აცამაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აცამაზ-ი (ოს. Ацамæз) – ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟი, აცას ვაჟი. მის სახელთან არის დაკავშირებული ეპოსის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის მამისმკვლელ გოლიათთან მრავალდღიანი ორთაბრძოლა, რომელიც აცამაზის სასარგებლოდ მთავრდება. ზოგიერთ ვარიანტებში აცამაზი ებრძვის ეგვიპტის ალდარს, რომელმაც მამამისის ძმობილს, ნასრან-ალდარს ცოლი მოსტაცა. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, აცამაზი ხდება ბედნიერი საქმრო, რომელიც სახელოვანი ნართების ურუზმაგის, ხამიცის, სოსლანისა და ბათრაძის დაწუნების შემდეგ აირჩია მზეთუნახავმა ვაძაფთაუმ (ზოგი ვარიანტით, ადაძამ). აცამაზი იხსენიება ასევე ნართების მიერ გურის (ხიზის) ციხის აღების შემდგომ ნადავლის გაყოფის დროს.

აცამაზის პოპულარობა ძირითადად განპირობებულია მისი მუსიკალური ნიჭით, რაც კარგად ჩანს გმირისა და მზეთუნახავ აგუნდას სასიყვარულო ეპიზოდში. აცამაზი ფლობს ოქროს ჯადოსნურ სალამურს, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. უბადლო მომღერალი და მუსიკოსი შავი მთის მწვერვალთან სალამურზე დაკვრით მოინადირებს დანარჩენი ნართების დამწუნებლის – აგუნდას გულს. აცამაზის სალამურის ხმაზე მუდმივი თოვლიც კი დნება, ცეკვავს ნადირი და შინაური ცხოველი, მღერიან ფრინველები, ნედლდებიან გამხმარი ხეები, ჯანმრთელდებიან ავადმყოფი ადამიანები. საბოლოოდ აცამაზი ზეცის ბინადართა (ვასთირჯის, აფსათის, ნიქოლას) დახმარებით აგუნდაზე ქორწინდება.

მუსიკოს აცამაზს თავისი სიდიადით მსოფლიოს ფოლკლორისა და მითოლოგიის ისეთი გამოჩენილი სახეების გვერდით აყენებენ, როგორებიც არიან ბერძნული მითოლოგიის ორფეოსი, „კალევალას“ ვეინემეინენი, რუსული ბილინების სადკო და სხვ. თუმცა მიაჩნიათ, რომ მათგან განსხვავებით აცამაზის პერსონაჟი გვევლინება, როგორც სოლარული გმირი, რომლის ქორწინება აგუნდაზე არის ბუნების აღორძინების აქტი და, ამდენად, დაკავშირებულია გაზაფხულის მითოსთან (ვ. აბაევი). ძალზე საინტერესოდ გამოიყურება აცამაზისა და შოთა რუსთაველის პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟის – ავთანდილის სახეების შედარება, რაც ცნობილ მეცნიერს ვ. აბაევს საშუალებას აძლევს არცთუ უსაფუძვლოდ ისაუბროს პოემის ფოლკლორულ წყაროებზე. აცამაზი სიახლოვეს ავლენს როგორც ავთანდილთან, ისე პოემის მთავარ გმირთან – ტარიელთან. აცამაზის მსგავსად ავთანიდილი განსაცვიფრებელი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული გმირია, რომელიც იბრძვის ქაჯების მიერ დატყვევებული ნესტან-დარეჯანის, თავისი მეგობრის, ტარიელის, საცოლის გამოსახსნელად. თავისი ხასიათით აცამაზი ძალზე წააგავს ტარიელს: ორივენი გულფიცხები და სიყვარულის გამო ველად გაჭრილები არიან.

გმირის სახელი, როგორც ჩანს, ფართოდ იყო გავრცელებული სკვითურ-ალანურ სამყაროში. Ацамæз არის კომპოზიტი, რომლის პირველი ნაწილს (ац-) უკავშირებენ საკულტო ტერმინს уац-, ხოლო მეორეს ძველ ირანულში „დიდის“ აღმნიშვნელ სიტყვას маз (ეს უკანასკნელი ოსურს არ შემოუნახავს). ასე, რომ სახელის სრული ფორმა უნდა ყოფილიყო Уацамæз. ოსურიდან მომდინარეობს ეპიკური სახელები: ყაბარდოული „აშემეზი“, აბაძეხური „აშმეზი“, ყარაჩაული „აჩიმეზი“, „აჩემეი“.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзау-джикау, 1948;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959;
  • Сатцаев Э. Б. Нартовский эпос и иранская поэма «Шахнаме» (Схожие сюжетные мотивы). Владикавказ, 2008;
  • Гуриев Т. А. Опыт исторической интерпретации одного нартовского кадага // III Всероссийские Миллеровские Чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012;
  • Плаева З. К. Цикл Ацамаза в осетинском нартовском эпосе (в сопоставлении с другими национальными версиями «Нартиады») // IV Миллеровские чтения с международным участием. Материалы научной конференции 11-12 ноября 2014 г. Владикавказ, 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები