ჰოკეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბალახის ჰოკეი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოკეისტები, ბარელიეფი

ჰოკეი – გუნდური სპორტული თამაში ყვანჭით და მცირე ზომის ბურთით. პარტნიორები ბურთს ყვანჭებით გადასცემენ ერთმანეთს და ასე მიიწევენ მეტოქის კარისკენ. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა და საკუთარის დაცვა.

სარჩევი

ისტორია

ბალახის ჰოკეი

ჰოკეი (იგივე - ბალახის ჰოკეი) მიჩნეულია გუნდური თამაშის ერთ-ერთ უძველეს ნაირსახეობად. სხვადასხვა ფორმით და სახელწოდებით არსებობდა ეგვიპტეში, სპარსეთში, საბერძნეთში, რომში; მოგვიანებით ევროპაში და ამერიკის კონტინენტზე გავრცელდა. ბურთის ყვანჭით თამაშის კვეალჰოკს ძვ.წ. VI საუკუნეში მივყავართ, თანამედროვე სახით კი განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე. ბალახის ჰოკეის პირველი სპორტული კლუბი შეიქმნა 1861 წელს ლონდონში. 1876 წელს დაფუძნდა ლონდონის ჰოკეის ასოციაცია, რომელმაც შემდგომში შეიმუშავა და გამოაქვეყნა თამაშის ერთიანი წესები. XIX საუკუნის მიწურულს ჰოკეი გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, შემდეგ – აზიასა და აფრიკაში. 1900 წელს ჩამოყალიბდა ჰოკეის საერთაშორისო საბჭო, რომელმაც ითავა შეჯიბრებათა მოწყობა, თამაშის წესების დახვეწა. პარალელურად იქმნებოდა ეროვნული ფედერაციები, ასოციაციები და კლუბები. დღეისათვის ჰოკეი ყველა კონტინენტზეა განვითარებული, თუმცა პოპულარობით ჩამორჩება სხვა სათამაშო სახეობებს. 1908 წლიდან მოყოლებული, გარდა 1912 და 1924 წლებისა, ჰოკეი ყველა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა.

ჰოკეი საქართველოში

1984 წლის ოლიმპიური თამაშები

ჰოკეის (იგივე ბალახის ჰოკეი) მსგავსი თამაშობანი – ოროლა და აკუნობა – საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული. ოროლას მეტწილად კახეთსა და სამეგრელოში მისდევდნენ, აკუნობას – დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით – გურიასა და იმერეთში. ოროლას მოედანი დაახლოებით ბალახის ჰოკეის ზომისა იყო, თამაშობდნენ თხილის ან მუხის ტოტისგან დამზადებული ყვანჭებით, კარის მაგივრობას სწევდა ორმო. აკუნობისთვის განკუთვნილი მოედნის სიგრძე 500 მეტრს აღწევდა, კარის ნაცვლად კი მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. ამ თამაშობებს მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე მისდევდნენ.

თანამედროვე ჰოკეის პირველი გუნდი შეიქმნა ქუთაისში 1973 წლის 3 დეკემბერს, სპორტსაზოგადოება „ლოკომოტივის“ ბაზაზე. ამ საქმის თაოსანი იყო თეიმურაზ არჩაია, მხარდამჭერი – ნოდარ ზივზივაძე (სპორტკლუბ „თბომავალის“ თავმჯდომარე). მომდევნო წელს სასწავლო ჯგუფები გაიხსნა თბილისსა და ბათუმში, 1974 წელსვე გაიმართა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება. ჩემპიონობა ბათუმის „განთიადმა“ მოიპოვა, თასი – ქუთაისის „ლოკომოტივმა“. იმავე წელს ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს ერევნისა და ბაქოს ტურნირები და საკავშირო ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი შეჯიბრება. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ აგრეთვე ბათუმისა და თბილისის არმიის სპორტკლუბის გუნდები. ქალთა პირველი ჯგუფები გაიხსნა 1979 წელს, საკავშირო I ლიგაში 2 წელი თამაშობდა ბათუმის „განთიადის“ (მწვრთნელი ზურაბ მჟავია) ქალთა გუნდი, შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ქუთაისის „ფეიქარმა“ (მწვრთნელი ავთანდილ თევდორაძე). ქუთაისელმა გოგონებმა 1988 წელს გაიმარჯვეს საკავშირო ახალგაზრდულ პირველობაში. ჰოკეის გუნდები შეიქმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. 1985 წელს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 1992 წელს ქუთაისშივე გაიხსნა ჰოკეის პირველი სპეციალიზებული სკოლა, რომლის სასწავლო ჯგუფები ამოქმედდა წყალტუბოსა და სამტრედიაში. სხვადასხვა წლებში საქართველოს ჰოკეისტებს წარმატებით უასპარეზიათ პოლონეთის, ესპანეთის, ავსტრიის, ირანის საერთაშორისო ტურნირებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებებში. ბოლო წლებში საქართველოს ჰოკეის ფედერაციის (პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე) თაოსნობით გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ჰოკეის შემდგომი განვითარებისათვის.

წესები

უდხამ სინგხი

ჰოკეის ოფიციალური მატჩები იმართება ბალახისსაფარიან მინდორზე, რომლის ზომებია 91,5 X 55 მ. სწორკუთხა მოედანი შემოსაზღვრულია თეთრი ფერის გვერდითი და პირითი ხაზებით, შუა ხაზით კი გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მოედნის თითოეული ნახევარი, თავის მხრივ, 22,87-მეტრიანი, ანუ კარის ხაზით ასევე ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პირითი ხაზების შუაში მაგრდება ბადიანი კარი, რომლის სიგანეა 3, 66 მ, სიმაღლე – 2, 14 მ. პენალტის ნიშნული კარიდან 6,4 მეტრით არის დაშორებული. კარის წინ შემოსაზღვრული დარტყმის ნახევარწრის რადიუსია 14, 63 მ.

ჰოკეის თამაშობენ ყვანჭით, რომლის ქვედა ნაწილიც ხისგან მზადდება. ყვანჭი 340-795 გრამს იწონის. ბურთი, ჩვეულებრივ, თეთრი ფერისაა. მისი წონაა 156-163 გ, დიამეტრი – 7,13-7,5 სმ. ბალახის ჰოკეისტის აუცილებელი ეკიპირებაა: მაისური, შორტი (ქალებისთვის – მოკლე ქვედატანი), გეტრი, ფეხსაცმელი; მეკარისთვის: ნიღაბი, ხელთათმანი, საწვივე, სპეციალური ფეხსაცმელი, ჩაფხუტი და საიდაყვე.

თითოეულ გუნდში, მეკარის ჩათვლით, 11-11 ჰოკეისტია. მთელი მატჩის განმავლობაში ნებადართულია 3 მოთამაშის გამოცვლა. მოთამაშეები ბურთს მხოლოდ ყვანჭებით ეხებიან. გამონაკლისია მეკარე, რომელსაც უფლება აქვს დარტყმის ნახევარწრის ფარგლებში ბურთი მოიგერიოს ხელითაც და ფეხითაც.

მატჩს უძღვება 2 მსაჯი. თითოეული მათგანი თამაშს თვალს ადევნებს მოედნის საკუთარ ნახევარზე და ნიშანს სასტვენით იძლევა. ბურთი გატანილად ითვლება მაშინ, თუ მთლიანად გადაკვეთს ძელებითა და ხარიხით მონიშნულ კარის ხაზს (სიბრტყეს). იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჰოკეისტი კარის ხაზიდან – 22, 87 მეტრიდან ან უფრო შორი მანძილიდან ბურთს პირით ხაზს უნებლიედ გადააცილებს, ინიშნება კუთხური; თუ დაცვაზე გადასული გუნდის რომელიმე მოთამაშე იმავე ხაზს იქით ბურთს განგებ გადაუშვებს ან დარტყმის ზონაში წესს დაარღვევს (თუკი ამ დარღვევისთვის პენალტი არ არის დაწესებული), ნიშნავენ საჯარიმო კუთხურ დარტყმას. საჯარიმო კუთხურს ურტყამენ პირითი ხაზის ნებისმიერი ადგილიდან, მაგრამ მანძილი კარის ძელიდან 9,1 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ დროს მოიერიშე გუნდის დანარჩენი მოთამაშეები დარტყმის ნახევარწრის ფარგლებს გარეთ უნდა იყვნენ. მათი მოწინააღმდეგე გუნდის 5 მოთამაშეს (არაუმეტეს) შეუძლია საკუთარი მოედნის პირით ხაზს უკან იდგეს, დანარჩენი წევრები კი ცენტრალური ხაზის უკან უნდა განლაგდნენ. მეკარეს უფლება არა აქვს დატოვოს კარის ხაზი ან დარტყმამდე ადგილიდან ფეხი მოიცვალოს. ჰოკეისტი თამაშგარე მდგომარეობაში (ოფსაიდში) ითვლება მაშინ, როცა მოწინააღმდეგის მოედნის ნახევარზეა, ამასთან, კარის ხაზსა და მას შორის ორი მეტოქე მაინც დგას, ბურთს კი ამ ხაზს იქით მყოფი მისივე თანაგუნდელი ფლობს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები