აფსათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსათი – ტერმინ Æфсати-ის დამაჯერებელი ეტიმოლოგია არ არსებობს; ძალზე საეჭვოდ გამოიყურება ნ. მარის ცდა, იგი სომხურ ასტვაცს („ღმერთი“) დაუკავშიროს. ერთი რამის თქმა შეგვიძლია: Æфсати ოსურში, ისევე როგორც ბალყარულ-ყარაჩულში, ქართული ენიდან უნდა იყოს შესული, რაზედაც ტერმინის დაბოლოება „и“ ფორმანტი (ქართული სახელობითი ბრუნვის ნიშანი) მეტყველებს.

(სვან.) – გარეული პირუტყვის მფარველი და მწყემსი; მისი ნების გარეშე მონადირის ნასროლი ისარი თუ ტყვია მიზანში ვერ მოხვდება. იგი თავად შეარჩევს ნადირს, რომელიც მონადირემ უნდა მოკლას.

(ოს. Æфсати) – გარეული ცხოველებისა (ირმების, ჯიხვების, ტახების და სხვათა) და მონადირეების (განსაკუთრებით ღარიბი მონადირეების) მფარველი ღვთაება, რომლის ეპითეტია „ფეხმარდი“. ოსების წარმოდგენით, იგი არის ირმის ტყავით შემოსილი ღრმად მოხუცი მამაკაცი გრძელი და თეთრი წვერებით; ზის მთის მწვერვალზე და იქიდან დაჰყურებს უთვალავ ნადირს, როლებსაც ოსი მონადირეები „აფსათის ჯოგს“ უწოდებენ; ჰყავს ვაჟი – ჟუჟუმარგი. მას მამის ბრძანებით მონადირეებისთვის ნადირი გამოჰყავს.

აფსათის სახელობის სპეციალური სამლოცველო ან დღესასწაული ოსებს არასოდეს ჰქონიათ. მის სახელზე ლოცულობდნენ მონადირეები, რომლებიც ნადირთპატრონს მცირე ზომის მრგვალი ფორმის სამ კვერს სწირავდნენ და ნადირის გამოგზავნას შესთხოვდნენ. თუ მონადირე აფსათის წყალობით ნადირს მოკლავდა, მას მადლობას მოახსენებდა და ნადირობიდან მობრუნებული შემხვედრ ღარიბ თანასოფლელებს სირდის (ნადირის) ხორცს აუცილებლად გაუნაწილებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნადირთმფარველი სამომავლოდ არათუ მოაკვლევინებდა ცხოველს, არამედ შორიდანაც არ დაანახვებდა.

ნართული ეპოსის მიხედვით, აფსათი, ოსებისათვის ცნობილ სხვა ღვთაებებთან ერთად, ზეცაში ცხოვრობს და ზოგჯერ „გრძელყურად“ იწოდება; მეგობრობს ნართებთან; ჰყავს ქალიშვილი, რომელიც კანძის ვაჟის – სავაისა და სათანას ასულის ქორწილს ესწრება; ფლობს ჯადოსნურ ოქროს სალამურს, რომელიც სახელგანთქმული ნართი მუსიკოსის – აცამაზის მამას – აცას უსახსოვრა (სალამური მემკვიდრეობით აცამაზს ერგო; მასზე ვირტუოზული დაკვრით გმირმა მზეთუნახავ აგუნდას გული მოინადირა). აგუნდაზე დასაქორწინებლად აფსათმა აცას ვაჟს ურვადის გადასახდელად 100 ერთწლიანი თეთრი ირემი აჩუქა.

რამდენადაც ირანული სამყაროსათვის უცხო იყო სამონადირეო კულტი, იგი ალან-ოსებში მეზობლებისაგან უნდა გავრცელებულიყო და ამდენად აფსათის თაყვანისცემა კავკასიურ სუბსტრატს უნდა წარმოადგენდეს. ამავე სახელწოდების ნადირთპატრონს და მონადირეთა მფარველ ღვთაებას იცნობენ კავკასიის ხალხები – ბალყარელები, ყარაჩაელები, ქართველები (სვანები). ღვთაება აფსათის ტიპოლოგიური პარალელებია აფხაზური აჟვეიფშა, ჩერქეზული მეზითჰი და სხვ.



ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959. Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Гаглоева З. Д. Охота в верованиях и обычаях осетин и сванов // ИЮОНИИ. 1987. Вып. XXI; Чибиров Л. А. Пантеон // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები