშაას კეთილგანწყობის მოპოვებას. ნადირობის წინ ტყეში წინასწარშერჩეულ ადგილზე საერთო სახსრებით შეძენილ თხას ან ცხვარს დაკლავდნენ, საკმეველს დადებდნენ და აჟვეიფშაას სასურველი ნადირის მიცემას შესთხოვდნენ. ნადირის მოკვლისთანავე მსხვერპლის გულ-ღვიძლსა და თირკმლებს შეწვავდნენ და უფროსი მონადირე ღვთაების სადიდებელს იტყოდა, თან დააყოლებდა: „ო, აჟვეიფშა, ნადირთა და ტყეთა უფალო, ამ მონადირეს, რომლის მსხვერპლი გახდა ეს ცხოველი, სხვა ჯერზე უფრო მეტი მიეცი!“ შემდეგ ღვთაებისადმი მიძღვნილ სიმღერას, ე. წ. "აჟვეიფშა-არაშვას" დააგუგუნებდნენ. როცა აფხაზი ნანადირევი ხორცით ვინმეს გაუმასპინძლდებოდა, აუცილებლად ეტყოდა: „აჟვეიფშაამ დაგაპურა შენ!“

აჟვეიფშების ოჯახი საქორწინო ურთიერთობებით არის დაკავშირებული აერგის ღვთაებრივ ოჯახთან. სიმღერებსა და სხვადასხვა გადმოცემებში აჟვეიფშაას ქალიშვილები აერგის, ხოლო აერგის ქალიშვილები აჟვეიფშაას რძლებად იხსენიებიან, რაშიც ზოგიერთი ავტორი დუალურ-გვაროვნული ეგზოგამიით დაკავშირებული საზოგადოების ანარეკლს ხედავს (?). ნართულ თქმულებებში შვიდი ძმა აჟვეიფშაა სახლში აერგების სადიდებელი სიმღერით ბრუნდება, რაც, შესაძლოა, ღვთაება აერგის უპირატესობაზე მეტყველებს.

აჟვეიფშაა, ზოგიერთი წარმოდგენით, მჟავე წყლებისა და ტყის მბრძანებელიც არის. ღვთაება ლოცვის ტექსტებში არცთუ იშვიათად იხსენიება: „აბნა ინცვაჰუ აჟვეიფშაა აჰდუ“ (ტყის ღმერთი აჟვეიფშაა დიდი ბატონი). ამ თვალსაზრისით აფხაზური ნადირთმფარველის სემანტიკურ პარალელს წარმოადგენს ადიღეელების მეზითხი, რომელიც ნადირთა და ტყეთა ბატონად ითვლებოდა. აჟვეიფშასთან ტიპოლოგიურად ახლო დგას ოსურ-ბალყარულ-სვანური აფსათი და ჩეჩნური ელთა, ასევე აბაზური შვაზაფში (თაფანტოელებში) და აჟვაფში (შქაროელებში). საინტერესოა, რომ შქაროელებში სამონადირეო ენას აჟვავშიბიზხვა – „აჟვეიფშას ენა“ ეწოდება.

ტერმინ „აჟვეიფშაას“ წარმომავლობა უცნობია. არის მისი ახსნის ორი, ჩვენი აზრით, წარუმატებელი ცდა: ერთი მას რიცხვით სახელს – „თოთხმეტს“ (ჟჲიფშ) უკავშირებს, მეორე კი შიფრავს როგორც „მოდარაჯე ფრთა“ (ა-ჟჲჳა – „მხარი“, „ფრთა“ და ა-ფშვრა – „დარაჯობა“).


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.
  • Л.И. Лавров. Доисламские верования адыгов и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам религиозных веровании. М., 1959;
  • მისივე, Абазыны // Кавказский этнографический сборник. М., 1955. Вып. I;
  • Б. Гатиев. Суеверия и предрассудки у осетии //ССК. Тф., 1876. Вып. IX;
  • Ж. Дюмезил. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Д.И. Гулия. Божества охоты и охотничий язык у абхазов (К этнографии Абхазии). Сух., 1926;
  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сухуми, 1926;
  • А. Веденский. Религиозные верования абхазцев // ССК. Тф., 1871. Вып. V;
  • А. Дирр. Божества охоты и охотничий язык у кавказцев // СМОМПК. Тф., 1915. Вып. 44,;
  • Н. Патейпа. Языческие моления, совершаемые абхазцами на разные случаи жизни // СЗМ. 1919. №5;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Ш.Д. Инал-ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • Ш.Х. Салакая. Обрядовый фольклор абхазов // Фольклор и этнография. Л., 1974;
  • Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976;
  • Г.Ф. Чурсик. материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Абхазские песни. Сост. И. Кортуа и В. Ахобадзе. М., 1957;
  • Абхазская народная поэзия. Сост. Д. Гулия и Х. Бгажба. 2-е издание. Сух., 1972;
  • А.А. Аншба. Абхазский фольклор и действительность. Тб., 1982.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები