ბრუნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრუნება – სახელთა ფორმაცვალება, რომლის დროსაც იცვლება სიტყვის მხოლოდ გრამატიკული მნიშვნელობა, ლექსიკური მნიშვნელობა კი უცვლელი რჩება.

ბრუნება ხდება ბრუნვათა მიხედვით. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გამოყოფენ 7 ძირითად ბრუნვას, ესენია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი. მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. ბრუნვის ფორმათა სისტემა ქმნის პარადიგმას. პარადიგმის წევრებს შორის ურთიერთმიმართების სახე განსაზღვრავს პარადიგმის მორფოლოგიურ ტიპს.

ქართულში ბრუნვის ნიშნებსა და ფუძეში მიმდინარე ცვლილებები ფონეტიკური ხასიათისაა. ტრადიციულად წარმოდგენილი ბრუნების ტიპების კლასიფიკაციაც ემყარება არა მორფოლოგიურ, არამედ ფონოლოგიურ კრიტერიუმს. სახელთა ბრუნება როგორც მორფოლოგიური პროცესი, ქართულში ერთია (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა). ამდენად, ბგერით ცვლილებათა გამო მიღებული სახეობების მორფოლოგიურ ტიპებად მიჩნევა მიზანშეუწონელი ჩანს.

ბრუნების მორფოლოგიური პრინციპის მიხედვით, სახელი ორგვარია: სუბსტანტივი და ატრიბუტივი. სუბსტანტივი ცალკე მდგომი სახელია, რომელსაც 7-წევრიანი (სრული) ბრუნების პარადიგმა აქვს. სუბსტანტივთა ბრუნების პროცესში ფონოლოგიური სახეობის მიხედვით აჯგუფებენ ბოლოხმოვნიან და ბოლოთანხმოვნიან სახელებს: ბოლოხმოვნიანი სახელები, თავის მხრივ, ფუძეუკვეცელი ან ფუძეკვეცადია. თანხმოვანფუძიანი სახელებიც, ფუძის ფონეტიკური ცვლის მიხედვით, ფუძეუკუმშველი ან ფუძეკუმშვადია. ქართულში გვაქეს კუმშვად-კვეცადი სახელებიც (ა. მანიძე, არნ. ჩიქობავა).

ატრიბუტივის (მსაზღვრელი სახელის) ბრუნების პარადიგმა, როდესაც მსაზღვრელი საზღვრულის წინ არის დასმული. რიგი თავისებურებებით გამოირჩევა: 1 თანხმოვანფუძიანი ატრიბუტივი წინადადებაში გვხვდება: ა) უნიშნოდ (ემთხვევა ფუძეს): „მაღალ სახლ-ს“, „მაღალ სახლ-ად“; ბ) -ი სუფიქსიანი ფორმით: „მაღალ-ი სახლი“, „მაღალ-ი სახლ-ის“, „მაღალ-ი სახლით“ გ) -მა სუფიქსიანი ფორმით: „მაღალ-მა სახლ-მა“; დ) -ო სუფიქსიანი ფორმით: „მაღალ-ო სახლ-ო“. 2. ხმოვანფუძიანი მსაზღვრელი უბრუნველია და ყველა ბრუნვაში სახელის ფუძეს ემთხვევა: „კოხტა მდელო“, „კოსტა მდე-ლო-მ“: „კოსტა მდელო-ს“

ბრუვათა სისტემების ანალიზისას, მორფოლოგიურ ნიშანზე დაყრდნობით, გამოიყოფა კერძო სისტემები, რომლებიც რამდენიმე ჯგუფში ერთიანდებიან (ჰ. ფოგტი): 1. საკუთარი სახელები (ოთხბრუნვიანი პარადიგმით); 2. ჩვენებითი ნაცვალსახელები (ფუძემონაცვლეობის პრინციპი); 3. რა ნაცვალსახელი; 4. ვინ ნაცვალსახელი; 5. პირის ნაცვალსახელები და ა. შ. ამ კერძო შემთხვევებში არსებითია ის, რომ ყველგან ბუნების ნაკლული პარადიგმა გვაქვს – აკლია ესა თუ ის ბრუნვა, რომელთა კომპენსაციასაც ან ამავე პარადიგმის წევრის საშუალებით ახდენს (ვინ ნაცვალსახელი ითავსებს სახელობითისა და მოთხრობითის ფუნქციებს), ანდა სხვა პარადიგმიდან სესხულობს (ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემიდან –ეს (ის) იგი ერთეულებს მესამე პირის ნაცვალსახელის ნომინატივის ფუნქციით, ჩემ- კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფუძეს პირველი პირის ნაცვალსახელის ნათ. ბრუნვის გადმოსაცემად და სხვ). ყველა ეს კერძოობითი პარადიგმები ქმნიან ბრუნების III ტიპს (ნაკლული პარადიგმის მქონე სახელთა ჯგუფს).

ცალკე უნდა გამოიყოს ზმნის ატრიბუტივთა (ზმნისართთა) ბრუნება, რომელიც ასევე ნაკლული პარადიგმითაა წარმოდგენილი.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები